1
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ზოგადი განათლების სისტემამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. როგორც განათლების მკვლევარები ამტკიცებენ, ამ სისტემის ერთ-ერთი ძირითადი თვისება გულისხმობდა მოსწავლეთათვის მაქსიმალური რაოდენობის ინფორმაციის მიწოდებას და შემდგომ დამახსოვრება-დაზეპირებას, გააზრების გარეშე.
არსებობოს ერთი მთავარი კითხვა : უზრუნველყოფს თუ არა დღეს ზოგადი განათლების სისტემა, მოსწავლეს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობით და გაიზარდა თუ არა მოსწავლეთა განათლების დონე ქვეყანაში ? პასუხი : საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა, დღესაც ეფუძნება 1879 წელს ჩამოყალიბებულ ბიჰევიორისტული სწავლა-სწავლების მიდგომებს…
რამოდენიმე ათწლეულის წინ მკვლევართა უმეტესმა ნაწილმა იცოდა, თუ რა არის ეფექტიანი სწავლება და რომელ თეორიებს უნდა ეფუძნებოდეს ის. გვქონდა ცოდნა ეფექტიანი სწავლების და ბიჰევიორისტული მიდგომების შესახებ, რომ სწავლა შესაძლოა განხორციელდეს პირდაპირი სწავლებით და ხელმძღვანელობის ქვეშ წარმოებული საქმიანობით. თუმცა დღეს სულ სხვა სურათი გვაქვს, შეიცვალა სწავლების პარადიგმები და მეთოდები. დამტკიცდა, რომ ბიჰევიორისტული სწავლება არის მავნებლობა, ხოლო შედარებით უკეთეს შედეგებს გვაძლევს კონსტრუქტივისტული მიდგომები.
კონსტრუქტივისტული პარადიგმა – ეს მიმართულება ქმნის ზუსტ აზრობრივ წარმოდგენებს, რეალური სამყაროს შესახებ, სქემებისა და მოქმედების წესების გამოყენებით. ცოდნის ათვისება ხდება მანამდე არსებული ცოდნის ტრანსფორმაციით და რეორგანიზაციით. ეს არის ე.წ პოსტმოდერნული მიმართულება, რომელიც ბოლო წლებში პოპულარული გახდა ამერიკის განათლების სისტემაში და ამბობს, რომ არ არსებობს რაიმე აზრის ან შეხედულების ინტერპრეტირების საფუძველი, როგორც სხვაზე უკეთესის ან უარესის შეფასება. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის შუალედური პოზიცია – ცოდნა არის გარე სამყაროს ხედვა, რომელიც გაფილტრულია კულტურის, ენის, ღირებულებების პრიზმაში. ცოდნა შენდება ინდივიდუალურ შენატანზე და განვითარება სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში სხვადასხვაგვარად წარიმართება – სხვადასხვა არგუმენტებს სხვადასხვა ძალა აქვთ სხვადასხვა სიტუაციაში.
ქართულ განათლების სისტემაში კი ჯერ კიდევ ინარჩუნებს გავლენას ბიჰევიორისტული მეთოდები, რომლის დროსაც, სწავლის დამამტკიცებელი საბუთი ვლინდება სტიმულის პასუხად მიღებულ პროგრამის შედეგებში, სტანდარტიზებულ ტესტზე გაცემულ პასუხებში ან მასწავლებლის ზეპირ შეკითხვებში. რაც, როგორც ზემოთ ვახსენეთ არის მავნებლობა.
2
ზოგადად განათლების პრობლემების გაგებისთვის მნიშვნელოვანია, განათლებაში იდენტობის საკითხის განსაზღვრა. საერთოდ რას უნდა ნიშნავდეს განათლების იდენტობა? განათლების იდენტობა არის პროცესი, რომელიც მოიცავს “ცოდნის” მნიშვნელობის შექმნას ინდივიდუალურ დონეზე. ეს ეხმიანება კონსტრუქტივსტული მიდგომის მთავარ თეორიას, რაც გულისხმობს ცოდნის ინდივიდუალურ კონსტრუირებას. განათლების იდენტობა, არის ცოდნის აღიარების ინდივიდუალური გზა, ეს არის პერსონიფიცირებული აღმოჩენები და სწავლის პროცესი. განათლების ეგზისტენციალური თვალსაზრისიდან, იდენტობა დაკავშირებულია მიკუთვნებულობისა და აღიარების ფორმასთან, რაც გულისხმობს მოსწავლის “განვითარებადი მე” – ს კონსტრუირებას.
განათლების იდენტობა, მიმართულია მოსწავლის პერსონალური ქცევის პასუხისმგებლობაზე, რასაც საფუძვლად უდევს ცოდნის გააზრებული ტრანსფერი პრაქტიკულ ინტერვენციებში. დიმიტრი უზნაძე აღნიშნულ პრაქტიკას უწოდებს “მიზანშეწონილ გააზრებულ ქცევას”. უზნაძის “განწყობის ფსიქოლოგია” შეიძლება შევუსაბამოთ განათლების იდენტობის მნიშვნელობის შექმნას ინდივიდუალურ დონეზე, რაც გულისხმობს განვითარებადი მე-ს კონსტრუირებას, მიზანშეწონილი გააზრებული ქცევის საფუძველზე.
მოსწავლის ქცევა უნდა იყოს განსაზღვრული მიზეზობრივად, მაგრამ იმავე დროს უნდა ხასიათდებოდეს მიზანშეწონილობითაც. ეს უკანასკნელი კი ეფუძნება ინდივიდის „მოთხოვნილებას“. როცა მოსწავლეს არ აქვს ინდივიდუალური მოთხოვნილება, მისი დამოკიდებულება გარემოსთან არის ინდიფერენტული, თუმცა მაინც აქტიური, ასეთ შემთხვევაში ეს აქტიურობა შეიძლება განპირობებული იყოს სწორედ ბიჰევიორისტული ინსტრუმენტების ზემოქმედებით, რასაც შეიძლება დავარქვათ გარემოსთან მოსწავლის შემთხვევითი დამოკიდებულება. უზნაძე მოსწავლის “განწყობას/იდენტობას” განმარტავს, როგორც მდგომარეობას, დამოკიდებულებას ქცევის დაწყების წინ. ეს განსაზღვრება მნიშვნელოვანია, რადგან უპირატესობა ენიჭება არა კონკრეტული გარემოს კონტექსტს, რაც ბიჰევიორისტულ მეცნიერებაში ნორმად ითვლება, არამედ სუბიექტს, როგორც მთელს. შესაბამისად მოსწავლის ქცევა უნდა განსაზღვროს მისმა იდენტობამ/განწყობამ და თუ ქცევა წარიმართა ამ იდენტობის შესატყვისად, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი მიზანშეწონილად მიმდინარეობს.
ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების საუკეთესო საზომი მისი უნარია – გონებაში ერთდროულად ატარებდეს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო იდეას და ამ იდეებიდან არჩევდეს ერთს. როცა ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნილებებიდან, ერთს აყენებს უპირატესად და მისი მიხედვით მოქმედებს, სწორედ ეს არის მისი სწავლის იდენტობა, განწყობა, რაც მიზანშეწონილად ვითარდება. ე.ი. შესაძლო ქცევის ღირებულების გაცნობიერების მიხედვით, სუბიექტს მისი შესრულების თუ შეუსრულებლობის განწყობა უჩნდება და ასე ხდება, რომ სუბიექტი გარკვეულ აქტს მიმართავს.
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ განათლებაში იდენტობის ცნება შესაძლებლობას იძლევა გავიგოთ, თუ რატომაა, რომ ქცევა მიზანშეწონილია, აზრიანია, ე.ი. ერთსა და იმავე დროს მოსწავლესაც უწევს ანგარიშს და საგნობრივ სინამდვილესაც.
„თუ მოსწავლის სხეულის შიგნიდან გამომდინარე მოთხოვნილების იმპულსის ნიადაგზე ხორციელდება ქცევა ან არის ასევე სოციალურ განვითარებაზე მიმართული ის „იდენტურია“, ხოლო თუ სხეულის გარე პერიფერიული ვალდებულება იჩენს თავს, ეს არ არის ნამდვილი ქცვა“. (უზნაძე, 1925).
3
“განათლების იდენტობამ”, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა დღეს, როცა განათელბის პარადიგმები მკვეთრად იცვლება.
რას გულისხმობს განათლების ახალი პარადიგმა ? განათლების ახალი პარადიგმა გულისხმობს, აზროვნების მაღალ დონეს არა ცალკეულ მოსწავლეში, არამედ ყველა მოსწავლეში.
და რას ნიშნავს აზროვნების მაღალი დონე ?
აზროვნების მაღალი დონე არ ისწავლება, როგორც ცალკე აღებული პროგრამით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები. აზროვნების მაღალი დონის მაჩვენებელი ვითარდება, როცა მოსწავლე ათვისებულ საგნობრივ (და ასევე არა საგნობრივ) ცოდნას უკავშირებს სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას და კრიტიკულად ან შემოქმედებითად გაიაზრებს ნასწავლს, ანდა მისი მეშვეობით წყვეტს ამა თუ იმ პრობლემას და იღებს გადაწყვეტილებას. სწორედ ეს იგულისხმება აზროვნების მაღალ დონეში.
აღნიშნულ განათლების პარადიგმას საფუძვლად უდევს, ადამიანის ინტელექტის არსის გადააზრება. ინტელექტის არსის გადააზრებას შეეცადა ასევე, ჰოვარდ გარდნერი. გარდნერმა განმარტა, რომ არსებობს რამოდენიმე სახის ინტელექტი, რომლებიც ურთიერთდამოკიდებულია. თითოეული იძლევა საშუალებას, რომ სხვადახვაგვარად ვიყოთ ჩართული ინტელექტუალურ აქტივობებში. გარდნერის შეხედულებით, დღევანდელი სასკოლო პრობლემებია, სასწავლო პროგრამების შეზღუდვა და საზრიანობის ლინგვისტური და ლოგიკურ-მათემატიკური განზომილებებით შემოფარგვლა. გარდნერის ხედვა უკავშირდებოდა, იმას, რომ სასწავლო პროგრამები უნდა დაიგეგმოს ინტლექტის განსხვავებული მიმართულებების მიხედვით.
4
დასკვნა
განათლების იდენტობის შექმნა იწვევს, მიზანშეწონილ გააზრებულ ქცევას.
განათლების იდენტობის შექმნის მიზანი არის, აზროვნების მაღალი დონის განვითარება.
აზროვნების მაღალი დონის მაჩვენებელი ვითარდება, როცა მოსწავლე ათვისებულ საგნობრივ (და ასევე არა საგნობრივ) ცოდნას უკავშირებს სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას და კრიტიკულად ან შემოქმედებითად გაიაზრებს ნასწავლს, ანდა მისი მეშვეობით წყვეტს ამა თუ იმ პრობლემას და იღებს გადაწყვეტილებას.
ინტელექტის არსის გადააზრება .
