გიორგი ლომოური – ძალაუფლების თამაშები ორგანიზაციაში

ძალაუფლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.  ის გავლენას ახდენს, როგორც ორგანიზაციაზე, ასევე ინდივიდზე.

ძალაუფლების თამაშში  ორგანიზაციის თითქმის ყველა წევრი მონაწილეობს . ძალაუფლების მოთამაშეებს უნდა ჰქონდეთ თამაშის ნებისყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა სურდეთ ენერგიის დახარჯვა და ასევე გააჩნდეთ უნარი, იმოქმედონ სტრატეგიულად და ტაქტიკურად.

ძალაუფლების პოლიტიკა ხდება ორგანიზაციის ცხოვრების ყოველდღიური წესი. ეს პოლიტიკა უმეტესწილად არის შიდა, ფარული და არალეგიტიმური.  მიუხედავად ლეგიტიმურობის ნაკლებობისა, შიდა ფარულ პოლიტიკას  შეუძლია, ძალაუფლების ყველა ფორმების მსგავსად,  გადაწყვიტოს მნიშვნელოვანი ორგანიზაციული პრობლემები.

ნებისმიერ ძლიერ ორგანიზაციაში, თითქმის  ყველა შიდა ჯგუფი ცდილობს, რომ გავლენა მოახდინოს ორგანიზაციულ პოლიტიკაზე  საკუთარი ინტერესებისთვის. ფაქტიურად, ორგანიზაციის ყველა წევრი, მიუხედავად რანგისა მონაწილეობს პოლიტიკურ თამაშში (მეტნაკლებად). ჩვეულებრივ თანამშრომლები ამ პოლიტიკურ ტაქტიკებს იყენებენ ყველა დონეებზე.

არსებობს რამოდენიმე ტაქტიკა :

  1. მოწონების ტაქტიკა — მოწონების მცდელობა არის ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება სხვა ადამიანის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ეს შეგვიძლია ასე ვთარგმნოთ : დაეხმარე კოლეგას ან ზემდგომს და ეს პიროვნება ვალდებულად ჩათვლის თავს, საპასუხოდ გაგიწიოს სამსახური.
  2. ინფორმაციის ფლობის ტაქტიკა — ინფორმაციის ფლობის ტაქტიკა, არის საშუალება, რომელსაც იყენებენ ის ინდივიდები, რომელთაც სურთ სხვების კონტროლი ან საკუთარი სტატუსის შექმნა. საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების ტაქტიკამ შესაძლოა გაამყაროს ადამიანის პოზიციები. ამ ტაქტიკის მნიშვნელოვანი ელემენტია გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვება, ხოლო შემდეგ მისი ოსტატურად გამოყენება. სხვებს ინფორმაცია ისე უნდა მიაწოდოთ, რომ გაიზარდოს მათი თქვენზე დამოკიდებულება, ხოლო თქვენ ისეთი ადამიანის რეპუტაცია უნდა შეგექმნათ, რომელმაც  ” ნამდვილად იცის” რა ხდება .
  3. კოალიციის შექმნის ტაქტიკა — კოალიციის შექმნა არის პროცესი რომელშიც ინდივიდები ერთიანდებიან საერთო მიზნების მისაღწევად. კოალიცია უპირისპირდება არსებულ პოლიტიკას, წინააღმდეგობას უწევს შემოთავაზებულ ცვლილებებს. გავლენის მოხდენის თვალსაზრისით, ცალკე მყოფი ინდივიდები ნაკლებად წარმატებულნი არიან, ვიდრე ჯგუფები.
  4. განტევების ვაცის ძიების ტაქტიკა — “განტევების ვაცის ”  ძიება არის სხვებზე გადაბრალება და იერიშის მიტანა მაშინ, როცა საქმე უარესდება, ან ძალიან ფუჭდება. უფროსები ხშირად დაქვემდებარებულებს ადანაშაულებენ, როცა დაგეგმილ ინტერვენციებს შედეგი არ მოყვება. “განტევების ვაცის ” მონახვამ შეიძლება საშუალება მისცეს პოლიტიკურად გამჭრიახ ინდივიდებს, თავიდან აირიდონ ყურადღება და “გამოძვრნენ”,  მათ ნაცვლად დასასჯელი  სხვა ინდივიდის მონახვით.
  5. ექსპერტიზის  ტაქტიკა —- ექსპერტიზაზე დაფუძნებულ თამაშს თამაშობენ ის პროფესიონალები, რომლებმაც განივითარეს ორგანიზაციისთვის საჭირო უნარები და ცოდნა (დიდი ხნის თანამშრომელი). ისინი აგრესიულად იბრძვიან ძალაუფლებისთვის, თავიანთი ცოდნის მაქსიმალური გამოყენებით – ხაზს უსვამენ საკუთარი ნიჭის უნიკალურობას და ორგანიზაციის მიერ ამ უნიკალური თვისებების ჩანაცვლების უუნარობას.
  6. ბატონობის ტაქტიკა — ბატონობა არის ტაქტიკა, რომელშიც  უკვე ლეგიტიმური ძალაუფლების მქონე ადამიანები “ბატონობენ” მათზე, რომლებიც მათი ქვემდგომები არიან, და ამგვარად, ექსპლუატაციას უწევენ მათ არალეგიტიმური საშუალებებით. მაგრამ, როდესაც  ადამიანები ძალაუფლების გარეშე რჩებიან ფართო ასპარეზზე, ისინი ძალაუფლების საკუთარი მოთხოვნილებების  კონცენტრირებას ახდენენ მათზე, ვისზეც ვრცელდება მათი თუნდაც უმცირესი უფლებამოსილება. მაგ: მასწავლებლები ასე ექცევიან მოსწავლეებს.
  7. დაპირისპირებულ მხარეთა თამაში/ტაქტიკა –  ეს თამაში იწყება მაშინ, როცა ორი და მხოლოდ ორის ძირითადი ალიანსი უპირისპირდება ერთმანეთს. ასეთ თამაშში ყოველთვის არსებობს მოგებული და წაგებული. ეს თამაში შეიძლება მიმდინარეობდეს ორ ინდივიდს  შორის, ორ განყოფილებას შორის, ან ზოგადად სტაბილურობისა და ცვლილების მომხრეებს შორის. ამ თამაშში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპეტენცია და პოლიტიკური გამჭრიახობა .
  8. სიგნალის მიცემის ტაქტიკა  — სიგნალის მიცემის თამაში უფრო და უფრო გავრცელებული ხდება ყველა ორგანიზაციაში. მისი მიზანია, გამოიყენოს ინდივიდმა ყველანაირი ნორმა სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მოთამაშე იძლევა სიგნალს არაკანონიერი ქცევის შესახებ. სიგნალის მიმცემი გვერდს უვლის ლეგიტუმურ არხებს, ცდილობს კონტაქტი იყოს კონფიდენციალური. ეს მაღალი რისკის თამაშია. სიგნალის მიმცემი ადამიანები, ჩვეულებრივ არ უყვართ.
  9. ახალგაზრდა თურქების თამაში – ყველა თამაშებიდან ალბათ ყველაზე ინტენსიურია ე.წ. “ახალგაზრდა თურქების თამაში”.  რისკი დიდია – მიზანი იმდენად ფუნდამენტურია, რომ იწვევს   ლეგიტიმური ძალაუფლების მთლიანად შეცვლას.          ” ახალგაზრდა თურქები ”  უპირისპირდებიან ორგანიზაციის ძირითად საყრდენს და ცდილობენ დაამხონ მისი ჰეგემონია, შეცვალონ მისი კომპეტენციის ძირითადი სეგმენტი, შეცვალონ მისი ძირითადი  იდეოლოგია. ეს ფაქტიურად დიდი აჯანყებაა. ამ ტიპის თამაში  არის “ყველაფერი” ან “არაფერი”.
  10. განრიდების ტაქტიკა — ამ თამაშში ინდივიდი ყველაზე ინერტულია, ინდიფერინტულია. იგნორირებას უკეთებს  კონფლიქტებს, იმ იმედით,  რომ ყველაფერი თავად გამოსწორდება. ეს ორგანიზაციის ინდიფერენტული ზონაა.

ძალაუფლება წარმოადგენს ორგანიზაციის ცხოვრების ძირითად ელემენტს. იგი შეიძლება იყოს ლეგიტიმური და ნებაყოფლობით მიღებული ქვემდგომების მიერ, ან  იძულებითი, არალეგიტიმური და მას შეიძლება შეხვდეს წინააღმდეგობა ………….. რაც შეეხება პოლიტიკას, პოლიტიკა არის ორგანიზაციის ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ძალაუფლების მქონე ინდივიდები, ორგანიზაციის პოლიტიკური სივრცე შედგება ინდივიდთა და ჯგუფთა კოალიციებისგან, რომლებიც აწარმოებენ ერთმანეთს შორის გარიგებებს, რომ დაადგინონ რესურსების განაწილების არაფორმალური წესი.

აღნიშნული პოლიტიკური თამაშები მინცბერგის სისტემიდან არის მოყვანლი. სამწუხაროდ არ არსებობს კვლევითი ლიტერატურა,  რომელიც იკვლევს ურთიერთკავშირს პოლიტიკურ თამაშებს შორის.