P.S. დაბეჭდილი ფიქრის გაზიარება
იმ ბაღის პატრონივით ვიქცევი, ცუდი მეზობელი რომ ჰყავს და იმის შიშით, ხილი არ მომპაროსო, დაუმწიფებელ ნაყოფს ჰკრეფს. მიუხედავად იმისა, რომ სრულად არ წამიკითხავს ფოლკნერის შემოქმედება, აზრი უკვე შეიქმნა.
ყველას გვებადება კითხვა : საიდან გამოჩხრიკა ფოლკნერმა ეს სტილი ? ზოგიერთი მკითხველი ამას პირიქით ისე ღირშესანიშნავად მიიჩნევს, რომ მის იქით აღარც იხედება. რაღაც ტროპიკული სტილია, თითქოს ისეთი ჯაზ ორკესტრი, რომ გამოსცემს გაუგებარ ბგერებს მაგრამ მაინც რომ მოგწონს. მცოცავი მცენარეთა გაუვალი ჯუნგლებია, ველური ყვავილების მსგავსი, დაუსრულებლად რომ იხლართებიან ერთმანეთში, გველივით დაგრაგნილი, ყველაფერი გამუდმებით ენაცვლებიან ერთმანეთს. მოკლედ დიდი გაუგებრობა იწყება, როცა კი მის პირველივე აბზაცს ვკითხულობთ.
შემიმჩნევია, ფოლკნერის ყველაზე თავგამოდებული თაყვანისმცემლები ძალზედ ამაყოფენ სწორედ ამ სტილით, არის განუმეორებელი და უნიკალურიო, ამბობენ. თუმცა თანხმდებიან იმაზე, რომ რომანის წაკითხვისას, პირველი ორმოცდაათი გვერდი ყოველთვის ურთულესია, და ამის გამო მკითხველმა უნდა ისწავლოს, თუ როგორ წაიკითხოს ეს უცნაურად ბლანტი, სრიალა და მძიმე პროზა. ლაოკოონივით საშინელი რომ არის და ხანდახან ლამის თავი დავანებოთ.
მიუხედავად ასეთი რთული სტილისა, ფოლკნერის რომანები უკიდურესად დახვეწილია, უცნაური, უსაზღვროდ ჩახლართული. წინადადება წინადადებას მოსდევს, ბუნდოვანი გადაბმით, წინადადებებში გვხვდება ჩართული წინადადებები, ხშირად ჩართული თავად მოიცავს ერთ ან ორ ჩართულს, ჩინური სათამაშო კვერცხებივით არის, ერთს რომ გახსნი, სხვა დაგხვდება, და ყოველი მომდევნო უფრო მცირე და დახვეწილია, ვიდრე წინა. ზოგჯერ გამაღიზიანებელია წინადადების დასასრულს აღმოჩენა იმისა, რომ კაცი ვერ გაიგებს, ბოლოს და ბოლოს რა მნიშვნელობა ეკისრებოდა ზმნას, რომელიც სიცარიელეში იდგა, ამის გამო ხშირად გვიხდება უკან მიბრუნება და აზრის დანაწევრება. გასინჯავ აგებულებას წინადადებიდან წინადადებამდე და მერე მხოლოდ იმას მიაგნებ, რომ ბოლოს და ბოლოს ეს ყოველივე არაფერ შუაში ყოფილა. თითქოს ფოლკნერი განგებ აკეთებს ამას, რომ მკითხველი ძალდატანებით დატოვოს წინადადებების სიღრმეში, სადაც გრამატიკულად მოუწესრიგებელი სიტყვები და ცნობიერების ნაკადია. ალბათ ეს ფოლკნერის დამუშავებული მეთოდია, აზრის განგებ დაყოვნებისთვის, და შემდეგ თანდათანობითი გახსნისთვის, ეს არის გამოთვლილი სისტემა წინააღმდეგობებისა და დაბრკოლებებისა, არევდარევის, ორაზროვანი (ორაზრი) ჩანართების და შეყოვნებების, და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, ეს მიზანი მხოლოდ ფორმის შენარჩუნებაა. ასეთი სტილი ფოლკნერს აძლევს, საშუალებას გამორჩეული ენის შექმნისთვის, მისი საკუთარი კონგლომერატისა, რასაც იგი საოცარი ვირტუოზობით იყენებს. ეს სტილი აბსტრაქტული, გონებისმიერი, დროსა და სივრცეში ჩაკეტილი, ნაწვალები და დაღვლარჭნილია, მაგრამ მაინც შეუძლია მკითხველს ამით სიამოვნების მიღება. არ კითხულობ მხოლოდ დროის გასაყვანად, სიამოვნებას ეძებ, ან რაღაც კუთვნილს.
კითხვის დროს იძულებული ვხდებით, საკუთარი თავი ვაიძულოთ და შრომისთვის განვაწყოთ, ანუ გარკვეული აზრით უნდა ვითანამშრომლოთ ავტორთან. მისი ჯილდო ის იქნება, რომ არის ადგილები, რომელთაც მან უნდა მიანიჭოს ფორმა, აზრი გამოიტანოს აქედან და რომ სიამოვნების ნახევარი სწორედ ამ უცნაური, რთული ევოლუციის თვალყურის დევნებაა. ამ პროცესში უნდა იპოვნო სწორედ შენი სიამოვნება ან რაღაც კუთვნილი. ფოლკნერის რომანს თითქოს არ გააჩნია დასაწყისი და დასასრული. ამიტომ არც ამოსავალი წერტილი აქვს. თხრობისას ხან ერთ ფერი გამოანათებს, ხან მეორე, ხან მომავლისკენ გვანიშნებს, ხან წარსულისკენ, ის რაც თითქოს სტილში სრულყოფილია, ჩვენზე აპრიორულად მაინც არასრულყოფილების შთაბეჭდილებას ახდენს (თავიდან ასეა ყოველ შემთხვევაში), ამიტომ ის რაც რეალურია, ნათელია ერთ ადგილას, ერთი თვალსაზრისით, მეორე მხრივ, არარეალური გვეჩვენება. გარკვეული ფაზლია, რომელიც გონებაში ჯერ უნდა დაანაწევრო და შემდეგ ააწყო. – არსებობს ასევე აზრი, რომ ფოლკნერი მხოლოდ ერთი სამხრეთელი მწერალია, რომლის ნაწარმოებებში ინცესტის გარდა ვერაფერს ვხვდებით. მთელი ეს ფორმა სტილისა შექმნილია მხოლოდ იმისთვის, რომ ინცესტის “ესთეტიკა” ეთიკურად მოგვაწოდოს ავტორმა. ზოგი კრიტიკოსი გვიმტკიცებს, რომ ფოლკნერის სტილი ამ ჟანრში, მისი დიდების მიუხედავად, ოდნავ იბზარება, და თვითონ ფოლკნერი ბევრს ეწვალება, რომ ამას თავი დააღწიოს, მაგრამ ეს ფორმა და სტილი თითქმის ყოველ ნაწარმოებში, მხოლოდ ინცესტის გარშემო ტრიალებს.
ეს აზრი ალბათ მცდარია …
P.S.
” AS I LAY DYING “
………..
“ეს კეშია, ეს ჯუელი, ეს ვარდამანი, ეს კი დიუი დელია”, ამბობს მამა, და თან უბადრუკი თაღლითის მედიდური სახე აქვს, კბილებიც ჩაუსვამს, თვალს კი ვერ გვისწორებს. “გაიცანით, მისის ბანდრენი”, გვეუბნება ის.
