გიორგი ლომოური – Power Distance

ადამიანების უმეტესობა ოჯახში იბადება. ყოველი ადამიანი დაბადებიდანვე იწყებს გონებრივი პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოყალიბებას იმ უფროსების მოდელირების გზით, რომლებთანაც იზრდებიან.

დიდი ძალაუფლებრივი დისტანციის შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ბავშვებმა მშობლებს ყოველთვის უნდა დაუჯერონ. ხანდახან ბავშვებს შორისაც არის იერარქია – უმცროსებმა უფროსებს უნდა დაუჯერონ. ბავშვის დამოუკიდებელი ქცევა წახალისებული არ არის. “მხოლოდ უფროსების დაჯერება”, მთავარ ღირსებად არის მიჩნეული. ამას ბავშვები ხედავენ და მალე თავადაც ეჩვევიან. ნებისმიერ ადამიანურ კონტაქტში არსებობს უფროსებზე დამოკიდებულების პატერნი და ადამიანების გონებრივ პროგრამულ უზრუნველყოფაში ჩადებულია ამ დამოკიდებულების ძლიერი მოთხოვნილება. 

რაც  შეეხება, მცირე ძალაუფლებრივი დისტანციის ქვეყნებში, შვილები მეტ-ნაკლებად თანასწორად აღიქმებიან, იმ მომენტიდან, როგორც კი მათ მოქმედება შეუძლიათ. ბავშვს საშუალებას აძლევენ, რაც შეიძლება მალე  დაიწყოს საკუთარი საქმეების მართვა. ხელს უწყობენ იმაში, რომ აქტიურად გამოსცადოს საკუთარი თავი. უფლებას აძლევენ შეეწინააღმდეგოს უფროს, ის ადრე სწავლობს სიტყვას “არა”. სხვების მიმართ ქცევა არ არის დამოკიდებული მათ ასაკზე ან სტატუსზე. ფორმალური პატივისცემა იშვიათად გამოიხატება. ასეთ საზოგადოებაში დამოუკიდებლობის მოთხოვნილება ზრდასრულების გონებრივი პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელია. 

რეალურად ზემოთ მოყვანილი ორი განსხვავებული სიტუაცია, ალბათ, ძალაუფლებრივი დისტანციის კონტინუუმის ორ უკიდურესობას შორის მოთავსდება. ორივე ტიპის  ძალაუფლებრივ დისტანციაში, ოჯახებმა შეიძლება საზოგადოებისაგან განსხვავებული ოჯახური კულტურა გაითავისონ და მშობლებისა და შვილების პიროვნული მახასიათებლები შეიძლება არატიპურ ქცევაში გამოვლინდეს, თუმცა ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ოჯახი სოციალური გონებრივი დაპროგრამების პირველი წყაროა, მისი გავლენა ძლიერია და ამ სტადიაზე შემუშავებული პროგრამების შეცვლა ძალიან ძნელია.

თანამედროვე საზოგადოებათა უმეტესობაში ბავშვები სკოლაში დადიან, რამდენიმე წლით მაინც. სკოლაში ხდება ბავშვის გონებრივი დაპროგრამების  შემდგომი განვითარება. შეუძლია?  სკოლას ახალი ღირებულებების შექმნა, თუ ის მხოლოდ იმ ღირებულებებს განამტკიცებს, რომლებიც მოცემულ საზოგადოებაში ისედაც არსებობს? 

სხვადასხვა საზოგადოებაში არსებული სკოლების შედარებისას, განსხვავებების პატერნი ოჯახებში არსებულ განსხვავებებს თითქმის ყოველთვის ემთხვევა. “მშობელი-ბავშვის” როლური წყვილი, იცვლება “მასწავლებელი-ბავშვის” როლური წყვილით. ელემენტარული ღირებულებები და ქცევები ერთი სფეროდან მეორეში გადადის. დიდი ძალაუფლებრივი  დისტანციის ქვეყნებში ბავშვსა და მშობელს შორის არსებული უთანასწორო ურთიერთობა, მასწავლებელსა და მოსწავლის ურთიერთობაში ითარგმნება. განათლების პროცესი პიროვნული ხდება. მცირე ძალაუფლებრივი დისტანციის ქვეყნებში კი პირიქით, სწავლა-სწავლების პროცესი უპიროვნოა, მასწავლებლის მიერ გაცემული ცოდნა არის “ობიექტურთან მიახლოებული” ჭეშმარიტება და არა პიროვნული, სუბიექტური პროდუქტი. 

ზემოთ განხილული იყო ძალაუფლებრივი დისტანციის გავლენა, ისეთ როლურ წყვილებზე, როგორიცაა მშობელი-ბავშვი, მასწავლებელი-მოსწავლე. თვალსაჩინოა, რომ ასეთივე ეფექტია მოსალოდნელი  “მმართველ – მოქალაქეს” შორისაც. ის, ვინც მსოფლიოს ახალ ამბებს ზერელედ მაინც ადევნებს თვალყურს, მიხვდება, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მმართვლებსა და მოქალაქეებს შორის  არსებული განსხვავებები სხვა ქვეყნებისგან განსხვავებულად ხორციელდება. ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ქვეყანაში ძალაუფლების გამოყენება დამოკიდებულია იმ რწმენებზე, რომლებიც მოსახლეობის უმეტესობას გააჩნია. 

მეცნიერების გარკვეული ნაწილი, ქვეყნებს ორ ნაწილად ყოფს: სეკულარულ-რაციონალური და  ტრადიციულ-ავტორიტარული. კორელაციური ანალიზის მეშვეობით გამოირკვა, რომ  ეს განზომილება ახლოს დგას ძალაუფლებრივი დისტანციის განზომილებასთან. დიდი ძალაუფლებრივი დისტანციის საზოგადოებაში მმართველობა, უფრო მეტად  ტრადიციულია. ძალაუფლება საზოგადოების ზოგად ფაქტად აღიქმება, რომელიც წინ უსწრებს არჩევანს კეთილსა და ბოროტს შორის. მის ლეგიტიმურობას მნიშვნელობა არ აქვს. “სიმართლე ძალის მხარესაა”. ეს მნიშვნელოვანი გამონათქვამია, რომელიც ასეთი ფორმით იშვიათად გვხვდება, მაგრამ ძალაუფლების მქონე და ჩვეულებრივი ხალხის ქცევაში აირეკლება.  გამოუთქმელი კონსენსუსია, რომ ამ სამყაროში უთანასწორობის წესრიგი უნდა არსებობდეს და ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი ადგილი. ასეთი წესრიგი აკმაყოფილებს სხვაზე დამოკიდებულების მოთხოვნილებას და როგორც მმართველ, ისე ჩვეულებრივ ხალხს დაცულობის განცდას უჩენს.