(ქა) – რთული სკოლის ხარისხი ?!

ფართოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად,  მოსწავლეთა მსგავსი კონტიგენტის პირობებში, სხვადასხვა სკოლა სხვადასხვა დონის წარმატებას აღწევს. ესეიგი ამ სკოლების ხარისხი  განსხვავებულია. წარმოსახვითი ინფორმაციის საფუძველზე კი მშობლები თავიანთი შვილებისათვის კონკრეტულ სკოლებს არჩევენ. ეს სკოლები კი არის ეფექტური, მაგრამ არა ხარისხიანი.

ერთი ცალკე აღებული კრიტერიუმით, როგორიცაა მაგალითად, მოსწავლის აკადემიური მოსწრება ან სკოლის საქმიანობის საერთო შედეგი, სკოლის ხარისხის სრულად ასახვა შეუძლებელია. ამიტომ მნიშვნელობა ენიჭება ხარისხის ყველაზე შესაფერისი და წარმომადგენლობითი ხასიათის ცვლადის შერჩევას. სკოლის ხარისხი უნდა შეფასდეს სტრუქტურულად, ცალკეული ფაზების მიხედვით. მაგალითისთვის გამოვყოთ სამი ფაზა : 1) სკოლის საქმიანობის შედეგი :  ⇒ აკადემიური მოსწრება ⇒ სამუშაოთი დაკმაყოფილების დონე ⇒ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთდამოკიდებულება ⇒  მასწავლებელთა მიერ გაცდენილი საათების რაოდენობა…. 2) სკოლის სტრუქტურა და პროცესები :  ⇒ ორგანიზაციული და ინდივიდუალური კულტურის შეთანხმება  ⇒ მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოტივაციის დონე  ⇒ სასწავლო ტექნოლოგიების გამოყენება  ⇒ ლიდერობის ხარისხი  ⇒  სწავლების მეთოდების რელევანტურობა. 3) საწყისი დანახარჯი/ადამიანური და ფინანსური რესურსი :  ⇒ მასწავლებლის/ადმინისტრაციის პროფესიული უნარ-ჩვევები ⇒ მშობლების მხარდაჭერა ⇒ ბიბლიოთეკის აღჭურვის დონე ⇒ ტექნოლოგიების რაოდენობა. ეს არის ის საწყისი და პრაქტიკული კრიტერიუმები, რომელთა გაზომვა შეიძლება .

ზოგადად მიიჩნევენ, რომ სკოლის ხარისხის განსასაზღვრად, ყველაზე სრულყოფილი მიდგომა არის სკოლის შედეგის გაზომვა.  რას ნიშნავს სკოლის შედეგი ? სკოლის საქმიანობის შედეგს, ვზომავთ სამი ძირითადი კრიტერიუმით – 1) აკადემიური მოსწრება; 2) სამუშაოთი დაკმაყოფილების დონე; 3) სკოლის ეფექტიანობის საერთო აღქმა.

აკადემიური მოსწრება 

მიუხედავად იმისა, რომ სკოლების ხარისხს უფრო ხშირად შეისწავლის რაციონალური და არა თეორიული მოსაზრებები, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად. ეს არის ის ინდიკატორი, რომლის მიმართება თუ რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ცოტა რთული განსასაზღვრია. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვა, რთულია იმის გაგება თუ რაზეა  დამოკიდებული მოსწავლეთა აკადემიური მაჩვენებლები.  ზოგადად სკოლები ყოველთვის  მდგრადი ეფექტიანი ორგანიზაციები არ არიან, ვინაიდან არ არსებობს მტკიცე და თანმიმდევრული კავშირი სკოლის რესურსების ცვალებადობასთან და აკადემიური მოსწრების მაჩვენებლების ცვლილებებს შორის. მასწავლებელთა და მოსწავლეთა რაოდენობრივი თანაფარდობა, მასწავლებლის მომზადების დონე, მასწავლებლის მოტივაცია, მასწავლებლის ხელფასი, გამოცდილება, ერთ მოსწავლეზე გაწეული დანახარჯები, ადმინისტრაციული დანახარჯები და სკოლის აღჭურვილობა – ეს ფაქტორები ყოველთვის არ განსაზღვრავს მოსწავლის აკადემიური მაჩვენებლის  ინდექსს.

ის რაც განსაზღვრავს ყოველთვის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების დონეს  არის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლები. ოჯახის გარემოს მახასიათებლებია : კვება, სტრესი, ფიზიკური გარემო, მშობლების განწყობა, მშობლების განათლება და ა.შ. ამიტომ, როგორც ზემოთ ვახსენეთ სკოლები არ არიან მდგრადი ეფექტური ორგანიზაციები, მხოლოდ  მათ მიერ გაწეულ დანახარჯზე არ არის დამოკიდებული მოსწავლის აკადემიური მაჩვენებელი,  შესაბამისად რთული ხდება  სკოლის ხარისხის უარყოფითი შედეგი დავაბრალოთ მხოლოდ სკოლის საქმიანობას.

თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ  სკოლა  ჩაითვლება “ხარისხიანად”, როცა წარმატებას მოსწავლის აკადემიური მოსწრებით მიაღწევს და მნიშვნელობა არ ექნება,  ამ მოსწავლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვა მოსწავლე სწავლის მხრივ იმაზე მეტს მიაღწევს, ვიდრე ეს მისი საწყისი სოციო-ეკონომიკური მახასიათებლებიდან იქნებოდა ნავარაუდები.

სამუშაოთი დაკმაყოფილების დონე 

რატომ გახდა სამუშაოთი დაკმაყოფილების დონე დღესაც ინტერესის საგანი ? გარკვეული გაგებით სამუშაოთი დაკმაყოფილების დონე თანამშრომლებთან კარგი მოპყრობის ინდიკატორიც არის. მასწავლებლების სამუშაოთი დაკმაყოფილების ხარისხის სხვაობა, კონკრეტულ სკოლაში პოტენციური პრობლემის პროგნოზირების საშუალებადაც შეიძლება გამოვიყენოთ.

სამუშაოთი დაკმაყოფილება ნიშნავს ადამიანის მიერ საკუთარი სამუშაოს მოწონების ხარისხს. მაგრამ რა ახდენს გავლენას  ამ ინდიკატორზე ?  1) ორგანიზაციის მახასიათებლები – ცენტრალიზაცია, პროფესიონალიზმი, ხელმძღვანელობის ხარისხი, უკუკავშირი, კულტურა, კომუნიკაცია. 2) დაკისრებული სამუშაოს მახასიათებლები – დამოუკიდებლობის ხარისხი, ხელფასი, შეღავათები/მორალური, სამუშაოს მნიშვნელობა და სირთულე, მრავალფეროვნება. 3) მომუშავის პირადი მახასიათებლები – ასაკი, სქესი, განათლების დონე, მოტივაცია, უნარი, განწყობა. 4) საკუთარი როლის გაურკვევლობა, კონფლიქტი. 5) ასევე ძლიერი კორელაციაა მასწავლებლის სამუშაოთი დაკმაყოფილების ხარისხსა და ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა, ინფორმირებულობა, დირექტორთან ჰორიზონტალური  ურთიერთობა.

სკოლის ეფექტიანობის საერთო აღქმა 

სკოლის ეფექტიანობის საერთო აღქმაში განიხილება, სკოლის “პროდუქტრის” ხარისხი, ადაპტაციის უნარი და ელასტიურობა. რა არის სკოლის პროდუქტი, რომელსაც გარე დამკვირვებელი შედარებით კრიტიკულად  აფასებს ?  – 1) გაკვეთილი; 2) საზოგადოებრივი პროექტი; 3) სწავლების სტილი; 4) კომუნიკაცია მშობლებთან; 5) მოსწავლის ფიზიკური განვითარება; 6) ხელოვნების პროგრამები; 7) საკლასო/კლასგარეშე აქტივობები და  –   ა.შ.

ფართოდ გავრცელებული  განმარტების თანახმად, სკოლის ხარისხი აჩვენებს თუ რამდენად აკმაყოფილებს ან აჭარბებს, ეს ორგანიზაცია მომხმარებლის მოლოდინს, პირველადი მომხმარებელი არის მოსწავლე.  (ყოველშემთხვევაში მოსწავლე უნდა იყოს). რეალურად სკოლის ხარისხის გასაზომად უნდა გაიზომოს მისი ყველა კომპონენტი და არა მხოლოდ შედეგები ან დანახარჯები.

რეკომენდაცია : 

  1. დაბალი კვალიფიკაციის სამუშაო ძალის შენახვა უვადოდ, აფერხებს ხარისხის გაზრდას.
  2. როცა თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან შესაბამისი ტექნოლოგიებით, მეთოდოლოგიით, საჭირო ტრენინგებით, იწყებენ ზრუნვას სამუშაოს ხარისხზე.
  3. მაღალი ხარისხის კურიკულუმის შემუშავებისთვის აუცილებელია ადმინისტრატორის და მასწავლებლის ერთობლივი თანამშრომლობა.
  4. ანგარიშვალდებულებების შეზღუდვა, ამცირებს იმ ადგილზე ხარისხის ინდექს.
  5. თავისუფალი და უსაფრთხო დაფინანსება.
  6. სკოლის ადმინისტრატორის და მასწავლებლის საქმიანობა მოიცავს მოსწავლეების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და ამ ინფორმაციის გამოყენებას სასწავლო პროგრამების მოდიფიცირების მიზნით.
  7. შედეგებზე ორიენტირებული მართვა ზღუდავს ხარისხის  განვითარებას.
  8. პროცესზე ორიენტიტრბული მართვა ხელს უწყობს ხარისხის განვითარებას.
  9. თითოეული თანამშრომლის ჩაბმა ორგანიზაციის  ტრანსფორმირების პროცესში.
  10. სკოლა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ნაკლებად არის ორიენტირებული ხარისხის ზრდაზე. (მაგ: ქართული სკოლა).

სახელმწიფო  “პარტიული პოლიტიკა” (და არა განათლების პოლიტიკა), არის იმ მიზეზთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც სკოლას უცვლის ფუნქციას და ორგანიზაციის მთავარი მიზანი ხდება, არა ხარისხის ზრდაზე ზრუნვა, არამედ  სახელმწიფო პარტიული პოლიტიკის წარმოება/ფორმულირება. “Policy making/formulation” !