თვის არქივი: იანვარი 2018
გიორგი ლომოური – განათლების იდენტობა დიმიტრი უზნაძის თეორიის პერსპექტივიდან …
განათლების პრობლემების გაგებისთვის მნიშვნელოვანია, განათლებაში იდენტობის საკითხის განსაზღვრა. განათლებაში იდენტობის ფორმირება არის პროცესი, რომელიც მოიცავს “ცოდნის” მნიშვნელობის შექმნას ინდივიდუალურ დონეზე. რაც გულისხმობს ცოდნის ინდივიდუალურ კონსტრუირებას. განათლების იდენტობა, არის ცოდნის აღიარების ინდივიდუალური გზა, ეს არის პერსონიფიცირებული აღმოჩენები და სწავლის პროცესი. განათლების ეგზისტენციალური თვალსაზრისიდან, იდენტობა დაკავშირებულია მიკუთვნებულობისა და აღიარების ფორმასთან, რაც გულისხმობს მოსწავლის “განვითარებადი მე-ს კონსტრუირებას”.
განათლებაში იდენტობის გაგება დაკავშირებულია მოსწავლის პერსონალური ქცევის პასუხისმგებლობაზე, რასაც საფუძვლად უდევს ცოდნის გააზრებული ტრანსფერი პრაქტიკულ ინტერვენციებში და არა მექანიკურ მოქმედებებში. დიმიტრი უზნაძე აღნიშნულ პრაქტიკას უწოდებს “მიზანშეწონილ გააზრებულ ქცევას”.
უზნაძის “განწყობის ფსიქოლოგია” შეიძლება შევუსაბამოთ განათლების იდენტობის მნიშვნელობის შექმნას ინდივიდუალურ დონეზე, რაც გულისხმობს განვითარებადი მე-ს კონსტრუირებას, მიზანშეწონილი გააზრებული ქცევის საფუძველზე. უზნაძის განმარტებით „მექანიციზმს/ბიჰევიორიზმს“, რომელზეც დაფუძნებულია ქართული ზოგადი განათლების სისტემა იცავს ე.წ. რეფლექსოლოგია. რომელიც ეწინააღმდეგება მიზანშეწონილი გააზრებული ქცევის კონსტრუირებას.
მოსწავლის ქცევა უნდა იყოს განსაზღვრული მიზეზობრივად, მაგრამ იმავე დროს უნდა ხასიათდებოდეს მიზანშეწონილობითაც. ეს უკანასკნელი კი ეფუძნება ინდივიდის „მოთხოვნილებას“. როცა მოსწავლეს არ აქვს ინდივიდუალური მოთხოვნილება, მისი დამოკიდებულება გარემოსთან არის ინდიფერენტული, თუმცა მაინც აქტიური, ასეთ შემთხვევაში ეს აქტიურობა შეიძლება განპირობებული იყოს სწორედ ბიჰევიორისტული ინსტრუმენტების ზემოქმედებით, რასაც შეიძლება დავარქვათ გარემოსთან მოსწავლის შემთხვევითი დამოკიდებულება. რაშიც გარემო წარმოადგენს შემთხვევით, ინდიფერენტულ სივრცეს.
უზნაძე მოსწავლის “განწყობას/იდენტობას” განმარტავს, როგორც მდგომარეობას, დამოკიდებულებას ქცევის დაწყების წინ. ეს განსაზღვრება მნიშვნელოვანია, რადგან უპირატესობა ენიჭება არა კონკრეტული გარემოს კონტექსტს, რაც ბიჰევიორისტულ მეცნიერებაში ნორმად ითვლება, არამედ სუბიექტს, როგორც მთელს. შესაბამისად მოსწავლის ქცევა უნდა განსაზღვროს მისმა იდენტობამ/განწყობამ და თუ ქცევა წარიმართა ამ იდენტობის შესატყვისად, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი მიზანშეწონილად მიმდინარეობს.
ტოლმენი გვეუბნება, რომ ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების საუკეთესო საზომი მისი უნარია – გონებაში ერთდროულად ატარებდეს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო იდეას და მაინც ინარჩუინებდეს აზროვნების უნარს. სწორედ ამ იდეას განმარტავს უზნაძე, თავის ნაშრომში, როცა აღნიშნავს, რომ მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს მრავალფეროვანი მოთხოვნილებები (და არა ვალდებულებები), მაგრამ ეს მოთხოვნილებები ზოგიერთ შემთხვევაში სრულად ეწინააღმდეგებოდეს ურთიერთს და ერთის დაკმაყოფილება მეორეს საზიანოდ იყოს მიმართული. მაგალითად, როცა გვშია, შეიძლება ეს მოთხოვნილება ადვილად დავიკმაყოფილოთ, თუ მაღაზიიდან მოვიპარავთ პროდუქტს, მაგრამ ეს თავისმხრივ ეწინააღმდეგება ჩვენს მეორე მორალურ მოთხოვნილებას. შესაბამისად ადამინი, როცა ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნილებებიდან, ერთს აყენებს უპირატესად და მისი მიხედვით მოქმედებს, სწორედ ეს არის მისი სწავლის იდენტობა, განწყობა, რაც მიზანშეწონილად ვითარდება. ე.ი. შესაძლო ქცევის ღირებულების გაცნობიერების მიხედვით, სუბიექტს მისი შესრულების თუ შეუსრულებლობის განწყობა უჩნდება და ასე ხდება, რომ სუბიექტი გარკვეულ აქტს მიმართავს.
უზნაძის თეორიის მიხედვით, არასწორია მტკიცება, იმის შესახებ, რომ სუბიექტის შესწავლის ძირითად საგანს მისი ქცევა უნდა წარმოადგენდეს. ქცევა ხშირ შემთხვევაში ინდივიდის “არსებითი” მონაწილეობის გარეშე ხდება, მექნიკურად. უზნაძე ამ ქცევას „არანამდვილ ქცევას“ უწოდებს, რადგან ის შეიძლება არ იყოს განპირობებული სუბიექტის ნამდვილი მოთხოვნილებით. ამერიკელი ფსიქოლოგი ტოლმენი ასეთ ქცევას უწოდებს “მოლეკულურ” ქცევას, რომელიც არ არის „მორალური“ ქცევა. ასეთ დროს გადამწყვეტ როლს არა სუბიექტი, არამედ გარემო ასრულებს.
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ განათლებაში იდენტობის ცნება შესაძლებლობას იძლევა გავიგოთ, თუ რატომაა, რომ ქცევა მიზანშეწონილია, აზრიანია, ე.ი. ერთსა და იმავე დროს მოსწავლესაც უწევს ანგარიშს და საგნობრივ სინამდვილესაც.
„თუ მოსწავლის სხეულის შიგნიდან გამომდინარე მოთხოვნილების იმპულსის ნიადაგზე ხორციელდება ქცევა ან არის ასევე სოციალურ განვითარებაზე მიმართული ის „იდენტურია“, ხოლო თუ სხეულის გარე პერიფერიული ვალდებულება იჩენს თავს, ეს არ არის ნამდვილი ქცვა“. (უზნაძე, 1925).
