გიორგი ლომოური – ე.ს.გ “კარგი” ბიჰევიორისტული პროგრამა

რამოდენიმე ათწლეულის წინ მკვლევართა უმეტესმა ნაწილმა იცოდა, თუ რა არის ეფექტიანი სწავლება და რომელ თეორიებს უნდა ეფუძნებოდეს ის. გვქონდა ცოდნა ეფექტიანი სწავლების და ბიჰევიორისტული მიდგომების შესახებ, რომ სწავლა შესაძლოა განხორციელდეს პირდაპირი სწავლებით და ხელმძღვანელობის ქვეშ წარმოებული საქმიანობით. თუმცა დღეს სულ სხვა სურათი გვაქვს.

რას აკეთებენ საგანმანათლებლო სისტემები იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ ხარისხიან სწავლებას ? ამ კითხვაზე ასეთ პასუხს გვცემენ უცხოელი ექსპერტები :  განმანათლებლები საზოგადოების ღირებულებებიდან გამომდინარე იზიარებენ სხვადასხვა განათლების თეორიებს და ამის საფუძველზე ქმნიან სასწავლო გეგმებს. თუმცა ერთგვაროვანი  საზოგადოება, რომელსაც საერთო ღირებულებები აკავშირებს, განსხვავებულობის გარეშე აღარ არსებობს.  ამიტომ განათლების ტრადიციული თეორიები, რომელსაც ეფუძნება საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაც, საჭიროებს მეცნიერულ შესწავლას, თუ რამდენად უზრუნველყოფს საზოგადოების მრავალფეროვან მოთხოვნილებებს.

შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ჰიპოთეზა : საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა დღესაც ეფუძნება 1879 წელს ჩამოყალიბებულ – ბიჰევიორისტული სწავლა – სწავლების ტრადიციულ მიდგომებს.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღნიშნულია :  მუხლი 27. “თანმიმდევრული საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად, მოსწავლის შეფასება უნდა დაეფუძნოს კონსტრუქტივისტულ პრინციპებს“. მაგრამ სამწუხაროდ დღეს  ურთიერთსაწინააღმდეგოა ე.ს.გ – ში ჩამოყალიბებული თეორიული მიმართულებები, პრაქტიკაში განხორციელებულ ინტერვენციებთან. მიუხედავად იმისა, რომ კონსტრუქტივისტული თეორიები ეყრდნობა ჯონ დიუის განათლების ფილოსოფიას და პიაჟეს, ვიგოცკის, ბარლეტის, ბრუნერის კვლევებს, არ არსებობს სწავლის მხოლოდ ერთი კონსტრუქტივისტული თეორია, არამედ არსებობს კონსტრუქტივისტული მიდგომები მეცნიერებასა და მათემატიკის სწავლაში, განათლების ფსიქოლოგიასა და ანთროპოლოგიაში. შესაბამისად ე.ს.გ – ში არ არის ნათლად მოცემული თუ სწავლა-სწავლების პროცესი, კონკრეტულად კონსტრუქტივისტული მიდგომის რომელ მეთოდს ეფუძნება, რადგან ზოგადად კონსტრუქტივიზმი შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ფილოსოფიურ მოცემულობად და არა სწავლების თეორიად. ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოყენებულია ტერმინი „კონსტრუქტივიზმი“, რომლის ძირითადი კატეგორიები არ არის განსაზღვრული. ძირითად კატეგორიებად მკვლევარები მოიაზრებენ, რაციონალურ, რადიკალურ და დიალექტიკურ კონსტრუქტივიზმს.
რაციონალური კონსტრუქტივიზმი –  ცოდნის ათვისება ხდება მანამდე არსებული ცოდნის ტრანსფორმაციით და რეორგანიზაციით. პიაჟეს თეორია ყველაზე ზუსტად შეესაბამება ამ მიდგომას. რაც გულისხმობს ინდივიდის განვითარების ეტაპების უნივერსალურ თანმიმდევრობას,  რომელთაგან თითოეული მოიცავს წინა ეტაპთან შედარებით უფრო დახვეწილ და ფუნქციურ ფორმებს.
რადიკალური კონსტრუქტივიზმი –  ცოდნის კონსტრუირებას უკავშირებს უფრო ინტერპერსონალურ ურთიერთმოქმედებებს, კულტურისა და იდეოლოგიების ზეგავლენას. ეს არის ე.წ პოსტმოდერნული მიმართულება, რომელიც ბოლო წლებში პოპულარული გახდა ამერიკის განათლების სისტემაში და ამბობს, რომ არ არსებობს რაიმე აზრის ან შეხედულების ინტერპრეტირების საფუძველი, როგორც სხვაზე უკეთესის ან უარესის შეფასება.
დიალექტიკური კონსტრუქტივიზმი – დიალექტიკური კონსტრუქტივიზმი არის შუალედური პოზიცია, რომელიც ვარაუდობს, რომ ცოდნა იზრდება შიდა (კოგნიტური) და გარე (გარემოსა და სოციალური) ფაქტორების ურთიერთქმედების მეშვეობით.  შეიძლება ითქვას, რომ ეს არის შუალედური პოზიცია – ცოდნა არის გარე სამყაროს ხედვა (რაციონალური კონსტრუქტივიზმი), რომელიც გაფილტრულია კულტურის, ენის, ღირებულებების პრიზმაში. ვიგოცკის თეორია, როგორც კოგნიტური განვითარების აღწერა, დიალექტიკური კონსტრუქტივიზმის კარგი მაგალითია, რომელიც გულისხმობს, რომ ცოდნა შენდება ინდივიდუალურ შენატანზე და განვითარება სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში სხვადასხვაგვარად წარიმართება – სხვადასხვა არგუმენტებს სხვადასხვა ძალა აქვთ სხვადასხვა სიტუაციაში.

ზოგადად თუ განვიხილავთ ე.ს.გ – ის კონტექსტი, შეიძლება ყველაზე ახლოს მივუსადაგოთ „რაციონალური კონსტრუქტივიზმის“ მიმართულებას, რომელიც გულისხმობს ცოდნის შეძენას, მხოლოდ გარე სამყაროსთან კავშირის შედეგად, შეხედულებების ინტერპრეტირების გარეშე.

მნიშვნელოვანია  ასევე განვსაზღვროთ, თუ რომელ მიდგომას ვიყენებთ სასწავლო პროგრამების შექმნისთვის, რადგან თეორიები ქმნის რეალობას, რომელშიც მოსწავლეებს უწევთ სწავლა და საქმიანობა.
უილიამ ვუნდტმა 1879 წელს ლაიფციგის უნივერსიტეტში დააარსა პირველი ბიჰევიორისტული ფსიქოლოგიური ლაბორატორია, რამაც დასაბამი მისცა ამ მეცნიერების განვითარებას. მალე ამერიკაში ვუნდტის სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს თავიანთ უნივერსიტეტებში მსგავსი ლაბორატორიები და დაიწყო, როგორც ახალი მეცნიერული საგანმანათლებლო პარადიგმის შესწავლა. ბიჰევიორიზმის სახელით გახდა ცნობილი ეს მიდგომა და სათავეს იღებს ამერიკული უმაღლესი განათლებიდან, რომელიც მნიშვნელოვნად განვითარდა მეოცე საუკუნეში, მათ შორის საქართველოშიც. ბიჰევიორისტული თეორია გულისხმობს გარემოსთან ურთიერთობის პროცესში გამოცდილების მიღებას (დაახლოებით რასაც რაციონალური კონსტრუქტივიზმი გულისხმობდა) და ინფორმაციის დაგროვებას. ამის შედეგად ხდება ცვლილება ქცევაში, თანაც ისეთი, რასაც შეიძლება დავაკვირდეთ და აღვრიცხოთ. ეს თეორია სწავლის პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მასწავლებელს და არა მოსწავლეს.

1980-იანი წლების ბოლომდე ეს მიდგომა პოპულარული იყო შეერთებული შტატების სასკოლო განათლებაში, ქართული განათლების სისტემაში კი ჯერ კიდევ ინარჩუნებს გავლენას სასწავლო პროგრამებისა და სწავლების სფეროებში.  ბიჰევიორიზმის ტექნოლოგია,  რომელსაც სკინერი ურჩევდა სკოლებს, გულისხმობს მიზნების განსაზღვრას მოსწავლის სასურველი ქცევის მოდიფიკაციისთვის. ბიჰევიორისტული შეხედულებით „სწავლის დამამტკიცებელი საბუთი ვლინდება სტიმულის პასუხად მიღებულ პროგრამის შედეგებში, სტანდარტიზებულ ტესტზე გაცემულ პასუხებში ან მასწავლებლის ზეპირ შეკითხვებში“.  სწორედ აღნიშნულ პრაქტიკას ეფუძნება, 2011 წელს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში (შემდეგში სკოლა) დანერგილი, ე.წ. საატესტატო გამოცდები.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საატესტატო გამოცდები, როგორც ე.ს.გ – ის მისაღწევი კომპეტენციის გამზომი საშუალება გარკვეულწილად აცდენილია ლოგიკას, რადგან იგი კონკრეტული ინფორმაციის, ფაქტებისა და დაზუსტებების დახსომებაზეა ორიენტირებული.

„კარგ“ ბიჰევიორისტულ პროგრამაში/სასწავლო გეგმაში მიზნები მოსწავლის ქცევით განისაზღვრება და ტესტებზე დამაკმაყოფილებელი პასუხების აღნიშვნით, ამაზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ რომ 2005 წელს, ქართული სკოლებისთვის შექმნილი, (და 2017 წელს „განვითარებული“) ეროვნული სასწავლო გეგმა თავისი არსობრივი ფუნქციით არის, „კარგი“ ბიჰევიორისტული პროგრამა, რომელიც არ ითვალისწინებს მოსწავლის პროგრესულ განვითარებას, რაც უნდა გულისხმობდეს თავისუფალი სწავლა-სწავლების პროცესს. სკინერმა განმარტა, რომ ბიჰევიორიზმის პედაგოგიკური ტექნიკა არაა შექმნილი გონების განსავითარებლად და ბუნდოვანი წარმოდგენების დასახვეწად, რადგან ისინი შექმნილია ისეთი ქცევების გამოსაწვევად,  რომლებიც მხოლოდ სწავლის მტკიცებულებად გამოდგება. ეს საკითხი აკადემიური მსჯელობის საკითხი იყო 1968 წელს აშშ – ში, რომელიც განათლების პარადიგმის ცვლილებასთან მიმართებაში განიხილეს, როგორც არაეფექტიანი მიდგომა.