მეხსიერება მოიცავს ინფორმაციის შენახვის ძირითად ორ სისტემას : 1 – ხანმოკლე მუშა მეხსიერება; 2 – ხანგრძლივი მეხსიერება.
ხანმოკლე, მუშა მეხსიერება არის სისტემა, რომელიც ინარჩუნებს სტიმულს მოკლე დროის განმავლობაში, ისე, რომ შეიძლება განხორციელდეს ანალიზი. ერთდროულად ინახავს ხუთიდან ცხრა ბიტამდე ინფორმაციას 20 წამის განმავლობაში. ხანგრძლივი მეხსიერება ინახავს უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციას დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს სიტყვიერი ან ვიზუალური .
ხანმოკლე მუშა მეხსიერება
ხანმოკლე მეხსიერება გარკვეულწილად გვაგონებს კომპიუტერის ეკრანს – მისი შინაარსი აქტივირებული ინფორმაციაა – ის, რაზეც ჩვენ მხოლოდ მოცემულ მომენტში ვფიქრობთ. მსგავსი ტიპის მეხსიერება არის შეზღუდული, მაგალითად როდესაც ინფორმაციიდან ვიღებთ ტელეფონის ნომერს, ჩვეულებრივ, მისი დამახსოვრება შეგვიძლია იმ დრომდე, სანამ ავკრეფთ. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ბევრი ახალი ინფორმაციის გახსენება, რადგან არ შეგვიძლია მისი შეკავება მუშა მეხსიერებაში. ერთი რამ ნათელია, ინფრომაციის ხანგრძლივობა მოკლეა მუშა მეხსიერებაში, დაახლოებით 5 დან 20 წამამდე. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ მეხსიერების სისტემა 20 – წამიანი დროის ლიმიტით გამოუსადეგარია. მაგრამ ამ ხანმოკლე მუშა მეხსიერების გარეშე უკვე დაგავიწყდებოდა ის, რაც წინადადების პირველ ნაწილში წაიკითხე, სანამ ამ ბოლო სიტყვებამდე მიხვიდოდი. სულ მცირე, წინადადების გაგება იქნებოდა რთული.
20 წამზე მეტი დროით მუშა მეხსიერებაში ინფორმაციის აქტივობის შესანარჩუნებლად, ადამიანთა უმეტესობას სჭირდება დამახსოვრების სპეციფიური სტრატეგიების გამოყენება. ამგვარი სტრატეგიების მაგალითია გამეორება. არსებობს ორი ტიპის გამეორების სტრატეგია. შენახვა და ასოცირება. შენახვა არის ინფორმაციის გამეორება საკუთარ გონებაში. მანამ სანამ იმეორებ ინფორმაციას, ის შეიძლება შენახული იყოს მუშა მეხსიერებაში. ასეთი გამეორება კარგია ისეთი ინფორმაციის შესანარჩუნებლად, როგორიცაა ტელეფონის ნომერი, რომლის ჯერ გამოყენებას და შემდეგ კი დავიწყებას გეგმავ. ასოცირება არის ახალი ინფორმაციის დაკავშირება ხანგრძლივ მეხსიერებაში უკვე არსებულ და შენახულ ინფორმაციასთან. მაგალითად თუ ხვდებით თქვენი მოსწავლის მშობელს, რომლის სახელიც იგივეა, რაც თქვენი უფროსის, არ გჭირდებათ სახელის გონებაში ბევრჯერ გამეორება, რომ შეინაჩუნოთ ის მეხსიერებაში, უბრალოდ უნდა მოახდინოთ სწორი ასოციაცია. ასოციაცია უმეტეს შემთხვევებში გვეხმარება ინფორმაციის ხანმოკლე მუშა მეხსიერებიდან სანგრძლივ მეხსიერებაში გადატანისას.
ხანგრძლივი მეხსიერება
როგორც ზემოთ ვთქვი, ინფორმაცია მუშა მეხსიერებაში ძალიან სწრაფად შედის, მაგრამ მის შენახვას ხანგრძლივ მესხიერებაში გარკვეული ძალისხმევა სჭირდება. მუშა მეხსიერების მოცულობა შეზღუდულია, მაგრამ ხანგრძლივი მეხსირების მოცულობა, ფაქტიურად, შეუზღუდავია. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია უსაფრთხოდ შეინახება ხანგრძლივ მეხსიერებაში, ის შეიძლება იქ დარჩეს განუსაზღვრელი ვადით. თეორიულად უნდა შეგვეძლოს იმდენის დამახსოვრება, რამდენიც გვსურს, მაგრამ გახსენება არის პრობლემური, ანუ საჭირო ინფორმაციის მოძიება, როცა ეს გვსურს, საკმაოდ რთულია. რაც უფრო ნაკლებადაა ინფორმაცია გამოყენებული, მით უფრო რთულია მისი მოძებნა.
როგორ ინახავენ ადამიანები ინფორმაციას პერმანენტულად, ანუ როგორ ქმნიან “მოგონებებს” ? ჩვენ ვიყენებთ საკუთარ სქემებს და მათ ვაგებთ არსებულ ცოდნაზე. რაც უფრო მეტად არის ახალი გადამუშავებული ინფორმაცია ასოცირებული სხვებთან, მით უფრო მეტი საშუალებაა თავდაპირველი ერთეულის მოსაძებნად. მარტივად, რომ ვთქვათ, გვაქვს რამდენიმე “ხელჩასაჭიდი” ან აღდგენის სიგნალები, რომ ამოვიცნოთ ან ამოვარჩიოთ ის ინფორმაცია, რომელსაც შესაძლოა ვეძებდეთ. ინფორმაციის ხანგრძლივ დამახსოვრებას ასევე სიტუაციური კონტექსტიც განსაზღვრავს. მაგალითად ჩვენ თუ გვთხოვენ, რომ დავიმახსოვროთ ძაღლების სურათები უბრალოდ მათი ბეწვის ფერის მიხედვით, შეიძლება მოგვიანებით ეს სურათები არც გაგვახსენდეს, მაგრამ თუ გვთხოვენ, დავადგინოთ, რამდენად სავარაუდოა, რომ თითოეული ძაღლი გამოგვედევნოს გაქცევის შემთხვევაში, უკვე ყურადღებას მივაპყრობთ სურათის ყველა დეტალს და უფრო კარგად დავიმახსოვრებთ მათ, ვიდრე წინა შემთხვევაში.
ხანგრძლივ მეხსიერებაში ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომია, მიუხედავად იმისა, ვფიქრობთ თუ არა მასზე. თუ გახსენების დროს ვერ მოვნახავთ საჭირო ინფორმაციას, გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენ მაინც შევძლებთ მის რეკონსტრუქციას ლოგიკის, სიგნალების და სხვა ცოდნის მეშვეობით, რომელიც ავსებს სხვა ნაკლულ ნაწილებს. თუმცა ზოგჯერ რეკონსტრუირებული ინფირმაცია არასწორია. ბოლო პერიოდამდე ბევრ ფსიქოლოგს სჯეროდა, რომ ხანგრძლივი მეხსიერებიდან არასოდეს არაფერი იკარგება. თუმცა თანამედროვე კვლევები ამ შეხედულებას ეჭქვეშ აყენებს. როგორც ჩანს, ინფორმაცია შეიძლება დაიკარგოს ხანგრძლივი მეხსიერებიდან დროის ზემოქმედებით და ინტერფერენციით. მიუხედავად ამისა ხანგრძლივი მეხსიერების შესაძლებლობები გსაოცარია. სებმა და ელისმა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაასკვნეს, რომ ” პოპულარული შეხედულების საწინააღმდეგოდ, მოსწავლეები ინარჩუნებენ გაკვეთილზე შეძენილი ცოდნის უმეტეს ნაწილს”.
P.S
არსებობს მესამე ტიპის მეხსიერებაც – ეს არის ” კოლექტიური მეხსიერება”.
არ შეიძლება ინდივიადუალური მეხსიერების შეცვლა, ის ან უნდა დაიკარგოს ან დარჩეს გამოუყენებლად.
რაც შეეხება კოლექტიურ მეხსიერებას მისი შეცვლა შესაძლებელია. აი მაგალითად ჩვენი თაობა (1990 + ), რომელიც არ მოსწრებია საბჭოთა კავშირს (მის დაშლას) და დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ელიტებს ჩაანაცვლებს, განსხვავებული კოლექტიური მეხსიერების მატარებელი იქნება. კოლექტიური მეხსიერების შეცვლა მნიშვნელოვანია.
ცოდნა ერთი თაობიდან მეორეზე გადადის კულტურის და სოციალიზაციის აგენტების მეშვეობით. როგორც ვიცით კულტურას ქმნის, იდენტობის განმსაზღვრელი კომპლექსები, რომელთა რეპრეზენტირება ხდება ისეთ ფორმებში როგორიცაა: მითები, სიმღერები, ცეკვები, ტრადიციები, წმინდა ტექსტები, არქიტექტურა, ხელოვნება და ა.შ. მაგრამ მიუხედავად ამისა სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები მაინც სხვადასხვაგვარად აღიქვამენ ერთ მოცემულობას, ერთ ენაზე საუბრისასაც კი მათ განსხვავებული შინაგანი „დიალექტები“ აქვთ. (უნდა ჰქონდეთ). და როცა თაობების ცვლას არ მოყვება კოლექტიური (ინდივიდუალური) პარადიგმების შეცვლა, შესაბამისად სამოქმედო პრაქტიკებიც მსგავსი რჩება. (როგორც ჩვენს შემთხვევაში მოხდა, დაიშალა საბჭოთა კავშირი, მაგრამ პრაქტიკა დიდი ხნის განმავლობაში არ შეიცვალა სკოლაში).
იმისათვის, რომ კოლექტიური მეხსიერება შეიცვალოს, ანუ ხდომილებად იქცეს, ის ძველი მეხსიერება, ნაკლებად მიტანილი უნდა იქნას რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე. (ამ შემთხვევაში მოსწავლეებამდე).
