გიორგი ლომოური – ჯიოვანი პაპინი – გამბედაობის მარში

ჩვენ გვაკლია გამბედაობა. ჩვენ ნაკლებად გაბედულნი ვართ. აუცილებლად საჭიროა გამბედაობა. გამბედაობა. გამბედაობა და უსათუოდ გამბედაობა. თუ გამბედაობა არ კმარა – გაშმაგება. თუ სიშმაგე ცოტაა – თავხედობა. თავხედობა თუ მცირეა – გადარევა. თუ არ კმარა გადარევა – სიკვდილი. აუცილებელია გამბედაობა. საჭიროა აქიმობა გამბედაობით. კარგი რამ არის ისტორია, კულტურა, ტალანტი (მშიშარისათვის), მაგრამ მიქარვაა ყველაფერი გამბედაობასთან.
ვინც ვერ გაბედავს – ვერასოდეს ვერ შექმნის მარადიულს.
ვინც ვერ გაბედავს – ვერასოდეს ვერ შექმნის ახალს.
გაუბედავი ვერასოდეს ვერ მონახავს საკუთარ სახეს.
ვინც ვერ გაბედავს – ვერასოდეს ვერ მოიშორებს წარსულს, ტრადიციებს და მაგალითებს.
ვინც მოკლებულია გამბედაობას – ის უსათუოდ ჩაეფლობა იტალიურ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, ამერიკულ, რუსულ და უმეტესად იტალიურ ნეხვში, რომელიც ანელებს და ამძიმებს წინსვლას და ჰბადებს წინდახედულობას.
გენია არის გამბედაობა.
წარჩინება არის გამბედაობა. ორიგინალობა არის გამბედაობა.
რღვევა არის გამბედაობა.
უნდა გქონდეს გამბედაობა იყო გაუგებარი. უნდა გქონდეს გამბედაობა გახდე სასაცილო და ყბადაღებული. უნდა გქონდეს გამბედაობა არ მოერიდო გამქირდავ მტრობას და მშიშარა მეგობრობას. უნდა გქონდეს გამბედაობა იშოვო ცოტა ფული. უნდა გქონდეს გამბედაობა მიაფურთხო, მიაშარდო, მიარწყიო და მიაოხრო ყველაფერს, რაც საყოველთაოდ პატივსაცემი და საყვარელია. უნდა გქონდეს გამბედაობა იარო გაბახებული და ქვეყნის თვალში გახდე კოტორი, შექანებული და გაიძვერა. უნდა გაბედო შენი თავის წამება და შერცხვენა, რომ უარი უთხრა მრავალ რწმენას და უმეტესობის აღტაცებას.
უნდა გქონდეს გამბედაობა იხტუნო ქალაქის მოედანზე და შუბლი მიაგებო კართოფილებს, ჟურნალისტები რომ თავში მოგაყრიან.
ერთადერთი ხსნა გამბედაობაშია.
გამბედაობაა ერთადერთი წამალი და ერთადერთი საშუალება გამბედაობაა. სიამაყის პირველი ფუძე – გამბედაობაა. გამბედაობაა ერთადერთი დოკუმენტი დიდებისა, უკანასკნელი ცეცხლოვანი წრთობა გამბედაობაშია. სასურველია გამბედაობა. მარადის გამბედაობა. მეტი გამბედაობა. ყოველთვის, ყოველ დღე, ყოველ ჟამს, ყოველ წუთს სულ მეტი და უმაღლესი გამბედაობა.
არაფერი – გარდა გამბედაობისა. გამბედაობა ჩვენთვის და გამბედაობა სხვისთვის, გამბედაობა გუშინზე და გამბედაობა ხვალინდელისათვის. გამბედაობა ცხოვრებაში და გამბედაობა ხელოვნებაში. გამბედაობა დაცინვისა და გამბედაობის ზრახვის წინაშე. გამბედაობა მძლვარების წინაშემ გამბედაობა სიყვარულში.
თვით ჩვენ, გამბედაობას რომ ვქომაგობთ, გამბედაობა რომ ვაღიარეთ ხელოვნების ფუძედ, აზროვნების ღერძად და ვალდებულებად ცხოვრებისა; თვით ჩვენ, რომელთაც სხვაზე მეტი, ყველაზე მეტი გამბედაობა გვაქვს და სხვისი სილაჩრე საკუთარ სირცხვილად მიგვაჩნია, – თვით ჩვენც კი, ვინც საბოლოოდ ამოვძირეთ ყოველგვარი პატივისცემა, მხატვრული დაფასება, ვინაც მოვსპეთ კანონმდებელი ზრდილობა და ამდაგვარი საზოგადო, რელიგიური და სამოქალაქო წესები მოკრძალებისა, – თვით ჩვენც კი არა ვართ საკმარისად გაბედულნი.
ჩვენში ჯერ კიდევ ცოცხალია სირცხვილის ფესვი, პატივისცემა, ოდენი გონიერება და ნიშანი ლაჩრობისა. ჩვენ თვით ვერა ვართ ბოლომდე გაბედული. ჩვენ კიდევ არა გვაქვს მთელი სავალდებულო გამბედაობა. ჩვენ არაერთხელ შევანგრიეთ და ჩავქოლეთ წარსული, ბრბო და ლოღიკა – ეს ჩინური კედლები ევროპული მანდარინიზმისა.
ჩვენში კიდევაა ჩარჩენილი რაღაც გრძნობა წარსულიდან, ოდენი პატივისცემა წარსულისადმი, მცირედი სინანული შესახებ წარულისა და რაღაც სევდა წარსულის გამო. ჩვენში კიდევ ცოცხალია პატივისცემა იმ ხალხისადმი, თეატრებში რომ დადიან და კითხულობენ გაზეთს. ჩვენ კიდევ გვაშინებს პროფესორები, ჟურნალისტები, კრიტიკოსები და ცოტაოდენი მორიდება სეროზული ხალხისადმი ჩვენში მაინცაა დარჩენილი. ჩვენ საბოლოოდ ჯერ კიდევ ვერ დავძლიეთ ნათქვამი შესახებ გონიერების ვალდებულებისა. ვერ გავაქრეთ შიში იმის გამო, რომ უჭკუო ბოდვა სხვისთვის გაუგებარი დარჩება.
ჩვენ ვიცავთ წესებს და ჩვეულ გამოთქმას. ჩვენ საკმარისად ვერ ვაბითურებთ წარსულს, ვერ ვამასხარებთ ღირსეულად უმრავლესობას და ხშირად გვერიდება რიგიანი პანღური ამოვკრათ გონიერებას.
ის ამბავი – რომ ჩვენ ვწერთ – უკვე არის ფაქტი რაღაც ლოღიკური თანმოყოლებისა. ჩვენ დღემდე ვადგავართ ჩვეულით განმტკიცებულ წესს, დავიცავთ პერიოდების წყობას, ფრაზათა სქემას. ჩვენ საუბარში კიდევ ცოცხლობს რაღაც მოციქულისებური კეთილგანწყობილება მქმნელისადმი. მისი დაზოგვა, თავდაჭერა და პატიება.
არა, ძვირფასო მეგობრებო. ჩვენ გაუბედავი ვართ და ჯერ კიდევ გვაკლია გამბედაობა. თვით ჩვენ ჯერ კიდევ მშიშრები ვართ. ჩვენ ცალი ფეხით ისევ ნათქვამისა და ნაკეთების წრეში ვართ და გონიერების ნიშნები კერ კიდევ ჩამჯდარია ჩვენი ტვინის გრეხილებში.
ჩვენ გვაკლია გამბედაობა შეურაცხვყოთ მეტზე მეტად. ჩვენ ვერ ვბედავთ ვიყოთ უფრო უხეში.
ჩვენ გვაკლია გამბედაობა გავხდეთ უფრო გაუგებარი, ჩვენ გვეშინია ვიყოთ უფრო ოხერი, უფრო უმეცარი, უფრო უზრდელი, უფრო საძაგელი და თაღლითი.
ჩვენ არა გვაქვს გამბედაობა გავხდეთ უფრო ღორული, უფრო ბარბაროსი, ველური, უფრო კომიკური და მასხარა.
ჩვენ ვერ ვბედავთ უფრო მეტად გადარევას, ჩვენ გვეშინია ვიყოთ უფრო შეშლილი, უფრო აწყვეტილი, უფრო ჭკუადაწყვეტილი.
არის დღეები, როცა ჩვენ ისეთივე მშიშარა ვართ, როგორც ჩვენ მიერ გასახვეტი ხალხი. ჩვენ ვიცით წუთები, როცა გვეეჭვება ჩვენი თავი, გვეშინია მათსავით, ვინც გვძულს და ვინც გვეზარება.
 ჩვენ დავძლევთ უდრეკელ ცრუმორწმუნეობას მხოლოდ გამბედაობის შემწეობით და ძველ ფორმებს – ფილოსოფიის, ლიტერატურის, მუსიკისას – ჩვენ მოვინელებთ მხოლოდ გამბედაობის ძალით.
მხოლოდ გამბედაობით გამოვწურავთ ჩვენ სისხლიდან კულტურის ყველა შხამს და გამოვდევნით მონობას, მიმბაძველობისა და სათნოების ცოდვას.
თუ გავბედეთ – ჩვენ მოვიშორებთ და საბოლოოდ გავასვენებთ ჩვენს მკვდრებს.
ჩვენ დავფშვნით და გავთელავთ მტერს მხოლოდ გამბედაობით.
ახალ ატმოსფეროს, ახალ ხელოვნებას, ახალ ცხოვრებას ჩვენ შევქმნით მხოლოდ მაშინ, თუ ვიქნებით გაბედული, თუ გვექნება მეტი გამბედაობა. თუ აღვიჭურვებით გამბედაობით, – ვერ დაგვცემს მომავალი და შიში მისი განადგურებისა.
საჭიროა გამბედაობა. დიდი გამბედაობა, უზარმაზარი, უსაშველო გამბედაობა, გამბედაობა მარადის. და მარადის იქითაც უმაღლესი გამბედაობა.
…………………………………………………………………………………….
თარგმანი: ნიკოლო მიწიშვილი
პარიზი. აგვისტო, 1923 წელი.
გაზეთი “რუბიკონი”