გიორგი ლომოური – ბრაუნშვაიგი – განათლების პოლიტიკის დოკუმენტი 2017 !

თარგმანი : გ. ლომოური

ბრაუნშვაიგი  –  განათლების სამეცნიერო საბჭო

გერმანული განათლების სისტემის განვითარების პერსპექტივა – 2013 -2017

გერმანიის მდგრადი განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული განათლების სისტემის გამართულ სტრუქტურაზე. სისტემის გამართული სტრუქტურა თავისმხრივ პირდაპირ კავშირშია, სამეცნიერო კვლევების მასშტაბურობაზე და  ტექნოლოგიური რესურსების ათვისებაზე, რაც  განსაზღვრავს – ხშირად შეუმჩნევლად – ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ რუტინას. გერმანიის განვითარება დღეს უფრო მეტად არის დამოკიდებული ვიდრე როდესმე ყოფილა, საერთაშორისო თანამეგობრობის იმპულსებზე. მაქსიმალური გახსნილობა, მაქსიმალური მიმღებლობა, ინტერესი სხვადასხვა ენებისადმი, კულტურებისადმი, ეს ის საფუძველია, რომელიც ხელს უწყობს პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და ინტერკულტურული გარემოს ფორმირებას.

გარკვეულწილად ჩვენ ამ პოლიტიკით უზრუნველვყოფთ ინვესტიციების მოზიდვას საგანმანათლებლო სფეროში, რადგან ამ დარგის განვითარება ვაქციეთ  ყველა სუბიექტის ინტერესად. ბოლო ათი წლის განმავლობაში საგრძნობლად განიცადა პროგრესი განათლების სისტემამ გერმანიის სხვადასხვა ბუნდესლანდებში. სხვადასხვა ფედერალური ოლქების ადგილობრივი თვითმმართველობები ძალას არ იშურებენ იმისთვის, რომ დააფინანსონ და სუბსიდიები გამოუყონ, საგანმანათლებლო პროექტებს, ინოვაციებს, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებს.

ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ხდება იმის ფონზე, რომ განათლების ადგილობრივი საბჭოები განიხილავენ მათი სამოქმედო რესურსების  ეფექტიანობას და შესაძლო სამოქმედო რესურსების ამოქმედებას, რაც უმეტესწილად ორიენტირებულია  იმ დეფიციტების აღმოსაფხვრელად, რომელიც ხელს უშლის განათლების სისტემის მდგრადი განვითარების პერსპექტივას.

მოკლე მიმოხილვა

ფედერალური ოლქის სამეცნიერო საბჭოს აქვს ხედვები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს გერმანული განათლების სისტემა შემდეგი 10 -15 წლის განმავლობაში. მათ ჩამოაყალიბეს ძირითადი იდეები, რამაც მომავალში ხელი უნდა შეუწყოს ძლიერი, და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას :

  • განათლების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს მრავალფეროვან მომსახურებას. სამეცნიერო კვლევები, სწავლება, ცოდნის პრაქტიკული ტრანსფერი, ინფრასტუქტურული უზრუნველყოფა, ეს ყოველივე თანაბრად უნდა იქნას განხილული და შეფასებული პოლიტიკის დონეზე, რადგან მიზეზშედეგობრივ კავშირს ატარებენ.
  • დაფინანსება – განათლების სისტემის კარგად ფუნქციონირებას, პირველ რიგში ხელს უწყობს მძლავრი და თავისუფალი დაფინანსება, ასევე გამართული და მობილური საკანონმდებლო ჩარჩო. ეს არის ის მხარდაჭერა, რომელიც უბიძგებს მეცნიერს და მსწავლელს თავისუფალი აქტიური ქმედებისკენ.
  • ამოსავალი მიზანია, რომ სახელმწიფო მმართველობამ და ადგილობრივმა ფედერალურმა თვითმმართველობამ უზრუველყოს თავისუფალი და უსაფრთხო დაფინანსება, უნდა დაისახოს მტკიცე სამომავლო „მდგრადი და ურყევი გეგმა“.

ამ იდეების პრაქტიკაში განსახორციელებლად მნიშვნელოვანია  სამოქმედო სტრატეგიული გეგმების დასახვა. სამეცნიერო საბჭოს  მიზანია, რომ მათ დააკმაყოფილონ საზოგადოების ფართო სპექტრის მრავალფეროვანი და რთული მოთხოვნები, –  „ეს ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა, მათ დაგვიქირავეს , შესაბამისად მათ დაგვიკვეთეს“.

განათლების სამეცნიერო საბჭო : – უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენი განათლების სისტემა საერთაშორისო გამოწვევებს ადეკვატურად ვეღარ პასუხობს, ამის გარე მიზეზები არის გართულებული დემოგრაფიული ცვლილებები, გლობალიზაციის გამოწვევები, სამეცნიერო ნოვატორული მიღწევები, გამძაფრებული საერთაშორისო კონკურენცია და ა.შ.  ჩვენი მიზანია, რომ გვქონდეს მრავალმხრივი ხარისხიანი  სამეცნიერო განათლების სისტემა, ამას ვერ მივაღწევთ, თუ ჯერ არ ჩავატარებთ ადეკვატურ, პროფესიონალურ ექსპერტიზას.

ამ მიზნების განსახორცელებლად, სამეცნიერო საბჭომ შეიმუშავა განათლების სისტემის განვითარების სამომავლო პერსპექტივა, მრავალფეროვანი მიდგომებითა და რაც მთავარია დიფერენცირებული პოლიტიკით. რომლის მთავარი ბირთვი არის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა.

წინარე რეკომენდაციები :

  • განათლების სისტემამ უნდა განავითაროს თავისი საკოეფიციენტო მაჩვენებელი, უნდა გაიზარდოს მოსწავლეების რაოდენობა, განათლება ხელმისაწვდომი უნდა გახდეს უფრო მეტი ინდივიდისთვის, ჩვენ ვალდებულები ვართ ასაკის მიუხედავად ყველა ჩავრთოთ ან ხელახლა მივიღოთ სისტემაში, უნდა  გავაუმჯობესოთ და შევქმნათ ინდივიდუალური სასწავლო გეგმები. ეს ჯერაც დეფიციტია.
  • მსწავლელის მომსახურება უნდა გაუმჯობესდეს – ამისთვის აუცილებელია უფრო კვალიფიციური განათლების მქონე პერსონალი. პროფესიონალი აკადემიური პერსონალი უნდა გვყავდეს ყველგან და არა მხოლოდ  საუნივერსიტეტო სივრცეში !
  • უნდა გავითვალისწინოთ, რომ საბაზრო გარემო არ გვთხოვს რომ ყველა სტუდენტი იყოს ერთნაირად მაღალი კვალიფიკაციის,  ისინი  ითხოვენ უბრალოდ განსხვავებულ კვალიფიკაციებს პროფესიების მიხედვით. ბაზარს სჭირდება განსხვავებული პროფესიები და არა ერთი პროფესიის 1000 კარგი სტუდენტი. უნდა შემოვიღოთ ახალი, ინოვაციური პროფესიები, შესაბამისად ახალი სასწავლო მოდელები და მეთოდები. ეს მხარს დაუჭერს დუალური სასწავლო პოლიტიკის განვითარებას, პროფესიული და აკადემიური პროფესიების თანაბარ საჭიროებას.
  • უნდა განვითარდეს ჰორიზონტალური დიფერენცირებული სასკოლო სისტემები, ხელი უნდა შევუწყოთ უფრო მეტად აქტიური გახდეს საერთაშორისო გაცვლითი სასკოლო პროგრამები.
  • ყურადღება უნდა მიექცეს აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას, უნდა შეიქმნას ადეკვატური ანაზღაურების პროგრამა, რომელიც გაითვალისწინებს მათი მუშაობის ინდიკატორს და არა მხოლოდ გამოცდილების წლებს. კარიერული ზრდის გზაზე, მნიშვნელოვანია მათი პროფესიული ზრდა, როგორც სკოლებში ასევე უნივერსიტეტებში. უნივერსიტეტებმა და სკოლებმა უნდა შეძლონ ჩამოაყალიბონ დიფერენცირებული სამოქმედო გეგმა, რომელიც აკადემიურ პერსონალს შესთავაზებს პროფესიული განვითარების საშუალებებს.

განათლება  21- ე საუკუნეში

განათლების პოლიტიკის ძირითადი საკვლევი თეზისი არის ის, რომ აღიაროს არსებული დეფიციტები და განიხილოს ახალი რაციონალური ხედვები. ძნელია ამის პრაქტიკაში იმპლემენტაცია, რადგან ნებისმიერი სისტემა მიდრეკილია არსებულის შენარჩუნებისკენ და ის ატარებს ხშირად გამოკვეთილ კონსერვატორულ ხასიათს. ჩვენი მიზანია, რომ  განვითარდეთ საერთაშორისო კრიტერიუმებთან მიმართებაში.

 

გლობალიზაცია

დღემდე პოპულარული იყო ეროვნული, ნაციონალური განათლების სისტემები და პროგრამები, მაგრამ გლობალიზაციის როლის უგულებელყოფამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ჩვენ უკვე ვეღარ ვაკმაყოფილებთ საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნილებებს. ეროვნული განათლების პროგრამები უნდა მოდიფიცირდეს საერთაშორი განათლების პროგრამებად, ამ მარათონში სხვანაირად პროგრესს ვერ მივაღწევთ. დღეს ჩვენ თუ მაქსიმალურად არ გამოვიყენებთ თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებებს, ჩვენი აკადემიური პერსონალი დროთა განმავლობაში დაკარგავს მობილურობას. მათ ორიენტაცია უნდა გაიკვლიონ საერთაშორისო ასპარეზზე და არა მხოლოდ ლოკალურ მასშტაბებზე. კითხვა თუ რამდენად შეუძლია დღეს გერმანიას, ამ საერთაშორი ასპარეზზე კონკურენციის გაწევა დამოკიდებული გახდა იმაზე თუ, რამდენად არის შესაბამისი  ჩვენი ფედერალური ოლქების ეროვნული სისტემები საერთაშორიო სტანდართებთან. თანამედროვე სიმულაციური მეთოდოლოგიების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცოდნის, იდეების, შეხედულებების გაცვლას გლობალური გამოცდილების გათვალისწინებით. დღეს გვიყენებენ ასეთ მოთხოვნას, რომ დროის მოკლე პერიოდში ვაწარმოოთ დიდი რაოდენობის ცოდნა, ეს ძნელია მაგრამ არა შეუძლებელი, ამაში უნდა დავიხმაროთ თანამედროვე ტექნოლოგიები. მხარდაჭერას ვისგანაც ვითხოვთ ეს არის პოლიტიკის დამგეგმავების სწორი ორიენტირები და რაც მთავარია გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი ინტერვენციები. რაც ამ პროცესს აფერხებს ეს არის მოკლევადიანი საფინანსო პოლიტიკა და მოკლე ვადიანი სტრატეგიული გეგმები. დღეს უნდა დავგეგმოთ  თუ რა საჭიროებები დაგვიდგება 10 წლის შემდეგ. ჩვენ იმასაც ვითვალისწინებთ, რომ სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესი, მოიცავს რთულ და კომლექსური პრობლემების მოგვარებას. ამ პრობლემების მოგვარებაში, საკვანძო როლს თამაშობს საზოგადოებრივი ქვესისტემების აქტიური ინტერესი და მოლოდინები, არ უნდა შევიქმნათ იმის ილუზია, რომ რეფორმების განხორციელების შემდეგ თუკი არადამაკმაყოფილებელი შედეგები მივიღეთ, პასუხისმგებლები ვიქნებით მხოლოდ სამეცნიერო, აკადემიური წრის ელექტორატთან, არამედ ყველასთა, საზოგადოების ყველა ქვესისტემასთან. უაღესად რთული და ამავე დროს საპასუხისმგებლოა, როცა დამკვეთი არის „დიდი საზოგადოებრივი ოჯახი“, აი სწორედ ამიტომ ვარიდებთ ხოლმე თავს, მათ ჩართვას ამ პროცესებში. ხარისხი, რომლის მიღებასაც ითხოვს საზოგადეობა არის რადიკალურად დაუბალანსებელი და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოც, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ მოვუსმინოთ და ყველა კითხვაზე არგუმენტირებული მსჯელობა წარვმართოთ. განათლების სისტემა მაქსიმალურად უნდა რეაგირებდეს საზოგადოების მოთხოვნებზე – პირველ რიგში სწორად უნდა მოხდეს პრობლემების წარმოჩინება/აქტუალიზება, და შემდეგ მათი ანალიტიკური განხილვა.  აუცილებელია შევძლოთ პრობლემის გადაჭრის გზის ძიება, რა თქმა უნდა თუ ეს საკითხი საბოლოო ჯამში პრობლემად იქნა მიჩნეული.

საგანმანათლებლო პოლიტიკის პრიორიტეტები მთავარი მიზნის მიღწევის დროს უნდა იყოს, მდგრადი, ინტერნაციონალური, მომავალზე გათვლილი სტრატეგიული გეგმის ფორმირება, რომელიც დაფუძნებული იქნება თავისუფალ, უსაფრთხო, მზარდ დაფინასებაზე. …

 

სკოლა

სკოლა არის საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილი, სადაც წარმოდგენილია  ფართო სამეცნიერო დისციპლინარული სპექტრი და ამავდროულად კულტურული მრავალფეროვნება. სკოლის განვითარება პირდაპირ კავშირშია საზოგადოების განვითარებასთან. ძლიერი სკოლა არის საზოგადოების სიცოცხლის უნარიანობის მნიშვნელოვანი დეტერმინანტი. ძლიერი სკოლის ფუნქციონირება დამოკიდებულია : მდგრად დაფინანსებაზე, პლურალისტულ პარამეტრებზე, დიფერენცირებულ სტრატეგიებზე, ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფერზე და თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე. სკოლის სამართლებრივ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს როგორც სახელმწიფო მმართველობა ასევე ადგილობრივი თვიმმართველობები. სამართლებრივად გამართული ჩარჩოს ჩამოყალიბება განსაკუთრებულ როლს თამაშობს სკოლის  საქმიანობების ლეგიტიმურობაში. ჩვენი ფედერალური ოლქი სრულიად განსხვავდება იმ დანარჩენი 15 ფედერალური ოლქისგან, ამით იმის თქმა გვინდა, რომ განათლების პოლიტიკა, რომელიც შეიმუშავა ჩვენმა განათლების საბჭომ სრულიად განსხვავებულია ცენტრალური სტანდარტებისგან, ამიტომ ჩვენ „მხოლოდ მხარდაჭერას“ ვითხოვთ ცენტრისგან და არა უშუალო მონაწილეობას. ჩვენი მიზანია, რომ  ეს ქმედებები სახელმწიფო მმართველობამ მიიჩნიოს ლეგიტიმურად. უნდა ვაღიაროთ, რომ საერთო საკანონმდებლო საკონსტიტუციო ჩარჩო ხშირ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის სკოლას, ამიტომ მთავარი როლი ამ თამაშში უნდა მივაკუთვნოთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მნიშვნელოვანია ლოკალური კონტექსტის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და არა ქვეყნის ცენტრალურ სტანდარტებთან.

 

სამოქმედო სტრატეგია

  • საზოგადოებრივი მომგებიანობა და პროდუქტიულობა დამოკიდებულია კოლაბორაციულ თანამშრომლობაზე, შემოქმდებითობაზე, მოტივაციაზე და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალზე. პროფესიონალი აკადემიური კადრის გარეშე ამის მიღწევა წარმოუდგენელია. პირველი და უცილობო მოთხოვნა არის სწორედ კადრის ხარისხობრივი კომპეტენცია. სკოლებმა მოსწავლეებს უნდა დაუწესონ ზღვარი, რომელიც მათგან მოითხოვს მაღალი სტანდარტების, საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებას. დღეს კი სასკოლო მოთხოვნები არის მცირე და ორიენტირებულია მსწავლელის საშუალო განვითარებაზე, ეს აღარ არის საკმარისი.
  • განათლების სისტემა ღია უნდა იყოს ყველა საზოგადოებრივი ფენისთვის და ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის, შეზღუდვების გარეშე. ჩვენ მივიღებთ 50 წლის ადამიანებს სკოლებში, რადგან ეს უფრო მეტად სიცოცხლისუნარიანს გახდის ჩვენს საზოგადოებას. ვფიქრობთ, ეს ინიციატივა დიდად წაადგება გერმანულ ერს.
  • სკოლებმა მაქსიმალურად უნდა მოახდინონ რეაგირება მსწავლელების ჰეტეროგენულ, განსხვავებულ მოთხოვნებზე. ეს აუცილებელი ვალდებულებაა. მოსწავლეების მრავალფეროვნება და მათი განსხვავებული შესაძლებლობები, მათი განსხვავებული მიზნები და მათი განსხვავებული გამოცდილებები მხედველობაში უნდა მივიღოთ, ისე დავგეგმოთ სასწავლო პროექტები. ამის ფონზე ჩვენ უკვე მოგვიწევს უფრო გავაუმჯობესოთ სკოლამდელი მოსამზადებელი კურსები და დაწყებითი საფეხურების სასწავლო პროგრამები. ეს ყოველივე კი დადებითად იმოქმედებს მომავალში ახალგაზრდებზე, რომ მათ სწორად დაგეგმონ საკუთარი კარიერა. მიზანი არის ის, რომ სკოლას დღეს უნდა შეეძლოს მოსწავლისთვის, მრავალფეროვანი მენიუს შესთავაზება.
  • სასწავლო მოთხოვნების მაჩვენებლები უნდა გაიზარდოს. ჩვენ უნდა დავაწესოთ ის მაქსიმალური მოთხოვნა, რომელიც თავისთავად მოსწავლეს დაეხმარება ხარისხის მიღწევაში.
  • ჩვენ მაშინ მივხვდით, რომ ხარისხიან განათლებას ვერ ვაწარმოებდით, როცა 2011 წელს 60 წარმატებული კურსდამთავრებულიდან მხოლოდ 1 გახდა პროფესორი, ეს კოლაფსი იყო. ვფიქრობთ ეს ჩვენი ცუდი მუშაობის ბრალია, ვერ შევთავაზეთ ამ სტუდენტებს სწორი სტრატეგიები, არ გვყავდა საკმარისად პროფესიონალი აკადემიური კადრი და არ შეგვიქმნია მათთვის შესაბამისი სასწავლო გარემო. ეს ჩვენი დანაშაულია.
  • განსაკუთრებული წვლილი სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში შეაქვს სამეცნიერო პროფესიულ კვლევებს, პრაქტიკულ ემპირიულ კვლევებს, რომელშიც მსწავლელი უშუალოდ არის ჩართული და უშუალოდ წარმართავს პროცესს, ვერც ერთი სხვა რესურსი ისე ვერ უზრუნველყოფს ხარისხის პროგრესს, როგორც სამეცნიერო პროფესიული კვლევები. მაქსიმალური კომფორტული პირობები უნდა შეიქმნას ამისთვის, მონაწილეობა უნდა მიიღოს არასამთავრობო საგანმანათლებლო ორგანოებმა, საზოგადოების როლი ასევე დიდად მნიშვნელოვანია !

 

„შტიხ პუნქტი“ – ანუ მიღწევა

გერმანული განათლების სისტემის მთავარი პრიორიტეტი სულ იყო და არის პროფესიული მიმართულებები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი სექტორი. მრავალფეროვანი შესაძლებლობები მეტ შენატანს გულისხმობს, ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით. დუალური განათლების სექტორს მნიშვნელოვანი კონტრიბუცუა შეაქვს საერთო მოგებაში.

გერმანული განათლების სისტემის მაღალ საეთაშორისო მიმზიდველობას გარდა დუალური სპექტრისა განაპირობებს შემდეგი ფაქტორები : მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუდენტებს მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ აწარმოონ მათთვის საინტერესო და პროფესიული ემპირიული კვლევები, ამ სტუდენტების დაფინანსება შედის ყველას ინტერესში; უცხოელ სტუდენტებს ექმნებათ პერსპექტივა წარმატებულობის შემთხვევაში,  დასაქმდნენ ადგილობრივ ბაზარზე. იმისთვის, რომ საერთაშორი მიმზიდველობა უფრო მაღალ რანგში განიხილებოდეს, ყველა სკოლას გვინდა მივცეთ რეკომენდაცია, რომ მსწავლელებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან მიზნის მისაღწევად. სკოლებს უნდა შეეძლოთ მრავალფეროვანი რესურსების შეთავაზება უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის.

ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია სკოლების ხარისხობრივ და რაოდენობრივ გაუმჯობესებაზე გულისხობს შემდეგს, რომ საზოგადოების დივერსიფიცირებულ, განსხვავებულ მოთხოვნებს მაქსიმალურად შევუსაბამოთ სასწავლო პროფილები. ჩვენ ძალიან ვცდილობთ, რომ საუნივერსიტეტო და სასკოლო განათლების პროგრამები მკვეთრად არ იყოს ერთმანეთისგან დაცილებული, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ეს პროგრამები  ხარისხობრივად და სიღრმისეულად განსხვავებული არ იქნება. ამით იქმნება ერთგვარი სპირალური კურიკულუმი, რომელიც გულისხმობს სწავლის გრძელვადიან და შეიძლება ითქვას დაუსრულებელ პროცესს.

გერმანული სკოლების და უნივერსიტეტების უმაღლესი მოთხოვნა ის არის, რომ მათ ჰქონდეთ არა მხოლოდ ეროვნულ-ნაციონალური სასწავლო პოლიტიკის რეპუტაცია, არამედ ინტერნაციონალური განათლების რეპუტაცია. ასეთი სასწავლო ფორმატი ითვალისწინებს საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით პრიორიტეტებს. სკოლის საბაზისო საფეხურიდანვე უნდა დაიგეგმოს გლობალური განათლების ინდიკატორები. ეს იქნება მომავალში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი უმთავრესი ინდიკატორი. ამ მხრივ სასწავლო სტრატეგია არის  შემდეგი, რომ  სასწავლო გარემო აღარ იქნება  ფოკუსირებული მხოლოდ „ნიჭიერი თავების“ სრულყოფისკენ, არამედ ყველა ინდივიდს მიეცემა შესაძლებლობა თავისი როლი იპოვოს შრომის ბაზარზე. განათლების საბჭო სკოლებს ურჩევს, რომ შექმნან მოსწავლეების თვითშეფასების ისეთი რუბრიკები, გეგმები, რომლებიც მათ შეაფასებს თავიანთი დასახული მიზნების პარალელურად და არა ე.წ „ ნიჭიერი თავის “ დასახული მიზნების მიმართებაში, ეს იქნება დიდი შეცდომა, რადგან ყველა ინდივიდი საზღვრავს თავის მიზანს და შესაბამისად ამ მიზნის მისაღწევ ხარისხს. ეს რა თქმა უნდა არ გულისხმობს იმ ზოგადი სტანდარტების ვერ გადალახვას, რასაც სკოლები უყენებენ მოსწავლეებს.

განათლების საბჭო სახელმწიფოს და ადგილობრივ ფედერალურ ოლქებს ურჩევს, რომ სკოლის შესაძლებლობები გახდეს უფრო მრავალფეროვანი, იმ თვალსაზრისით, რომ სკოლის სასკოლო პროგრამები უმეტესწილად ორიენტირდეს პრაქტიკული კვლევების ორგანიზებაზე, უნდა გავიდეთ გარეთ,  ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.

სკოლასთან შედარებით უნივერსიტეტებს უკეთესად გამოსდით ხარისხის უზრუნველყოფა, მათ შედარებით უკეთ შეუძლიად მულტიდისციპლინარული პროგრამების შეთავაზება მსწავლელებისთვის ვიდრე სკოლებს, ეს ფაქტია.

 

პროფესია

გამორჩეული კვალიფიციური მეცნიერი და განათლების ადმინისტრატორი არის წარმატებული განათლების სისტემის ქვაკუთხედი. დღეს რა თქმა უნდა უკეთესი პირობები და რესურსებია სხვადასხვა სფეროების განსავითარებლად. არსებობს 2 საუკეთესო გზა განათლების სისტემის განვითარებისთვის: 1) საკუთარი სისტემის სამომავლო პროგნოზების განხილვა; 2) პერსონალის რეკრუტირება, საერთოშიროსო გამოცდილების გაზიარება. შეხედეთ ჩვენს სკოლებს, არცერთი უცხოელი მასწავლებელი არ გვყავდა რამოდენიმე წლის წინ, ახლა ეს ციფრი გაცილებით მაღალია და გაცილებით მეტ  სარგებელსაც გვაძლევს.  მიუხედავად ამისა ეს მაჩვენებლები არ არის დღეს საკმარისი, ჩვენს ფედერალურ მიწაზე სკოლების აკადემიური პერსონალის მხოლოდ 10 % შეადგენს უცხოელი მასწავლებლები, განათლების საბჭოებში კი მათი პროცენტი არის მხოლოდ 6 %.  ამ ადამიანების  ძალისხმევა და გავლენა მნიშვნელოვანია სისტემის განსავითარებლად. რა თქმა უნდა განსაკუთრებული მხარდაჭერა ამ მიმართულებით გვჭირდება სახელმწიფოსგან, ეს სტრატეგია უნდა იქცეს განათლების პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნად, რადგან ძნელია განვითარება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გარეშე. უნდა გავაუმჯობესოთ ახალგაზრდა უცხოელი მეცნიერების წახალისების პროგრამა, ფედერალური ოლქების დონეზე. მათ უნდა დავუსახოთ მიმზიდველი კარიერული განვითარების გზა  და მივცეთ თავიანთი თავის მაქსიმალური რეალიზების საშუალება !

განათლების საბჭო ორიენტირებული უნდა იყოს დივერსიფირებულ პერსონალურ განვითარებაზე, რომელიც ინდივიდებისგან მოითხოვს პერსონიფიცირებულ ხარისხს განსხვავებული სფეროების მიხედვით.

 

სკოლის პრობლემა / შვერპუნქტი

დღეს სკოლას ბევრი პრობლემა აქვს :

1)სკოლის სწავლება დაცილებულია კვლევა-ძიებას.

2)სკოლებს არ აქვთ შესაბამისი ავტონომია.

3)დაფინანსება შეზღუდულია.

სამწუხაროდ განათლების სისტემა ვითარდება ცალმხრივად. უნდა განვიხილოთ სტრატეგიები, რომელიც გააძლიერებს სამეცნიერო სტრუქტურას :

  • ყველა სკოლა არ უნდა აკმაყოფილებდეს მსგავს მოთხოვნებს, ფუნქციურ დიფერენციაციას შეუძლია სკოლებში შექმნას ისეთი გარემო, რომელიც უფრო მეტად იქნება მობილური და ეფექტიანი. განათლების საბჭო მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს, რომ სკოლებმა უნდა შექმნან ინდივიდუალური განვითარების გეგმები.
  • სკოლებმა უნდა მოგვაწოდონ სრულიად განსხვავებული პროდუქტი და არა ერთმნიშვნელოვნად მსგავსი, გვჭირდება განსხვავებული შესაძლებლობები, განსხვავებული რესურსები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ განათლების საბჭო ემხრობა მრავალპროფილურ დივერსიფიცირებულ განათლების პოლიტიკას. ეს პროცესი იქნება ხანგრძლივი და დროში გაწელვადი. წარმატებას მივაღწევთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ, სკოლები თავიანთ სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებენ  თავიანთი საჭიროებიდან გამომდინარე, ამისთვის მნიშვნელოვანია :

  • სკოლის ადმინისტრაცია უნდა დაკომპლექტეს ეფექტური და პროფესიონალი აკადემიური კადრით; სკოლის სტრატეგიული გეგმა ისე უნდა ფორმულირდეს, რომ ითვალისწინებდეს თითოეული მსწავლელის და მომსახურე პერსონალის ინდივიდუალურ საჭიროებებს.
  • სკოლებმა უნდა შეიმუშავონ შესაბამისი სამართლებრივი და ფინანსური ჩარჩო.
  • სკოლებს გარდა ამისა სჭირდებათ რელევანტური ტექნოლოგიური ინსტრუმენტები ამ რთული სტრუქტურის პრაქტიკაში განსახორციელებლად. ეს არის ის 3 ძირითადი და მნიშვნელოვანი „შვერპუნქტი“,(რთული მხარე) რომლის განვითარება ხელს უწყობს სკოლის მდგრად ფუნქციონირებას.

 

თავისუფალი ოთახის პრაქტიკა

სკოლის სამართლებრივი ჩარჩოს გამართული დიზაინი ხელს უწყობს ანგარიშვალდებულებების სწორად გადანაწილებას. სკოლებში მაღალი ხარისხის ავტონომია  განსაზღვრავს ძირითადი სამიზნე კორიდორის გამჭვირვალობას. სკოლა ასევე პასუხისმგებელია, რომ დაარეგულიროს პირადი სამართლებრივი აქტები,  ინდივიდუალურად თითოეული თანამშრომლის დონეზე. განათლების სამინისტორებმა უნდა  შექმნან „თავისუფალი ოთახის“ პრაქტიკა საკანონმდებლო თვალსაზრისით, ეს გულისხმობს იმას, რომ სკოლის მხრიდან წამოსული ინიციატივა სამართლებრივი ჩარჩოს მოდიფიკაციის კუთხით უნდა განიხილებოდეს და საჭიროების შემთხვევაში დაკმაყოფილდეს.

განათლების საბჭოს ინიციატივა არის, რომ შეიქმნას აკადემიური თავისუფლების აქტი, რაც აკადემიურ პერსონალს საშუალებას მისცემს იმოქმედონ მაქსიმალური ავტონომიით და მოქნილობით. ეს ნიშანავს იმას, რომ ჩვენ შევიმუშავებთ მოქნილ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც მაქსიმალურად გაითვალისწინებს აკადემიური პერსონალის მოთხოვნილებებს..

სკოლების დაფინანსების კუთხით, მხარს ვუჭერთ ორ ძირითად მიმართულებას :

  • მთავარი, გრძელვადიანი, უსაფრთხო სახელმწიფო დაფინასება, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადი საორიენტაციო საკითხების მოგვარებას.
  • დამატებითი ეკონომიკური შემოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის დიფერენცირეფულ პროფილური პოლიტიკის განხორციელებას. (ეს ავტონომიური დაფინანსებაა).

სკოლების თავისუფლება შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად შეზღუდულია, რადგან მათი დაფინანსება თითქოს სულ კონსტანტაა და არასდროს არ იმატებს. სკოლის ბიუჯეტი სულ რაღაც მსგავს ციფრებს აჩვენებს. სკოლისთვის დამატებითი ეკონომიკური შემოსავალი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც კვლევების მიხედვით საგრძნობლად მოქმედებს განათლების ხარისხზე.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საკვლევ ინფრასტრუქტურის მოწყობას სკოლის ბაზაზე, ყველა სკოლა უნდა აღიჭურვოს შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რომელიც გაუადვილებთ მოსწავლეებს სამეცნიერო კვლევების ჩატარებას. ამისთვის რა თქმა უნდა ისევ და ისევ აუცილებელია დამატებითი ეკონომიკური შემოსავალი.

ძირეულად მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში წავახალისოთ კვლევითი გარემო, სკოლებში უნდა ჩამოყალიბდეს კვლევის სასწავლო ინტერკულტურული ჯგუფები, რომელიც  დაფინანსდება   როგორც სახელმწიფოსგან ისე ადგილობრივი ფედერალური მთავრობისგან, ასეევ სკოლისგან.. მნიშვნელოვანია, რომ სამივე სახის დაფინანსება მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ.

სკოლის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსპექტივა არის ის, რომ  კურსდამთავრებულს ბოლოს უნდა ჰქონდეს დახვეწილი სამეცნიერო პორტფოლიო, რომლითაც შეფასდება მისი ცოდნის კვალიფიკაცია და მიენიჭება შესაბამისი ხარისხი. უნდა შეიქმნას თანამშრომლობითი კონკურენტუნარიანი კვლევითი გარემო, რომელიც გაიზიარებს საერთაშორისო გამოცდილებას..

არასამთავრობო  ოთახი

განათლების სისტემის რესტრუქტურიზაცია წარმატებას ვერ მიაღწევს არასამთავრობო საგანმანათლებლო „ოთახის“ სფეროს აქტიური მონაწილეობის  გარეშე. მათი ჩართვა პროცესებში სწავლა-სწავლების მიმდინარეობას ხდის მრავალფეროვანს და აქტიურს. ეს სფერო რომელიც არ არის დამოკიდებული სამთავრობო უწყებებზე, ერთ-ერთი მძლავრი იარაღია  დიფერენცირებული პროფილური სწავლების მხარდასაჭერად. დღეს განათლება უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული  სამეცნიერო კვლევით საქმიანობებზე და არა მხოლოდ დიდაქტიკურ სწავლებაზე.

რაც შეეხება ხარისხის უზრუნველყოფის ელემენტებს, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი რომელიც რეგულირდება როგორც მთავრობის, ადგილობრივი ფედერალური ოლქის, ასევე არასამთავრობო სექტორის მიერ. მონიტორინგის თითოეული ინსტრუმენტი ვალიდური უნდა იყოს იმ საკითხთან მიმართებაში რასაც უწევს კონტროლს. სამეთვალყურეო საბჭოს ცენტრალური ხედვა ეფუძნება იმ მიმართულებას, რომ ხარისხის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს გაზომვადი დეტერმინანტებით, არაერთი ინსტრუმენტის მიერ.  ერთი სისტემა არ უნდა იყოს პასუხისმგებელი ხარისხზე, არამედ  აქტიური როლი უნდა ითამაშოს  არასამთავრობო საგანმანათლებლო ორგანიზაციებმა. უნდა შეიქმნას სპეციალური მონიტორინგის  საბჭოები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულების ხარისხზე  და არა მთელ სისტემაზე.

განათლების პოლიტიკის შემუშავების დროს, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა არასამთავრობო კოოპერატივების შექმნას, რადგან ეს კოოპერატივები სისტემას სთავაზობენ განსხვავებულ და მრავალფეროვან სამოქმედო ინსტრუმენტებს.  აღნიშნული  პოლიტიკა გულისხმობს განათლების სისტემის ერთობლივ მართვას, ანუ ძალაუფლება ნაწილდება ჰორიზონტალურად სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებზე.

  • კოოპერატივი ვალდებულია განავითაროს კონკრეტული სამეცნიერო კვლევითი ღირებულება, ორიენტირი.
  • ყველა კოოპერატივი თანაბრად უნდა იყოს ჩართული და აქტიური თავიანთი მიმართულებების გათვალისწინებით, ანუ პრიორიტეტი ენიჭება ყველა მიმართულებას თანაბრად.
  • კოოპერატიული მოდელი უნდა იძლეოდეს თანამშრომლობისთვის მაქსიმალურ შესაძლებლობას. ეს თანამშრომლობა გულისხმობს აქტიურ კომუნიკაციას სკოლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და კოოპერატივებს შორის. თვითმიზანი არის „ინტერინსტიტუციონალური“ კულტურის განვითარება.
  • ……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………

…………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………

გიორგი ლომოური – შთაბეჭდილებების მენეჯმენტი სკოლაში !?

უფლებამოსილება სკოლის ცხოვრების ძირითადი მახასიათებელია, რადგან იგი უზრუნველყოფს საფუძველს ადმინისტრატორთა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ლეგიტიმური კონტროლისათვის. როდესაც ადმინისტრატორები, მასწავლებლები და მოსწავლეები შედიან სკოლაში, ისინი იზიარებენ ფორმალური უფლებამოსილებების მოდელს.  თანახმა არიან, გარკვეულ საზღვრებში, შეასრულონ დირექტივები, რომელთაც ოფიციალური პირები გამოსცემენ სკოლისთვის. მოკლედ, სკოლის წევრები შედიან საკონტრაქტო შეთანხმებაში, რომლის თანახმადაც, ისინი იღებენ განკარგულებების დამორჩილების ვალდებულებას.

ფორმალური უფლებამოსილება სკოლაში ქმნის ისეთ გარემოს, რომელსაც ხშირად ვუწოდებთ ხოლმე “ინდიფერენტულ ზონას”, ანუ ქვემდგომები იღებენ ბრძანებებს ყოველგვარი დაეჭვების გარეშე. თუმცა ეს საერთოდ არ არის კავშირში პერსონალის ეფექტიან მუშაობასთან. ის მხოლოდ ხელს უწყობს დირექტივებისა და დისციპლინისადმის დამორჩილებას. აი სწორედ აქ დგება სკოლის დირექტორის გამოწვევა, რომ შექმნას ისეთი გარემო და შეიმუშაოს ისეთი მეთოდები, რომელიც გასცდება ამ ფორმალურ უფლებამოსილებების ვიწრო ფარგლებს და  უფრო გააფართოვებს თავის  გავლენას.

როგორ შეუძლიათ სკოლის ადმინისტრატორებს გააფართოვონ თავიანთი უფლებამოსილებები ? მაგალითად, ავტორიტარული ადმინისტრატორები, მუქარით, ბრძანებლობით ცდილობენ კონტროლის გაზრდას, თუმცა მათი ხანგრძლივი გამოყენება ანგრევს მათ ავტორიტეტს. ავტორიტარული ადმინისტრატორები ხშირ შემთხვევაში პროფესიონალებისგან იოლად ვერ იღებენ ლოიალურობას და მხარდაჭერას. ამას უწოდებენ ე.წ. ბიუროკრატიულ დილემას.

სკოლაში ინდივიდებს ყოველთვის რჩებათ დაუკმაყოფილებელი პირადი ინტერესები და საჭიროებები. ამის გამო ისინი ერთვებიან მცდელობაში, დაიკმაყოფილონ საკუთარი ვიწრო მოთხოვნილებები და ამ პროცესში, ისინი ქმნიან კოალიციებს სხვებთან, რომელთაც მსგავსი მისწარაფებები აქვთ. ეს დაინტერესებული ჯგუფები სხვადასხვა და მრავალფეროვანია ხოლმე, წარმოადგენენ გენდერის და ეთნიკურ ჯგუფებს, განსხვავებებია ასევე ღირებულებებში, წარმოდგენებში, ცოდნაში და აღქმებში. შესაბამისად თითოეული ჯგუფი იწყებს უპირატესობის მოპოვებას რესურსების მოსაპოვებლად.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იქმნება ისეთი ფონი, თითქოს სკოლის პოლიტიკის დაგემვაზე უფლებამოსლების მოპოვებას ცდილობს სხვადასხვა ჯგუფები. სკოლაში ყველა წევრს შეუძლია ორგანიზაციის პოლიტიკაში ჩართვა. ფაქტიურად, ორგანიზაციის ყველა წევრი, მიუხედავად რანგისა და თანამდებობისა ამა თუ იმ სახით მონაწილეობს პოლიტიკურ თამაშში. მაგალითად, “მოწონების” მცდელობა არის ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება სხვა ადამიანის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ინფორმაციის მენეჯმენტი არის ტაქტიკა, რომელსაც იყენებენ ის ინდივიდები, რომელთაც სურთ სხვების კონტროლი, ან საკუთარი სტატუსის შექმნა. მნიშვნელოვანი ინფორმაციის ფლობამ/გამჟღავნებამ, შეიძლება ხელი შეუწყოს დირექტორის/მასწავლებლის პირად სარგებელს. ინფორმაციული მენეჯმენტის უმნიშვნელოვანესი ელემენტია გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვება და მისი ოსტატურად გამოყენება. სხვებს ინფორმაცია ისე უნდა მიაწოდოთ, რომ გაიზარდოს მათი თქვენზე დამოკიდებულება, ხოლო თქვენ ისეთი ადამიანის რეპუტაცია შეგექმნათ, რომელმაც “ნამდვილად იცის” რა ხდება. მასწავლებლებს, რომელთაც აქვთ ქსელები, ჩვეულებრივ არიან სკოლის პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი აქტორები. შთაბეჭდილებების მენეჯმენტი არის მარტივი ტაქტიკა, რომელსაც დროდადრო თითქმის ყველა იყენებს იმისათვის, რომ შექმნას სასურველი იმიჯი. მთავარია ისეთი იმიჯის შექმნა, რომ სხვებმა დაგინახონ როგორც მცოდნე, კომპეტენტური, გონიერი და სოციალურად გამოცდილი.

კურიკულუმის ცვლილება ხშირად წარმატებულია იქიდან გამომდინარე, თუ მასწავლებელთა რომელი კოალიცია უჭერს მხარს, ან რომელი უპირისპირდება. გავლენის მოხდენის თვალსაზრისით, ცალკე მყოფი ინდივიდები გაცილებით ნაკლებად წარმატებულნი არიან, ვიდრე ჯგუფები ! შთაბეჭდილების მენეჯმენტის კიდევ ერთი ტაქტიკა არის  “ექსპერტიზა”. ექსპერტიზაზე დაფუძნებულ თამაშს თამაშობენ ის პროფესიონალები, რომლებმაც უკვე განივითარეს ორგანიზაციისთვის საჭირო უნარები და ცოდნა. ისინი აგრესიულად იბრძვიან ძალაუფლებისთვის, თავიანთი ცოდნის მაქსიმალური გამოყენებით – ხაზს უსვამენ საკუთარი ნიჭის უნიკალურობასა და მნიშვნელობას.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ უფლებამოსილების მოპოვება ნიშნავს, პერსონალის, კოლეგების ლეგიტიმურ კონტროლს. შესაბამისად არსებობს კიდევ ერთი ტაქტიკა, რომელსაც მასწავლებლები ხშირად იყენებენ ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ეს არის კოალიციის შექმნა. ინდივიდები ერთიანდებიან საერთო მიზნების მისაღწევად, უპირისპირდებიან შემოთავაზებულ პოლიტიკას, ცვლილებას, ან პირიქით ახდენენ სხვადასხვა იდეების გენერირებას. აღნიშნული ტაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, “განტევების ვაცის” ძიება. ეს პროცესი გულისხმობს სხვებზე იერიშის მიტანას, რამის დაბრალებას. ნაკლოვანობების სხვაზე გადაბრალება გავრცელებულია ყველა ორგანიზაციაში, ამ შემთხვევაში სკოლები გამონაკლისს არ წარმოადგენენ.  ” განტევების ვაცის” მონახვამ  შეიძლება საშუალება მისცეს პოლიტიკურად გამჭრიახ ინდივიდებს, თავიდან აირიდონ ყურადღება და თავი დაიძვრინონ რთული სიტუაციებიდან.

თუმცა არსებობს ერთი უკიდურესობა. როდესაც ადამიანის მიერ ძალაუფლების გამოყენება ფერხდება ან იბლოკება, როდესაც ადამიანები ძალაუფლების გარეშე რჩებიან ფართო ასპარეზზე, ისინი, ჩვეულებრივ, ძალაუფლების  საკუთარი მოთხოვნილებების კონცენტრაციას ახდენენ მათზე, ვისზეც ვრცელდება მათი თუნდაც უმცირესი უფლებამოსილება, ეს ასეა. მასწავლებელმა, რომელიც გაღიზიანებული არის მძიმე ბიუროკრატიული კონტროლითა და ავტორიტარული დირექტორით, შეიძლება გადაანაცვლოს  კონტროლი დაღმავალი მიმართულებით მოსწავლეებზე.

P.S.

ძალაუფლების კრიტიკული პერსპექტივა მიიჩნევს, რომ ძალაუფლება განსაზღვრავს რეალობას იმის ფორმულირებით, თუ რა ითვლება რაციონალურობად რა ცოდნად. რეალობის ინტერპრეტირება ძალაუფლების მქონეთა მიერ ისე ხდება, როგორც ეს მათთვის არის სასარგებლო. ვერ ავიცილებთ იმ ფაქტს, რომ ძალაუფლება არის როგორც რაციონალური, ისე ირაციონალური და რომ ძაუფლება და პოლიტიკა ხელს უშლის რაციონალურობას.

გიორგი ლომოური – ინდივიდები სკოლაში – “მაღალი მიღწევის ადამიანები” ?!

სკოლის სტრუქტურის ანალიზისას, დირექტორები ზოგჯერ, ინდივიდების საზიანოდ, სტრუქტურაზე არიან ორიენტირებულები. თუმცა ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მასწავლებლებს, მოსწავლეებს და სხვა მომსახურე პერსონალს აქვთ თავისი უნიკალური მოთხოვნილებები, მათი გაუთვალისწინებლობა იწვევს სამუშაო პროცესის არაეფექტიანობას.

ადამიანებს სხვადასხვა პიროვნული მოთხოვნილებები აქვთ, რაც მათი ქცევის ფორმირებას ახდენს. ადამიანთა უმეტესობა ცდილობს საკუთარი როლის პერსონალიზებას სკოლაში, ანუ მიუსადაგებენ საკუთარი ქცევის ტიპს მოსალოდნელ როლებს, ახორციელებენ ქცევას, რომელიც შეესაბამება  მათ საკუთარ მოთხოვნილებებს, ნუ ჩვეულებრივ ასე უნდა ხდებოდეს.

ჰუმანიტარული ფსიქოლოგიის წარმომადგენელი, აბრაამ მასლოუ გვთავაზობს ადამიანური მოთხოვნილებების იერარქიულ მოდელს; იერარქიის პირველ დონეზე ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებია, რომელიც შედგება ისეთი ფუნდამენტური ფუნქციებისგან, როგორიცაა შიმშილი და წყურვილი, შემდეგ მოდის უსაფრთხოების და დაცვის მოთხოვნილება. მესამე დონეზე სოციალური მოთხოვნილებები განიხილება, სიყვარულის, თანაზიარობის და სოციალური ურთიერთობების ფაქტორები. მეოთხე დონეზე მნიშვნელობას იძენს უკვე პატივისცემის მოთხოვნილება, სხვა ადამიანების მხრიდან პატივისცემის არსებობის სურვილი, ასევე კომპეტენტურობა, სტატუსი და აღიარება. და ბოლოს იერარქიის მეხუთე საფეხურზე მასლოუ გვიმტკიცებს, რომ დაუკმაყოფილებლობა და შფოთვა ვითარდება მაშინ, როცა ადამიანები არ აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ, ანუ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის შესაძლებლობების თვითრეალიზაციას.  მაღალი დონის მოთხოვნილებები აქტიურდება მას შემდეგ, რაც დაბალი დონის მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია. ყოველთვის ასე არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ  მასლოუს იერარქია გარკვეულ სტრუქტურას გვთავაზობს ამ კუთხით.

სკოლაში უფრო მაღალი მოთხოვნილებების წარმოშობა შეზღუდულია, ვინაიდან უფრო დაბალი დონის მოთხოვნილებები არასდროს არის სრულად დაკმაყოფილებული. მაგალითად სკოლებში მასწავლებლების ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები საკმაოდ კარგად არის დაკმაყოფილებული, მაგრამ ზოგიერთ მოსწავლეს შეიძლება არ ჰქონდეს ეს გრძნობა,  მაგ: ბულინგი ჩვეულებრივი ცხოვრების წესად იქცა მოსწავლეებისთვის სკოლაში, ძნელია კონცენტრირებული იყო სწავლაზე როცა რამის გეშინია, რადგან ჯერ ცდილობ ეს მოთხოვნილება დაიკმაყოფილო.

მასწავლებლების მოტივაციის ამაღლებაზე განსაკუთრებით მოქმედებს თვითრეალიზების ფაქტორის  დაკმაყოფილება. თუმცა ეს მოთხოვნილება ხშირად ჩვენს სკოლებში ყველაზე ნაკლებად არის დაკმაყოფილებული. კარგი არის როცა სკოლა უზრუნველყოფს ამ უმაღლესი დონის მოთხოვნილების შესრულებას, რადგან  მოსწავლე, მასწავლებელი და ადმინისტრატორი, რომელიც  აღწევს თვითაქტუალიზაციას, არის საუკეთესო შემსრულებელი.

თუმცა ასე მარტივადაც არაა საქმე, მაგალითად თუ მასწავლებელს არ მივცემ ნებას, რომ სკოლის ქსეროასლების აპარატზე გააკეთოს ასლები, ეს სავარაუდოდ გამოიწვევს მის უკმაყოფილებას, მაგრამ თუ ნებას მივცემ ასლები გადაიღოს, სავარაუდოდ ეს მაინც არ შეუწყობს ხელს რომ სამუშაოთი ძალიან კმაყოფილი იყოს. ანუ რა გამოვიდა, რომ სამუშაოს კმაყოფილება არ უკავშირდება მხოლოდ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ის ასევე უნდა დავუკავშიროთ ავტონომის და სამუშაოს გამოწვევებს.

რა ხდება დღეს ? მასწავლებლებს არ აძლევენ ავტონომიას და ეს იწვევს იმას, რომ მასწავლებლებს აღარ აქვთ რთული/პრობლემური/მრავალფეროვანი ამოცანების შესრულების ან გადაწყვეტის პირადი პასუხისმგებლობის აღების ძლიერი სურვილი ! არ აქვთ სურვილი დასახონ ზომიერად რთული მიზნები, ისინი აღარ არიან  “მაღალი მიღწევის” ადამიანები, რაც რა თქმა უნდა მათი ბრალი არ არის.  ითვლიან რისკებს და არჩევენ ისეთ სიცუაციებს, რომ გამოწვევები ოდნავ და არა მეტისმეტად რთული იყოს. მაგალითად, მაღალი რისკის შემცველად თვლიან, ახალი სასწავლო ინსტრუმენტის შემოღებას, ან სასწავლო სახელმძღვანელოს შედგენას, დაბალი რისკის შემცველად თვლიან  ექსკურსიების მოწყობას თბილისის გარდენიაში .. და ა.შ. შესაბამისად ვიღებთ იმას, რომ მასწავლებლებს აღარ აქვთ სურვილი საკუთარი შესრულებული სამუშაოს შესახებ მიიღონ კვალიფიციური უკუკავშირი, არ აქვთ სურვილი იცოდნენ რამდენად კარგად იმოქმედეს.

ზემოთ რაც ვისაუბრე ყველაფერი დავუკავშირე იმას, რომ მასწავლებლებს არ აძლევენ ავტონომიას, ეს მართალია, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია  მასწავლებლებს თუ აქვთ ავტონომიის მოთხოვნილება ? ავტონომიის სურვილი არის  გვქონდეს არჩევანის საშუალება იმაში, რასაც ვაკეთებთ და როგორც ვაკეთებთ. ანუ მე მინდა, რომ ჩემს ქცევაზე პასუხისმგებელი მე ვიყო. მიზეზების უმეტესობა, რომელზეც ინდივიდები ახდენენ თავიანთი წარმატებისა და წარუმატებლობის ატრიბუციას, ეხება ძირითადად გარე ფაქტორებს, რადგან თუ შიდა/პიროვნულ ფაქტორებს დაუკავშირებენ წარმატებას ან წარუმატებლობას, მაშინ წარმატება კი წარმოშობს სიამაყის გრძნობას, მაგრამ აი წარუმატებლობა კი საშინლად აკნინებს საკუთარ თავში დარწმუნებულობას. ჩვენ დამნაშავედ ვგრძნობთ თავს, როცა პირადი წარუმატებლობის მიზეზები იმ ფაქტორებს უკავშირდება, რომელიც ჩვენს კონტროლს ექვემდებარება.

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ატრიბუცია, რაც გავლენას ახდენს მასწავლებლის მოტივაციაზე ასევე არის შეხედულებები უნარის შესახებ. თუ ამას უფრო დეტალურად განვიხილავთ, მივხვდებით რატომ ისახავენ ადამიანები შეუსაბამო და არამოტივირებულ მიზნებს, რატომ ჩაიქნევს ხოლმე ზოგიერთი მასწავლებელი ხელს და რატომ იღებენ მოსწავლეები მიუღწევად სტრატეგიებს ? მიზეზი არის უნარების არასწორი შეფასება. ხშირად მასწავლებლებს სჯერათ ინტელექტის სტაბილურობის, არადა ინტელექტი ყველაზე არამდგრადი მატერიაა. ამის გამო ისახავენ ისეთ მიზნებს, რაშიც ძლიერნი არიან, და არ იყენებენ დიდ მცდელობას რამე ახალი გააკეთონ ან მოითხოვონ, არ უნდათ რომ არ იყვნენ წარუმატებლები, რადგან ბეჯითად შრომა და წარუმატებლობა მათთვის დაბალ უნარიანობას ნიშნავს.

ავტონომიის გარდა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სამართლიანობის თეორია. ყველა ვიცნობთ მასწავლებლებს, რომლებიც  თავიანთი სამუშაოს მინიმუმს ძლივს ასრულებენ. ისინი ხშირად აგვიანებენ, ცოტა ტესტებს ატარებენ, არასოდეს არიან მოხალისეები, სწრაფად მიდიან სასკოლო დღის დასრულებისას, თავიდან იცილებენ ყველანაირ შეხვედრებს და ა.შ. წარმოიდგინეთ ახალგაზრდა მასწავლებლის მდგომარეობა, რომელიც ყველანაირად ცდილობს მოსწავლეთა დახმარებას სკოლის შემდეგ, ბეჯითად ემზადება თითოეული გაკვეთილისთვის, მონაწილეობას იღებს კლასგარეშე აქტივობაში  და ბოლოს აღმოაჩენს, რომ სიმულაციების მოყვარული მისი კოლეგა ორჯერ მეტ ანაზღაურებას იღებს და უფრო მეტად არის დაფასებული. ასეთი უსამართლობა სამუშაო ადგილზე არის უთანასწორობა. რაც იძლევა კიდევ ერთ პერსპექტივას უმოტივაციობისთვის.

ამით ვხედავთ, თუ რა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოტივაციაზე საჭიროებები, შეხედულებები და მიზნები. მოტივაცია, ძირითადად, განისაზღვრება როგორც შიდა მდგომარეობა, რომელიც ახდენს ქცევის სტიმულირებას, წარმართავს და ინარჩუნებს მას. მოტივაცია, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოსადმი ინტერესიდან, არის შინაგანი, მაშინ როცა გარე მოტივაცია ეფუძნება ჯილდოებსა და დასჯას. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს შეუძლია მოტივირება, შინაგანი მოტივაცია უფრო ეფექტიანია.

გიორგი ლომოური – ვინ არის სკოლის ბენეფიციარი ?

სკოლა არის ღია სისტემა.ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლა არა მხოლოდ გარემოს გავლენის ქვეშ არის, არამედ მჭიდროდაა მასზე დამოკიდებული. საწარმოო რესურსებს (ადამიანი, მასალა, ინფორმაცია, ფინანსები) იღებს გარემოსგან, ახდენს მათ ტრანსფორმაციას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანების ჩართვას ხანგრძლივი და უწყვეტი განათლების პროცესში.

სკოლას აქვს ერთი საინტერესო უარყოფითი თვისება, მისი საშუალებები შეზღუდულია მიიღოს და გადაამუშაოს გარედან მიღებული ინფორმაცია სრულფასოვნად, სწორედ ამიტომ საკითხების გადაწყვეტა ხდება მინიმალური და არა მაქსიმალური ეფექტიანობით. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მინიმალური ეფექტიანობა მხოლოდ ამის ბრალი არ არის, არამედ უარყოფით როლს თამაშობს ასევე შემდეგი ფაქტორი : სკოლას შეუძლია განსაზღვრული წესების დაცვით მინიმუმამდე დაიყვანოს მოთხოვნა განსაკუთრებულად ნიჭიერ ადამიანებზე და მთელი სამუშაო პროცესი დააფუძნოს “საშუალო კომპეტენციის” მქონე ადამიანებზე.

როგორც მივხვდით კრიტიკა ეხება ბიუროკრატიულ სტრუქტურას. ხშირად ამბობენ, რომ სკოლები ფემინისტური ორგანიზაციებია, ძნელია ამას დაეთანხმო, თუმცა თავის მხრივ ფემინისტებიც  აკრიტიკებენ ბიუროკრატიას : “პროფესიონალ ქალებს თანამედროვე ორგანიზაციებში არა აქვთ იგივე პრივილეგიები და კომპენსაციები რაც მამაკაცებს”. რატომ არ მოგვწონს ბიუროკრატიული მმართველობა განათლების სისტემაში ? –  თუ ვაღიარებთ, რომ საქართველო ბოლო წლების განმავლობაში აღმოჩნდა კომპიუტერული რევოლუციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საინფორმაციო ტრაფიკის, გაზრდილი ურთიერთდამოკიდებულებების და საინფორმაციო სიახლეების წინაშე, მაშინ მივხვდებით, რომ საკითხების/პრობლემების გადაწყვეტაში გვჭირდება მეტი ინფორმაცია, მეტი დეცენტრალიზებული სტრუქტურა, მეტი ღიაობა, მეტი დოზით მონაწილეობა და თანამშრომლობა, მეტი  პერსონალური პასუხისმგებლობა !

ამ ყველაფრის განხორციელებაში კი ხელს გვიშლის ბიუროკრატიული მმართველობის რამოდენიმე ფაქტორი –  პირველი : ცენტალიზებული უფლებამოსილება გახდა დისფუნქციური, რადგან რაც უფრო დიდია მაღალი თანამდებობის პირების წინაშე არსებული ტექნოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებები, მით უფრო რთული ხდება მათთვის გარკვეულობის, რწმენის შენარჩუნება, რაც ასევე იწვევს დაქვემდებარებული პირების იმედგაცრუებას.

მეორე : ასეთი სტრუქტურა ახდენს ადამიანების დე-პერსონიფიცირებას და ავტონომიის შეზღუდვას.

მესამე : გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებენ სხვადასხვა დონეზე მომუშავე ადამიანები. მათ ევალებათ მხოლოდ წესების მკაცრად შესრულება. შედეგად იმას ვიღებთ, რომ  ამ  ადამიანებს ეკარგებათ პასუხისმგებლობის შეგრძნება გადაწყვეტილების განხორციელების დროს მიღებული უარყოფითი შედეგების გამო. ბოლოს კი ხდება ის, რომ პასუხს ამ “რობოტებს” სთხოვენ, სამსახურიდან ათავისუფლებენ და სხვა “რობოტებს” იღებენ, პასუხი ხომ უნდა აგოს ვიღაცამ.

მეოთხე : უნდა გადაიხადო ფასი ! ყველა სკოლას, სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციას თავისი განსაკუთრებული ფასი აქვს ! სამუშაოს მუდმივობას აქვს თავისი ფარული ფასი, რომელიც უნდა გადაიხადო, თუ გინდა  სამსახურის შენარჩუნება. ეს ფასი – ორგანიზაციის ქცევის კოდექსის ზედმიწევნით დაცვაა – ბევრმა ადამიანმა უკვე გადაიხადა ეს ფასი წარმატების საფეხურზე ასვლისთვის. ეს მოთხოვნებია : არ უნდა შექმნა კომფლიქტური სიტუაციები, უნდა გეცვას შესაბამისად, არ უნდა გამოამჟღავნო განსხვავებული აზრი და ა.შ. საკითხი ნათელია, ორგანიზაცია დაგიცავს, მაგრამ არამც და არამც არ უნდა გამოამჟღავნო საკუთარი ინდივიდუალურობა.

ყურადღება მინდა გავამახვილო ბიუროკრატიული სისტემის (საქართველოში) ერთ-ერთ ყველაზე პათოლოგიურ თვისებაზე – ეს არის გადამეტებული მორჩილება ! გადამეტებულად დამორჩილებულები კი არიან სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ………. დისციპლინაზე ფოკუსირებულ სკოლის დირექტორებს და მასწავლებლებს ავიწყდებათ, რომ წესრიგი არის მხოლოდ საშუალება წარმატებულად მუშაობისთვის, მაგრამ სამწუხაროდ წესრიგი თავად ხდება მიზანი და არა საშუალება მთავარი მიზნის მიღწევის გზაზე. სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს, სხვადასხვა რესუსრცენტრის ხელმძღვანელებს, სხვადასხვა ორგანიზაციების დირექტორებს, რომლებსაც სურთ წინსვლა და პროფესიული დაწინაურება, უფრო მეტ ყურადღებას კანონისა და წესების ფორმალურ შინაარსზე ამახვილებენ, რათა ერთგულებასა და ლოიალურობაში დაარწმუნონ  სხვადასხვა ” ტემპერამენტის მქონე მინისტრები “.

უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ სკოლას თუ უნდა გააგრძელოს  ეფექტიანი ფუნქციონირება, უნდა იძლეოდეს გარკვეულ სარგებელს მის გარეთ არსებული საზოგადოებისთვის – დღეს ასე არ ხდება ! სკოლას არ აქვს სწორი რეაგირება საზოგადოების მოთხოვნებზე, რადგან დღეს სკოლისთვის საზოგადოება და მოსწავლეები არ არიან სკოლის მიერ გაწეული მომსახურების პირველადი ბენეფიციარები, ეს როლი შეითავსა სხვადასხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმა მათ შორის ეკლესიამ !

დომინანტი გარე კოალიციები, რომლებიც გავლენას ახდენს  “სკოლაზე”, შედგება ერთი გავლენიანი, განსაკუთრებით ძლიერი სუბიექტისგან, ან რამდენიმე გავლენიანი სუბიექტისგან, რომლებიც  ერთდროულად მოქმედებენ. დღეს ეს გარე კოალიციები იმდენად ძლიერია, რომ იგი დომინირებას ახდენს არა მხოლოდ ლოკალურად, ერთეული ორგანიზაციების ფუნქციონირებაზე, არამედ მთლიანად  განათლების პოლიტიკის შინაარს განსაზღვრავს.

მიუხედავად არსებული არასახარბიელო რეალობისა, დომინანტი კოალიციები არ რჩება საწინააღმდეგო აზრის გარეშე ! როგორც ჩანს ეს მხოლოდ დროის საკითხია, სანამ სხვა ჯგუფები და ინდივიდები გაერთიანდებიან და იმოქმედებენ ! მაგრამ სანამ ეს დრო გავა , სოციალური ზეწოლა სულ უფრო და უფრო იზრდება სკოლებზე. უფრო მეტიც, ორგანიზაციული ქცევის წესს განსაზღვრავს არა იმდენად საქმიანობის შედეგების გაუმჯობესების რაციონალური მოთხოვნები, არამედ სწორედ ეს “სოც ზეწოლა”, რომელიც კონკრეტული წესების იმპლემენტაციით შემოიფარგლება. მაშასადამე სკოლები ასახავენ იმ ნორმებს, ღირებულებებსა და იდეოლოგიებს, რომლებიც ინსტიტუციონალიზებულია საზოგადოებაში. სკოლები ემორჩილებიან ამ წესებს და ნორმებს იმისთვის, რომ მოიპოვონ ლეგიტიმურობა  – ანუ კულტურული მხარდაჭერა ორგანიზაციისთვის .  სხვა სიტყვებით რომ ვთარგმნო, ასეთი მორჩილება ხელს უწყობს სკოლის გრძელვადიან გადარჩენას. ეს თეზისი განსაკუთრებით შემიძლია განვაზოგადო,საჯარო სკოლის მასწავლებლებზე, რადგან მათ არ აქვთ შესაბამისი ტექნოლოგიები არ მუშაობენ კონკურენტულ ბაზარზე და განსაკუთრებით მარტივად ითვისებენ ინსტიტუციონალიზებულ ელემენტებს და ემორჩილებიან ამ გარემოს !

P.S.

სკოლის მიერ გაწეული მომსახურების პირველადი ბენეფიციარები არიან პოლიტიკური სუბიექტები. (მათ შორის ეკლესია ) .!.