გიორგი ლომოური – გამოუთქმელი მიუღებლობა

გამოუთქმელი მიუღებლობა

ჩვენი ისტორიის დიდი ნაწილი,  სხვადასხვა “კულტურულ” ჯგუფებთან მომხდარი ომებისგან შედგება. წერა – კითხვის უცოდინარი ხალხების ყველა პრიმიტიული მითი,  მხარს უჭერდა და ადიდებდა ამ ომებს. ძველი აღთქმაც, რამდენიმე ადგილას ამ მითოლოგიურ დისტოპიებს, საძირკველს თავშივე უმაგრებდა. თითქოს გამოუთქმელი გენოციდის სანქცირებული დეკლარაცია იყო, როგორც მითები ასევე მისი რელიგიური დამოწმებები. 

და რადგან ძველი აღთქმის მეხუთე მცნება, “არა კაც და არა ქალ კლა”,   მხოლოდ შიდა ჯგუფის წევრებს ეხებოდა, ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში, ერთმორწმუნე კულტურულმა ჯგუფებმა, საკუთარი ტომის ტერიტორიის გაფართოებისთვის ამ მცნებას მოდერნიზებული  ნაცისტური ელფერი შესძინა.

ჩვენც ქართაგან გარდადრეკილნი მოწყალებას ისევ დამპყრობლისგან ველოდით.

ამ საღვთო ომების ერთადერთი მიზეზი ტერიტორიების გაფართოება არ იყო.  ადამიანთა ჯგუფებმა, ჯერ კიდევ მაშინ, მოძებნეს სხვებზე კოლექტიურად თავდასხმის სხვა გამამართლებელი საბუთიც. გარეშე “მტერი” ყოველთვის იყო შიდა ერთიანობის შენარჩუნების ყველაზე ეფექტური საშუალება. ტოტალიტალური იდეოლოგია, ყოველთვის თავს გვახვევდა და ახლაც გვახვევს,   უკეთესი და უარესი ჯგუფების განმარტებას, რაც გულისხმობდა  ერთი ჯგუფის ბუნებრივ უპირატესობას მეორეზე.

მძევლად აყვანილი საზოგადოება.

ჩვენ “არაგამიზნული კონფლიქტების” შედეგად აღმოვჩნდით, სხვა ადამიანებთან “გამიზნულ კონფლიქტებში”, რომლებიც ხშირად იჩენდა და იჩენს თავს ინტელექტუალური ურთიერთობების დროს. თუმცა ჩვენი მხრიდან გულუბრრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ კულტურათაშორისი კომუნიკაციის უნარის უკეთ განვითარების ხარჯზე, ყველა ომი შეიძლება თავიდან აგვეცილებინა. 

რამდენად იყო და არის ჩვენზე დამოკიდებული, არაგამიზნული კულტურული კონფლიქტების თავიდან  აცილება.

განსხვავდება ჩვენი იდენტობა, ღირებულებები, ინსტიტუციები. სამივეს ისტორიული ფესვები აქვს. იდენტობა პასუხობს კითხვაზე, რომელ ჯგუფს ვეკუთვნი? თუმცა იდენტობა არ არის ეროვნული კულტურის მთავარი ნაწილი. ღირებულებებია საწყისი მსაზღვრელი. “განსხვავებული ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს განსხვავებული იდენტობების გამო ებრძვიან, შეიძლება ერთსა და იმავე ძირეულ ღირებულებებს იზიარებენ”. ამ პარადიგმას  ისტორიის ყოველ თავში ვხვდებოდით. გვიბიძგებდნენ, რომ ჩვენ მსგავს იდენტურ ჯგუფებს მივეკუთვნებოდით.   თუმცა კულტურული სხვაობა ყოველთვის გვაიძულებდა მათგან განრიდებას. 

იდენტობისგან დამოუკიდებლად, ღირებულებებში განსვლა  რეალურად ქმნის კულტურულ დამიწებას, ბირთვს.  იდენტობისგან განსხვავებით ღირებულება უხილავია.  

ძალდატანებული მასპინძლობა

უცხოელი ყოველთვის განიცდის კულტურული შოკის გარკვეულ ფორმას, ისევე როგორც  ადგილობრივი.  ჩვენი გონებრივი პროგრამა ძირეულ ღირებულებებს შეიცავს. მათზეა დაფუძნებული კულტურის მანიფესტაციები. გამოუცდელი ადგილობრივი შეიძლება ეცადოს, ისწავლოს ახალი უცხოელის დამახასიათებელი ზოგიერთი სიმბოლო, რიტუალები, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი შეძლებს შეიცნოს და მიიღოს, რადგან მასპინძლობა ამ შემთხვევაში ძალდატანებულია.

უცხო, ჩვენს კულტურასთან უფრო მარტივად ადაპტირებს, ვიდრე ადგილობრივი უცხოს კულტურასთან.  ამ შემთხვევაში ჩამოსული “გახდა ადგილობრივი: – ის რომაელებზე უფრო რომაელი გახდა.

მასპინძელ გარემოში უცხოელების მიმართ სტანდარტული ტიპის რეაქციები ჩნდება. მასპინძელი კულტურის წარმომადგენელი ჩვეულებრივ სხვა ფსიქოლოგიურ ციკლს გადის. პირველი ფაზა არის ინტერესი – გარკვეული სახის ეიფორია “სტუმრის” მიმართ. თუ ჩამოსული რჩება და ცდილობს მასპინძლის კულტურაში ფუნქციონირებას, იწყება მეორე ფაზა: ეთნოცენტრიზმი. მასპინძლები სტუმარს თავიანთი კულტურული სტანდარტების მიხედვით აფასებენ და ეს შეფასება მეტწილად უარყოფითია. ეთნოცენტრიზმი საზოგადოების შემთხვევაში იგივეა, რაც ეგოცენტრიზმი ინდივიდის შემთხვევაში. იმისთვის, რომ უფრო ფუნდამენტური კულტურათაშორისი ურთიერთგაგება დამკვიდრდეს, უცხოელმა უნდა აითვისოს მასპინძლის კულტურის ენა. სხვა ენაზე საკუთარი აზრების გამოხატვა გულისხმობს სხვისი საორიენტაციო სისტემის გათავისებას. 

ენის ცოდნის გარეშე ადამიანი ვერ ამჩნევს კულტურის ბევრ თავისებურ ასპექტს და იძულებულია მეტ-ნაკლებად გარეშე პირის როლში დარჩეს. ერთ-ერთი ასეთი თავისებური ასპექტი არის იუმორი. ის, რაც ითვლება სასაცილოდ, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული კულტურაზე. გამოცდილმა მოგზაურმა იცის, რომ კულტურათაშორისი ურთიერთობების დროს ხუმრობები და ირონია ტაბუირებული თემაა, სანამ აბსოლიტურად არ დარწმუნდება, თუ როგორ აღიქვამს იუმორს სხვა კულტურა. 

მკვლევარების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ტელევიზია, ინტერნეტი, მობილური ტელეფონი, მსოფლიოს ხალხებს ერთ გლობალურ სოფელში გააერთიანებს, სადაც კულტურულ  განსხვავებებს მნიშვნელობა არ ექნება. მაგრამ ტექნოლოგიის კულტურაზე დომინირება მხოლოდ ილუზიაა. ადამინათა მენტალური პროგრამები ბევრად კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.

ელექტრონული კომუნიკაცია უზომოდ ზრდის დიდი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას, მაგრამ როგორც მომხმარებლები საკუთარი ღირებულებების მიხედვით ვარჩევთ ინფორმაციას. ყოველთვის ველით ჩვენთვის პრიორიტეტული პოზიციის დანახვას, ვირჩევთ ისევ იმას, რაც ჩვენს უკვე არსებულ იდეებს ამყარებს.  თუმცა ჩვენი კინესთეტიკური ღუზა აქაც პოულობს მოდების წერტილს, რადგან ელექტრონული კომუნიკაცია მაინც არღვვს კულტურული ჯგუფების იზოლაციას და ადამიანს აწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სადღაც არსებობენ  სხვა ადამიანები, რომლებსაც მისგან განსხვავებული აზრები აქვთ. 

მოლაპარაკებები

მივადექით ყველაზე სასარგებლო ნაწილს. 

მოლაპარაკებების ხელოვნებაზე წიგნებია დაწერილი და ის ტრენინგების პოპულარული თემაა. მოლაპარაკებების სიმულაცია ხელოვნურმა ინტელექტმაც სცადა. მოლაპარაკებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. მაგ: ძალაუფლებრივი სტატუსი ორ მხარეს შორის, მასკულინური კულტურა, ფემინური კულტურა, კოლექტივიზმი, ინდივიდუალიზმი და ა.შ. 

გამოცდილ დიპლომატებს, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი, ჩვეულებრივ, პროფესიული ტაქტი აქვთ, ეს კი მათ საშუალებას აძლევს წარმატებით აწარმოონ მოლაპარაკებები მეორე მხარესთან. მაგრამ როცა ორი მხარიდან არცერთი დიპლომატი არ არის? 

ამ შემთხვევაში რთული ხდება შემთხვევითი კონფლიქტების თავიდან აცილება. თუ კულტურათაშორისი ურთიერთობები ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა, აქ არსებობს მცირე შანსი რომ კონფლიქტს თავს დააღწევ. ადამიანთა გონებაში არსებული კულტურული ღირებულებათა იმპლიციტური მოდელები ძირითადად დამოკიდებულია ძალაუფლებრივი დისტანციისა და გაურკვევლობის თავიდან აცილების კომბინაციაზე. კერძოდ ღირებულება, რომელიც ცოცხლობს ძალაუფლებრივი  დისტანციის მცირე კულტურაში, ჩვეულებრივ ადვილად ადაპიტებს უცხო პატერნთან, უცხოელთან. მაგრამ როცა დამატებითი ცვლადი, გაურკვევლობის თავიდან არიდება შემოდის, მოზაიკის ფართო სტრუქტურა იცვლება, ხდება უმოქმედო და   გამოუთქმელ მიუღებლობას პრაქტიკაში ვერ უკეთებს ტრანსფერს. ასე ვიქეცით გაურკვველობის მიმართ ტოლერანტულ საზოგადოებად. 

პრაქტიკული ღირებულება რომ შევძინოთ, კულტურათაშორისი მოლაპარაკებების დასწავლის, სამი ფაზა უნდა გავიაროთ : გათვიცნობიერება, ცოდნა, უნარ-ჩვევები.

გათვიცნობიერება ის ფაზაა, როდესაც ყველაფერი იწყება, აღიარება იმისა, რომ მე გარკვეული გონებრივი, მენტალური პროგრამა იმიტომ მაქვს, რომ ასე აღმზარდეს, სხვებს სხვა მენტალური პროგრამა აქვთ იმიტომ, რომ განსხვავებულ გარემოში აღიზარდნენ. ცოდნა მოსდევს გათვიცნობიერებას. თუ სხვა კულტურებთან უნდა ვიმუშაოთ, აუცილებელია ამ კულტურების შესახებ ცოდნა დავაგროვოთ. უნარ-ჩვევები  ვითარდება, თუ გათვიცნობიერებასა და ცოდნას პრაქტიკას დავუმატებთ.

კულტურული სენსიტიურობა ვერაგია და მარცხის შანსი მაღალია. გადარჩენა მულტიკულტურულ სამყაროში საშუალებასთან ერთად მიზანია. “სამწუხაროდ” ძალადობრივ კულტურულ საკითხებში არ არსებობს ნორმალური პოზიცია. კულტურული რელატივიზმის პარალელურად, არც ერთ ადამიანს არ შეუძლია არსებობა თავისი ღირებულებითი სტანდარტების გამუდმებით გამოყენების გარეშე. წარმატებული კულტურათაშორისი ურთიერთობა გამორიცხავს ყველაფერს ძალდატანებულს და თავსმოხვეულს, იდენტობის განცდა იძლევა დაცულობის შეგრძნებას, რის საფუძველზეც  ძალდატანებული კულტურა საშიში ხდება. 

გიორგი ლომოური – Power Distance

ადამიანების უმეტესობა ოჯახში იბადება. ყოველი ადამიანი დაბადებიდანვე იწყებს გონებრივი პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოყალიბებას იმ უფროსების მოდელირების გზით, რომლებთანაც იზრდებიან.

დიდი ძალაუფლებრივი დისტანციის შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ბავშვებმა მშობლებს ყოველთვის უნდა დაუჯერონ. ხანდახან ბავშვებს შორისაც არის იერარქია – უმცროსებმა უფროსებს უნდა დაუჯერონ. ბავშვის დამოუკიდებელი ქცევა წახალისებული არ არის. “მხოლოდ უფროსების დაჯერება”, მთავარ ღირსებად არის მიჩნეული. ამას ბავშვები ხედავენ და მალე თავადაც ეჩვევიან. ნებისმიერ ადამიანურ კონტაქტში არსებობს უფროსებზე დამოკიდებულების პატერნი და ადამიანების გონებრივ პროგრამულ უზრუნველყოფაში ჩადებულია ამ დამოკიდებულების ძლიერი მოთხოვნილება. 

რაც  შეეხება, მცირე ძალაუფლებრივი დისტანციის ქვეყნებში, შვილები მეტ-ნაკლებად თანასწორად აღიქმებიან, იმ მომენტიდან, როგორც კი მათ მოქმედება შეუძლიათ. ბავშვს საშუალებას აძლევენ, რაც შეიძლება მალე  დაიწყოს საკუთარი საქმეების მართვა. ხელს უწყობენ იმაში, რომ აქტიურად გამოსცადოს საკუთარი თავი. უფლებას აძლევენ შეეწინააღმდეგოს უფროს, ის ადრე სწავლობს სიტყვას “არა”. სხვების მიმართ ქცევა არ არის დამოკიდებული მათ ასაკზე ან სტატუსზე. ფორმალური პატივისცემა იშვიათად გამოიხატება. ასეთ საზოგადოებაში დამოუკიდებლობის მოთხოვნილება ზრდასრულების გონებრივი პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელია. 

რეალურად ზემოთ მოყვანილი ორი განსხვავებული სიტუაცია, ალბათ, ძალაუფლებრივი დისტანციის კონტინუუმის ორ უკიდურესობას შორის მოთავსდება. ორივე ტიპის  ძალაუფლებრივ დისტანციაში, ოჯახებმა შეიძლება საზოგადოებისაგან განსხვავებული ოჯახური კულტურა გაითავისონ და მშობლებისა და შვილების პიროვნული მახასიათებლები შეიძლება არატიპურ ქცევაში გამოვლინდეს, თუმცა ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ოჯახი სოციალური გონებრივი დაპროგრამების პირველი წყაროა, მისი გავლენა ძლიერია და ამ სტადიაზე შემუშავებული პროგრამების შეცვლა ძალიან ძნელია.

თანამედროვე საზოგადოებათა უმეტესობაში ბავშვები სკოლაში დადიან, რამდენიმე წლით მაინც. სკოლაში ხდება ბავშვის გონებრივი დაპროგრამების  შემდგომი განვითარება. შეუძლია?  სკოლას ახალი ღირებულებების შექმნა, თუ ის მხოლოდ იმ ღირებულებებს განამტკიცებს, რომლებიც მოცემულ საზოგადოებაში ისედაც არსებობს? 

სხვადასხვა საზოგადოებაში არსებული სკოლების შედარებისას, განსხვავებების პატერნი ოჯახებში არსებულ განსხვავებებს თითქმის ყოველთვის ემთხვევა. “მშობელი-ბავშვის” როლური წყვილი, იცვლება “მასწავლებელი-ბავშვის” როლური წყვილით. ელემენტარული ღირებულებები და ქცევები ერთი სფეროდან მეორეში გადადის. დიდი ძალაუფლებრივი  დისტანციის ქვეყნებში ბავშვსა და მშობელს შორის არსებული უთანასწორო ურთიერთობა, მასწავლებელსა და მოსწავლის ურთიერთობაში ითარგმნება. განათლების პროცესი პიროვნული ხდება. მცირე ძალაუფლებრივი დისტანციის ქვეყნებში კი პირიქით, სწავლა-სწავლების პროცესი უპიროვნოა, მასწავლებლის მიერ გაცემული ცოდნა არის “ობიექტურთან მიახლოებული” ჭეშმარიტება და არა პიროვნული, სუბიექტური პროდუქტი. 

ზემოთ განხილული იყო ძალაუფლებრივი დისტანციის გავლენა, ისეთ როლურ წყვილებზე, როგორიცაა მშობელი-ბავშვი, მასწავლებელი-მოსწავლე. თვალსაჩინოა, რომ ასეთივე ეფექტია მოსალოდნელი  “მმართველ – მოქალაქეს” შორისაც. ის, ვინც მსოფლიოს ახალ ამბებს ზერელედ მაინც ადევნებს თვალყურს, მიხვდება, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მმართვლებსა და მოქალაქეებს შორის  არსებული განსხვავებები სხვა ქვეყნებისგან განსხვავებულად ხორციელდება. ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ქვეყანაში ძალაუფლების გამოყენება დამოკიდებულია იმ რწმენებზე, რომლებიც მოსახლეობის უმეტესობას გააჩნია. 

მეცნიერების გარკვეული ნაწილი, ქვეყნებს ორ ნაწილად ყოფს: სეკულარულ-რაციონალური და  ტრადიციულ-ავტორიტარული. კორელაციური ანალიზის მეშვეობით გამოირკვა, რომ  ეს განზომილება ახლოს დგას ძალაუფლებრივი დისტანციის განზომილებასთან. დიდი ძალაუფლებრივი დისტანციის საზოგადოებაში მმართველობა, უფრო მეტად  ტრადიციულია. ძალაუფლება საზოგადოების ზოგად ფაქტად აღიქმება, რომელიც წინ უსწრებს არჩევანს კეთილსა და ბოროტს შორის. მის ლეგიტიმურობას მნიშვნელობა არ აქვს. “სიმართლე ძალის მხარესაა”. ეს მნიშვნელოვანი გამონათქვამია, რომელიც ასეთი ფორმით იშვიათად გვხვდება, მაგრამ ძალაუფლების მქონე და ჩვეულებრივი ხალხის ქცევაში აირეკლება.  გამოუთქმელი კონსენსუსია, რომ ამ სამყაროში უთანასწორობის წესრიგი უნდა არსებობდეს და ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი ადგილი. ასეთი წესრიგი აკმაყოფილებს სხვაზე დამოკიდებულების მოთხოვნილებას და როგორც მმართველ, ისე ჩვეულებრივ ხალხს დაცულობის განცდას უჩენს. 

გიორგი ლომოური – ხანმოკლე მუშა და ხანგრძლივი მეხსიერება

მეხსიერება მოიცავს ინფორმაციის შენახვის ძირითად ორ სისტემას : 1 – ხანმოკლე მუშა მეხსიერება; 2 – ხანგრძლივი მეხსიერება.

ხანმოკლე, მუშა მეხსიერება არის სისტემა, რომელიც ინარჩუნებს სტიმულს მოკლე დროის განმავლობაში, ისე, რომ შეიძლება განხორციელდეს ანალიზი. ერთდროულად ინახავს ხუთიდან ცხრა ბიტამდე ინფორმაციას 20 წამის განმავლობაში. ხანგრძლივი მეხსიერება ინახავს უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციას დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს სიტყვიერი ან ვიზუალური .

ხანმოკლე მუშა მეხსიერება

ხანმოკლე მეხსიერება გარკვეულწილად გვაგონებს კომპიუტერის ეკრანს – მისი შინაარსი აქტივირებული ინფორმაციაა – ის, რაზეც ჩვენ მხოლოდ მოცემულ მომენტში ვფიქრობთ. მსგავსი ტიპის მეხსიერება არის შეზღუდული, მაგალითად როდესაც ინფორმაციიდან ვიღებთ ტელეფონის ნომერს, ჩვეულებრივ, მისი დამახსოვრება შეგვიძლია იმ დრომდე, სანამ ავკრეფთ. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ბევრი ახალი ინფორმაციის გახსენება, რადგან არ შეგვიძლია მისი შეკავება მუშა მეხსიერებაში. ერთი რამ ნათელია, ინფრომაციის ხანგრძლივობა მოკლეა მუშა მეხსიერებაში, დაახლოებით 5 დან 20 წამამდე. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ მეხსიერების სისტემა 20 – წამიანი დროის ლიმიტით გამოუსადეგარია. მაგრამ ამ ხანმოკლე მუშა მეხსიერების გარეშე უკვე დაგავიწყდებოდა ის, რაც წინადადების პირველ ნაწილში წაიკითხე, სანამ ამ ბოლო სიტყვებამდე მიხვიდოდი. სულ მცირე, წინადადების გაგება იქნებოდა რთული.

20 წამზე მეტი დროით მუშა მეხსიერებაში ინფორმაციის აქტივობის შესანარჩუნებლად, ადამიანთა უმეტესობას სჭირდება დამახსოვრების სპეციფიური სტრატეგიების გამოყენება. ამგვარი სტრატეგიების მაგალითია გამეორება. არსებობს ორი ტიპის გამეორების სტრატეგია. შენახვა და ასოცირება. შენახვა არის ინფორმაციის გამეორება საკუთარ გონებაში. მანამ სანამ იმეორებ ინფორმაციას, ის შეიძლება შენახული იყოს მუშა მეხსიერებაში. ასეთი გამეორება კარგია ისეთი ინფორმაციის შესანარჩუნებლად, როგორიცაა ტელეფონის ნომერი, რომლის ჯერ გამოყენებას და შემდეგ კი დავიწყებას გეგმავ. ასოცირება არის ახალი ინფორმაციის დაკავშირება ხანგრძლივ მეხსიერებაში უკვე არსებულ და შენახულ ინფორმაციასთან. მაგალითად თუ ხვდებით თქვენი მოსწავლის მშობელს, რომლის სახელიც იგივეა, რაც თქვენი უფროსის, არ გჭირდებათ სახელის გონებაში ბევრჯერ გამეორება, რომ შეინაჩუნოთ ის მეხსიერებაში, უბრალოდ უნდა მოახდინოთ სწორი ასოციაცია. ასოციაცია უმეტეს შემთხვევებში გვეხმარება ინფორმაციის ხანმოკლე მუშა მეხსიერებიდან სანგრძლივ მეხსიერებაში გადატანისას.

ხანგრძლივი მეხსიერება

როგორც ზემოთ ვთქვი, ინფორმაცია მუშა მეხსიერებაში ძალიან სწრაფად შედის, მაგრამ მის შენახვას ხანგრძლივ მესხიერებაში გარკვეული ძალისხმევა სჭირდება. მუშა მეხსიერების მოცულობა შეზღუდულია, მაგრამ ხანგრძლივი მეხსირების მოცულობა, ფაქტიურად, შეუზღუდავია. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია უსაფრთხოდ შეინახება ხანგრძლივ მეხსიერებაში, ის შეიძლება იქ დარჩეს განუსაზღვრელი ვადით. თეორიულად უნდა შეგვეძლოს იმდენის დამახსოვრება, რამდენიც გვსურს, მაგრამ გახსენება არის პრობლემური, ანუ საჭირო ინფორმაციის მოძიება, როცა ეს გვსურს, საკმაოდ რთულია. რაც უფრო ნაკლებადაა ინფორმაცია გამოყენებული, მით უფრო რთულია მისი მოძებნა.

როგორ ინახავენ ადამიანები ინფორმაციას პერმანენტულად, ანუ როგორ ქმნიან “მოგონებებს” ? ჩვენ ვიყენებთ საკუთარ სქემებს და მათ ვაგებთ არსებულ ცოდნაზე. რაც უფრო მეტად არის ახალი გადამუშავებული ინფორმაცია ასოცირებული სხვებთან, მით უფრო მეტი საშუალებაა თავდაპირველი ერთეულის მოსაძებნად. მარტივად, რომ ვთქვათ, გვაქვს რამდენიმე “ხელჩასაჭიდი” ან აღდგენის სიგნალები, რომ ამოვიცნოთ ან ამოვარჩიოთ ის ინფორმაცია, რომელსაც შესაძლოა ვეძებდეთ. ინფორმაციის ხანგრძლივ დამახსოვრებას ასევე სიტუაციური კონტექსტიც განსაზღვრავს. მაგალითად ჩვენ თუ გვთხოვენ, რომ დავიმახსოვროთ ძაღლების სურათები უბრალოდ მათი ბეწვის ფერის მიხედვით, შეიძლება მოგვიანებით ეს სურათები არც გაგვახსენდეს, მაგრამ თუ გვთხოვენ, დავადგინოთ, რამდენად სავარაუდოა, რომ თითოეული ძაღლი გამოგვედევნოს გაქცევის შემთხვევაში, უკვე ყურადღებას მივაპყრობთ სურათის ყველა დეტალს და უფრო კარგად დავიმახსოვრებთ მათ, ვიდრე წინა შემთხვევაში.

ხანგრძლივ მეხსიერებაში ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომია, მიუხედავად იმისა, ვფიქრობთ თუ არა მასზე. თუ გახსენების დროს ვერ მოვნახავთ საჭირო ინფორმაციას, გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენ მაინც შევძლებთ მის რეკონსტრუქციას ლოგიკის, სიგნალების და სხვა ცოდნის მეშვეობით, რომელიც ავსებს სხვა ნაკლულ ნაწილებს. თუმცა ზოგჯერ რეკონსტრუირებული ინფირმაცია არასწორია. ბოლო პერიოდამდე ბევრ ფსიქოლოგს სჯეროდა, რომ ხანგრძლივი მეხსიერებიდან არასოდეს არაფერი იკარგება. თუმცა თანამედროვე კვლევები ამ შეხედულებას ეჭქვეშ აყენებს. როგორც ჩანს, ინფორმაცია შეიძლება დაიკარგოს ხანგრძლივი მეხსიერებიდან დროის ზემოქმედებით და ინტერფერენციით. მიუხედავად ამისა ხანგრძლივი მეხსიერების შესაძლებლობები გსაოცარია. სებმა და ელისმა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაასკვნეს, რომ ” პოპულარული შეხედულების საწინააღმდეგოდ, მოსწავლეები ინარჩუნებენ გაკვეთილზე შეძენილი ცოდნის უმეტეს ნაწილს”.

P.S

არსებობს მესამე ტიპის მეხსიერებაც – ეს არის ” კოლექტიური მეხსიერება”.

არ შეიძლება ინდივიადუალური მეხსიერების შეცვლა, ის ან უნდა დაიკარგოს ან დარჩეს გამოუყენებლად.

რაც შეეხება კოლექტიურ მეხსიერებას მისი შეცვლა შესაძლებელია. აი მაგალითად ჩვენი თაობა (1990 + ), რომელიც არ მოსწრებია საბჭოთა კავშირს (მის დაშლას)  და დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ელიტებს ჩაანაცვლებს, განსხვავებული კოლექტიური მეხსიერების მატარებელი იქნება. კოლექტიური მეხსიერების შეცვლა მნიშვნელოვანია.

ცოდნა ერთი თაობიდან მეორეზე გადადის კულტურის და სოციალიზაციის აგენტების მეშვეობით. როგორც ვიცით კულტურას ქმნის, იდენტობის განმსაზღვრელი კომპლექსები, რომელთა რეპრეზენტირება ხდება ისეთ ფორმებში როგორიცაა: მითები, სიმღერები, ცეკვები, ტრადიციები,  წმინდა ტექსტები, არქიტექტურა, ხელოვნება  და ა.შ. მაგრამ მიუხედავად ამისა  სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები მაინც სხვადასხვაგვარად აღიქვამენ ერთ მოცემულობას, ერთ ენაზე საუბრისასაც კი მათ განსხვავებული შინაგანი „დიალექტები“ აქვთ. (უნდა ჰქონდეთ).  და როცა  თაობების ცვლას  არ მოყვება კოლექტიური (ინდივიდუალური) პარადიგმების შეცვლა, შესაბამისად სამოქმედო პრაქტიკებიც მსგავსი რჩება. (როგორც ჩვენს შემთხვევაში მოხდა, დაიშალა საბჭოთა კავშირი, მაგრამ  პრაქტიკა დიდი ხნის განმავლობაში არ შეიცვალა  სკოლაში).

იმისათვის, რომ  კოლექტიური მეხსიერება შეიცვალოს, ანუ  ხდომილებად იქცეს, ის ძველი მეხსიერება, ნაკლებად მიტანილი უნდა იქნას რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე. (ამ შემთხვევაში მოსწავლეებამდე).

გიორგი ლომოური – უილიამ ფოლკნერი

P.S. დაბეჭდილი ფიქრის გაზიარება

იმ ბაღის პატრონივით ვიქცევი, ცუდი მეზობელი რომ ჰყავს და იმის შიშით, ხილი არ მომპაროსო, დაუმწიფებელ ნაყოფს ჰკრეფს.  მიუხედავად იმისა, რომ სრულად არ წამიკითხავს ფოლკნერის შემოქმედება, აზრი უკვე შეიქმნა.

ყველას გვებადება კითხვა : საიდან გამოჩხრიკა ფოლკნერმა ეს სტილი ? ზოგიერთი მკითხველი ამას პირიქით ისე ღირშესანიშნავად  მიიჩნევს, რომ მის იქით აღარც იხედება. რაღაც ტროპიკული სტილია, თითქოს ისეთი ჯაზ ორკესტრი, რომ გამოსცემს გაუგებარ ბგერებს მაგრამ მაინც რომ მოგწონს. მცოცავი მცენარეთა გაუვალი ჯუნგლებია, ველური ყვავილების მსგავსი, დაუსრულებლად რომ იხლართებიან ერთმანეთში, გველივით დაგრაგნილი, ყველაფერი გამუდმებით ენაცვლებიან ერთმანეთს. მოკლედ დიდი გაუგებრობა იწყება, როცა კი მის პირველივე აბზაცს ვკითხულობთ.

შემიმჩნევია, ფოლკნერის ყველაზე თავგამოდებული თაყვანისმცემლები ძალზედ ამაყოფენ სწორედ ამ სტილით, არის განუმეორებელი და უნიკალურიო, ამბობენ.  თუმცა თანხმდებიან იმაზე, რომ რომანის წაკითხვისას, პირველი ორმოცდაათი გვერდი ყოველთვის ურთულესია, და ამის გამო მკითხველმა უნდა ისწავლოს, თუ როგორ წაიკითხოს ეს უცნაურად ბლანტი, სრიალა და მძიმე პროზა. ლაოკოონივით საშინელი რომ არის და ხანდახან ლამის თავი დავანებოთ.

მიუხედავად ასეთი რთული სტილისა, ფოლკნერის რომანები  უკიდურესად დახვეწილია, უცნაური, უსაზღვროდ ჩახლართული. წინადადება წინადადებას მოსდევს, ბუნდოვანი გადაბმით, წინადადებებში გვხვდება ჩართული წინადადებები, ხშირად ჩართული თავად მოიცავს ერთ ან ორ ჩართულს, ჩინური სათამაშო კვერცხებივით არის, ერთს რომ გახსნი, სხვა დაგხვდება, და ყოველი მომდევნო უფრო მცირე და დახვეწილია, ვიდრე წინა. ზოგჯერ გამაღიზიანებელია წინადადების დასასრულს აღმოჩენა იმისა, რომ კაცი ვერ გაიგებს, ბოლოს და ბოლოს რა მნიშვნელობა ეკისრებოდა ზმნას, რომელიც სიცარიელეში იდგა, ამის გამო ხშირად გვიხდება უკან მიბრუნება და აზრის დანაწევრება. გასინჯავ აგებულებას წინადადებიდან წინადადებამდე და მერე მხოლოდ იმას მიაგნებ, რომ ბოლოს და ბოლოს ეს ყოველივე არაფერ შუაში ყოფილა. თითქოს ფოლკნერი განგებ აკეთებს ამას, რომ მკითხველი ძალდატანებით დატოვოს წინადადებების სიღრმეში, სადაც გრამატიკულად მოუწესრიგებელი სიტყვები და ცნობიერების ნაკადია. ალბათ ეს  ფოლკნერის დამუშავებული მეთოდია, აზრის განგებ დაყოვნებისთვის, და შემდეგ თანდათანობითი გახსნისთვის, ეს არის გამოთვლილი სისტემა წინააღმდეგობებისა და დაბრკოლებებისა, არევდარევის, ორაზროვანი (ორაზრი) ჩანართების და შეყოვნებების, და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, ეს მიზანი მხოლოდ ფორმის შენარჩუნებაა. ასეთი სტილი ფოლკნერს აძლევს, საშუალებას გამორჩეული ენის შექმნისთვის, მისი საკუთარი კონგლომერატისა, რასაც იგი საოცარი ვირტუოზობით იყენებს. ეს სტილი აბსტრაქტული, გონებისმიერი, დროსა და სივრცეში ჩაკეტილი, ნაწვალები და დაღვლარჭნილია, მაგრამ მაინც შეუძლია მკითხველს ამით სიამოვნების მიღება. არ კითხულობ მხოლოდ დროის გასაყვანად, სიამოვნებას ეძებ, ან რაღაც კუთვნილს.

კითხვის დროს იძულებული ვხდებით, საკუთარი თავი ვაიძულოთ და შრომისთვის განვაწყოთ, ანუ გარკვეული აზრით უნდა ვითანამშრომლოთ ავტორთან. მისი ჯილდო ის იქნება, რომ არის ადგილები, რომელთაც მან უნდა მიანიჭოს ფორმა, აზრი გამოიტანოს აქედან და რომ სიამოვნების  ნახევარი  სწორედ ამ უცნაური, რთული ევოლუციის  თვალყურის დევნებაა. ამ პროცესში უნდა იპოვნო სწორედ შენი სიამოვნება ან რაღაც კუთვნილი.  ფოლკნერის რომანს თითქოს არ გააჩნია დასაწყისი და დასასრული. ამიტომ არც ამოსავალი წერტილი აქვს. თხრობისას ხან ერთ ფერი გამოანათებს, ხან მეორე, ხან მომავლისკენ გვანიშნებს, ხან წარსულისკენ, ის რაც თითქოს სტილში სრულყოფილია, ჩვენზე აპრიორულად მაინც  არასრულყოფილების შთაბეჭდილებას  ახდენს (თავიდან ასეა ყოველ შემთხვევაში), ამიტომ ის რაც რეალურია, ნათელია ერთ ადგილას, ერთი თვალსაზრისით, მეორე მხრივ, არარეალური გვეჩვენება. გარკვეული ფაზლია, რომელიც გონებაში ჯერ უნდა დაანაწევრო და შემდეგ ააწყო. – არსებობს ასევე აზრი, რომ ფოლკნერი მხოლოდ ერთი სამხრეთელი მწერალია, რომლის ნაწარმოებებში ინცესტის გარდა ვერაფერს ვხვდებით. მთელი ეს ფორმა სტილისა შექმნილია მხოლოდ იმისთვის, რომ ინცესტის “ესთეტიკა” ეთიკურად მოგვაწოდოს ავტორმა. ზოგი კრიტიკოსი გვიმტკიცებს, რომ  ფოლკნერის სტილი ამ  ჟანრში, მისი დიდების მიუხედავად, ოდნავ იბზარება, და თვითონ ფოლკნერი ბევრს ეწვალება, რომ ამას თავი დააღწიოს, მაგრამ  ეს ფორმა და სტილი თითქმის ყოველ ნაწარმოებში, მხოლოდ ინცესტის გარშემო ტრიალებს.

ეს აზრი ალბათ მცდარია …

P.S.

” AS    I    LAY    DYING “

………..

“ეს კეშია, ეს ჯუელი, ეს ვარდამანი, ეს კი დიუი დელია”, ამბობს მამა, და თან უბადრუკი თაღლითის მედიდური სახე აქვს, კბილებიც ჩაუსვამს, თვალს კი ვერ გვისწორებს. “გაიცანით, მისის ბანდრენი”, გვეუბნება ის. 

 

 

 

 

გიორგი ლომოური – რას ნიშნავს “განათლების იდენტობა”?

1

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ზოგადი განათლების სისტემამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. როგორც  განათლების მკვლევარები ამტკიცებენ, ამ სისტემის ერთ-ერთი ძირითადი თვისება გულისხმობდა მოსწავლეთათვის მაქსიმალური რაოდენობის ინფორმაციის მიწოდებას და შემდგომ დამახსოვრება-დაზეპირებას, გააზრების გარეშე.

არსებობოს ერთი მთავარი კითხვა : უზრუნველყოფს თუ არა დღეს ზოგადი განათლების სისტემა, მოსწავლეს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობით და გაიზარდა თუ არა მოსწავლეთა განათლების დონე ქვეყანაში ? პასუხი : საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა, დღესაც ეფუძნება 1879 წელს ჩამოყალიბებულ ბიჰევიორისტული სწავლა-სწავლების მიდგომებს…

რამოდენიმე ათწლეულის წინ მკვლევართა უმეტესმა ნაწილმა იცოდა, თუ რა არის ეფექტიანი სწავლება და რომელ თეორიებს უნდა ეფუძნებოდეს ის. გვქონდა ცოდნა ეფექტიანი სწავლების და ბიჰევიორისტული მიდგომების შესახებ, რომ სწავლა შესაძლოა განხორციელდეს პირდაპირი სწავლებით და ხელმძღვანელობის ქვეშ წარმოებული საქმიანობით. თუმცა დღეს სულ სხვა სურათი გვაქვს, შეიცვალა სწავლების პარადიგმები და მეთოდები. დამტკიცდა, რომ ბიჰევიორისტული სწავლება არის მავნებლობა, ხოლო შედარებით უკეთეს შედეგებს გვაძლევს კონსტრუქტივისტული მიდგომები.

კონსტრუქტივისტული პარადიგმა – ეს მიმართულება ქმნის ზუსტ აზრობრივ წარმოდგენებს, რეალური სამყაროს შესახებ, სქემებისა და მოქმედების წესების გამოყენებით. ცოდნის ათვისება ხდება მანამდე არსებული ცოდნის ტრანსფორმაციით და რეორგანიზაციით. ეს არის ე.წ პოსტმოდერნული მიმართულება, რომელიც ბოლო წლებში პოპულარული გახდა ამერიკის განათლების სისტემაში და ამბობს, რომ არ არსებობს რაიმე აზრის ან შეხედულების ინტერპრეტირების საფუძველი, როგორც სხვაზე უკეთესის ან უარესის შეფასება. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის შუალედური პოზიცია – ცოდნა არის გარე სამყაროს ხედვა, რომელიც გაფილტრულია კულტურის, ენის, ღირებულებების პრიზმაში. ცოდნა შენდება ინდივიდუალურ შენატანზე და განვითარება სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში სხვადასხვაგვარად წარიმართება – სხვადასხვა არგუმენტებს სხვადასხვა ძალა აქვთ სხვადასხვა სიტუაციაში.

ქართულ განათლების სისტემაში კი ჯერ კიდევ ინარჩუნებს გავლენას ბიჰევიორისტული მეთოდები, რომლის დროსაც, სწავლის დამამტკიცებელი საბუთი ვლინდება სტიმულის პასუხად მიღებულ პროგრამის შედეგებში, სტანდარტიზებულ ტესტზე გაცემულ პასუხებში ან მასწავლებლის ზეპირ შეკითხვებში. რაც, როგორც ზემოთ ვახსენეთ არის მავნებლობა.

2

ზოგადად განათლების პრობლემების გაგებისთვის მნიშვნელოვანია, განათლებაში იდენტობის საკითხის განსაზღვრა. საერთოდ რას უნდა ნიშნავდეს  განათლების იდენტობა? განათლების იდენტობა  არის პროცესი, რომელიც მოიცავს “ცოდნის” მნიშვნელობის შექმნას ინდივიდუალურ დონეზე. ეს ეხმიანება კონსტრუქტივსტული მიდგომის მთავარ თეორიას, რაც გულისხმობს ცოდნის ინდივიდუალურ კონსტრუირებას.  განათლების იდენტობა, არის ცოდნის აღიარების ინდივიდუალური გზა, ეს არის პერსონიფიცირებული აღმოჩენები და სწავლის პროცესი. განათლების ეგზისტენციალური თვალსაზრისიდან, იდენტობა დაკავშირებულია მიკუთვნებულობისა და აღიარების ფორმასთან, რაც გულისხმობს მოსწავლის “განვითარებადი მე” – ს კონსტრუირებას.

განათლების იდენტობა, მიმართულია მოსწავლის პერსონალური ქცევის პასუხისმგებლობაზე, რასაც საფუძვლად უდევს ცოდნის გააზრებული ტრანსფერი პრაქტიკულ ინტერვენციებში. დიმიტრი უზნაძე აღნიშნულ პრაქტიკას უწოდებს “მიზანშეწონილ გააზრებულ ქცევას”. უზნაძის “განწყობის ფსიქოლოგია” შეიძლება შევუსაბამოთ განათლების იდენტობის მნიშვნელობის შექმნას ინდივიდუალურ დონეზე, რაც გულისხმობს განვითარებადი მე-ს კონსტრუირებას, მიზანშეწონილი გააზრებული ქცევის საფუძველზე.

მოსწავლის ქცევა უნდა იყოს განსაზღვრული მიზეზობრივად, მაგრამ იმავე დროს უნდა ხასიათდებოდეს მიზანშეწონილობითაც. ეს უკანასკნელი კი ეფუძნება ინდივიდის „მოთხოვნილებას“. როცა მოსწავლეს არ აქვს ინდივიდუალური მოთხოვნილება, მისი დამოკიდებულება გარემოსთან არის ინდიფერენტული, თუმცა მაინც აქტიური, ასეთ შემთხვევაში ეს აქტიურობა შეიძლება განპირობებული იყოს სწორედ ბიჰევიორისტული ინსტრუმენტების ზემოქმედებით, რასაც შეიძლება დავარქვათ გარემოსთან მოსწავლის შემთხვევითი დამოკიდებულება.  უზნაძე მოსწავლის “განწყობას/იდენტობას” განმარტავს, როგორც მდგომარეობას, დამოკიდებულებას ქცევის დაწყების წინ. ეს განსაზღვრება მნიშვნელოვანია, რადგან უპირატესობა ენიჭება არა კონკრეტული გარემოს კონტექსტს, რაც ბიჰევიორისტულ მეცნიერებაში ნორმად ითვლება, არამედ სუბიექტს, როგორც მთელს. შესაბამისად მოსწავლის ქცევა უნდა განსაზღვროს მისმა იდენტობამ/განწყობამ და თუ ქცევა წარიმართა ამ იდენტობის შესატყვისად, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი მიზანშეწონილად მიმდინარეობს. 

ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების საუკეთესო საზომი მისი უნარია – გონებაში ერთდროულად ატარებდეს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო იდეას და ამ იდეებიდან არჩევდეს ერთს. როცა ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნილებებიდან, ერთს აყენებს უპირატესად და მისი მიხედვით მოქმედებს, სწორედ ეს არის მისი სწავლის იდენტობა, განწყობა, რაც მიზანშეწონილად ვითარდება. ე.ი. შესაძლო ქცევის ღირებულების გაცნობიერების მიხედვით, სუბიექტს მისი შესრულების თუ შეუსრულებლობის განწყობა უჩნდება და ასე ხდება, რომ სუბიექტი გარკვეულ აქტს მიმართავს.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ განათლებაში იდენტობის ცნება შესაძლებლობას იძლევა გავიგოთ, თუ რატომაა, რომ ქცევა მიზანშეწონილია, აზრიანია, ე.ი. ერთსა და იმავე დროს მოსწავლესაც უწევს ანგარიშს და საგნობრივ სინამდვილესაც.

„თუ მოსწავლის სხეულის შიგნიდან გამომდინარე მოთხოვნილების იმპულსის ნიადაგზე ხორციელდება ქცევა ან არის ასევე სოციალურ განვითარებაზე მიმართული ის „იდენტურია“, ხოლო თუ სხეულის გარე პერიფერიული ვალდებულება იჩენს თავს, ეს არ არის ნამდვილი ქცვა“. (უზნაძე, 1925).

3

“განათლების იდენტობამ”, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა  დღეს, როცა განათელბის პარადიგმები მკვეთრად იცვლება.

რას გულისხმობს განათლების ახალი პარადიგმა ? განათლების ახალი პარადიგმა გულისხმობს,  აზროვნების მაღალ დონეს  არა ცალკეულ მოსწავლეში, არამედ ყველა მოსწავლეში.

და რას ნიშნავს აზროვნების მაღალი დონე ?

აზროვნების მაღალი დონე არ ისწავლება, როგორც ცალკე აღებული პროგრამით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები. აზროვნების მაღალი დონის მაჩვენებელი ვითარდება, როცა მოსწავლე ათვისებულ საგნობრივ (და ასევე არა საგნობრივ) ცოდნას უკავშირებს სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას და კრიტიკულად ან შემოქმედებითად გაიაზრებს ნასწავლს, ანდა მისი მეშვეობით წყვეტს ამა თუ იმ პრობლემას და იღებს გადაწყვეტილებას. სწორედ ეს იგულისხმება აზროვნების მაღალ დონეში.

აღნიშნულ განათლების პარადიგმას საფუძვლად უდევს, ადამიანის ინტელექტის არსის გადააზრება. ინტელექტის არსის გადააზრებას შეეცადა ასევე, ჰოვარდ გარდნერი. გარდნერმა განმარტა, რომ არსებობს რამოდენიმე სახის ინტელექტი, რომლებიც ურთიერთდამოკიდებულია. თითოეული იძლევა საშუალებას, რომ სხვადახვაგვარად ვიყოთ ჩართული ინტელექტუალურ აქტივობებში. გარდნერის შეხედულებით, დღევანდელი სასკოლო პრობლემებია, სასწავლო პროგრამების შეზღუდვა და საზრიანობის ლინგვისტური და ლოგიკურ-მათემატიკური განზომილებებით შემოფარგვლა. გარდნერის ხედვა უკავშირდებოდა, იმას, რომ სასწავლო პროგრამები უნდა დაიგეგმოს ინტლექტის განსხვავებული მიმართულებების მიხედვით.

4

დასკვნა

განათლების იდენტობის შექმნა იწვევს, მიზანშეწონილ გააზრებულ ქცევას.

განათლების იდენტობის შექმნის მიზანი არის, აზროვნების მაღალი დონის განვითარება.

აზროვნების მაღალი დონის მაჩვენებელი ვითარდება, როცა მოსწავლე ათვისებულ საგნობრივ (და ასევე არა საგნობრივ) ცოდნას უკავშირებს სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას და კრიტიკულად ან შემოქმედებითად გაიაზრებს ნასწავლს, ანდა მისი მეშვეობით წყვეტს ამა თუ იმ პრობლემას და იღებს გადაწყვეტილებას. 

ინტელექტის არსის გადააზრება .

გიორგი ლომოური – ძალაუფლების თამაშები ორგანიზაციაში

ძალაუფლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.  ის გავლენას ახდენს, როგორც ორგანიზაციაზე, ასევე ინდივიდზე.

ძალაუფლების თამაშში  ორგანიზაციის თითქმის ყველა წევრი მონაწილეობს . ძალაუფლების მოთამაშეებს უნდა ჰქონდეთ თამაშის ნებისყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა სურდეთ ენერგიის დახარჯვა და ასევე გააჩნდეთ უნარი, იმოქმედონ სტრატეგიულად და ტაქტიკურად.

ძალაუფლების პოლიტიკა ხდება ორგანიზაციის ცხოვრების ყოველდღიური წესი. ეს პოლიტიკა უმეტესწილად არის შიდა, ფარული და არალეგიტიმური.  მიუხედავად ლეგიტიმურობის ნაკლებობისა, შიდა ფარულ პოლიტიკას  შეუძლია, ძალაუფლების ყველა ფორმების მსგავსად,  გადაწყვიტოს მნიშვნელოვანი ორგანიზაციული პრობლემები.

ნებისმიერ ძლიერ ორგანიზაციაში, თითქმის  ყველა შიდა ჯგუფი ცდილობს, რომ გავლენა მოახდინოს ორგანიზაციულ პოლიტიკაზე  საკუთარი ინტერესებისთვის. ფაქტიურად, ორგანიზაციის ყველა წევრი, მიუხედავად რანგისა მონაწილეობს პოლიტიკურ თამაშში (მეტნაკლებად). ჩვეულებრივ თანამშრომლები ამ პოლიტიკურ ტაქტიკებს იყენებენ ყველა დონეებზე.

არსებობს რამოდენიმე ტაქტიკა :

  1. მოწონების ტაქტიკა — მოწონების მცდელობა არის ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება სხვა ადამიანის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ეს შეგვიძლია ასე ვთარგმნოთ : დაეხმარე კოლეგას ან ზემდგომს და ეს პიროვნება ვალდებულად ჩათვლის თავს, საპასუხოდ გაგიწიოს სამსახური.
  2. ინფორმაციის ფლობის ტაქტიკა — ინფორმაციის ფლობის ტაქტიკა, არის საშუალება, რომელსაც იყენებენ ის ინდივიდები, რომელთაც სურთ სხვების კონტროლი ან საკუთარი სტატუსის შექმნა. საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების ტაქტიკამ შესაძლოა გაამყაროს ადამიანის პოზიციები. ამ ტაქტიკის მნიშვნელოვანი ელემენტია გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვება, ხოლო შემდეგ მისი ოსტატურად გამოყენება. სხვებს ინფორმაცია ისე უნდა მიაწოდოთ, რომ გაიზარდოს მათი თქვენზე დამოკიდებულება, ხოლო თქვენ ისეთი ადამიანის რეპუტაცია უნდა შეგექმნათ, რომელმაც  ” ნამდვილად იცის” რა ხდება .
  3. კოალიციის შექმნის ტაქტიკა — კოალიციის შექმნა არის პროცესი რომელშიც ინდივიდები ერთიანდებიან საერთო მიზნების მისაღწევად. კოალიცია უპირისპირდება არსებულ პოლიტიკას, წინააღმდეგობას უწევს შემოთავაზებულ ცვლილებებს. გავლენის მოხდენის თვალსაზრისით, ცალკე მყოფი ინდივიდები ნაკლებად წარმატებულნი არიან, ვიდრე ჯგუფები.
  4. განტევების ვაცის ძიების ტაქტიკა — “განტევების ვაცის ”  ძიება არის სხვებზე გადაბრალება და იერიშის მიტანა მაშინ, როცა საქმე უარესდება, ან ძალიან ფუჭდება. უფროსები ხშირად დაქვემდებარებულებს ადანაშაულებენ, როცა დაგეგმილ ინტერვენციებს შედეგი არ მოყვება. “განტევების ვაცის ” მონახვამ შეიძლება საშუალება მისცეს პოლიტიკურად გამჭრიახ ინდივიდებს, თავიდან აირიდონ ყურადღება და “გამოძვრნენ”,  მათ ნაცვლად დასასჯელი  სხვა ინდივიდის მონახვით.
  5. ექსპერტიზის  ტაქტიკა —- ექსპერტიზაზე დაფუძნებულ თამაშს თამაშობენ ის პროფესიონალები, რომლებმაც განივითარეს ორგანიზაციისთვის საჭირო უნარები და ცოდნა (დიდი ხნის თანამშრომელი). ისინი აგრესიულად იბრძვიან ძალაუფლებისთვის, თავიანთი ცოდნის მაქსიმალური გამოყენებით – ხაზს უსვამენ საკუთარი ნიჭის უნიკალურობას და ორგანიზაციის მიერ ამ უნიკალური თვისებების ჩანაცვლების უუნარობას.
  6. ბატონობის ტაქტიკა — ბატონობა არის ტაქტიკა, რომელშიც  უკვე ლეგიტიმური ძალაუფლების მქონე ადამიანები “ბატონობენ” მათზე, რომლებიც მათი ქვემდგომები არიან, და ამგვარად, ექსპლუატაციას უწევენ მათ არალეგიტიმური საშუალებებით. მაგრამ, როდესაც  ადამიანები ძალაუფლების გარეშე რჩებიან ფართო ასპარეზზე, ისინი ძალაუფლების საკუთარი მოთხოვნილებების  კონცენტრირებას ახდენენ მათზე, ვისზეც ვრცელდება მათი თუნდაც უმცირესი უფლებამოსილება. მაგ: მასწავლებლები ასე ექცევიან მოსწავლეებს.
  7. დაპირისპირებულ მხარეთა თამაში/ტაქტიკა –  ეს თამაში იწყება მაშინ, როცა ორი და მხოლოდ ორის ძირითადი ალიანსი უპირისპირდება ერთმანეთს. ასეთ თამაშში ყოველთვის არსებობს მოგებული და წაგებული. ეს თამაში შეიძლება მიმდინარეობდეს ორ ინდივიდს  შორის, ორ განყოფილებას შორის, ან ზოგადად სტაბილურობისა და ცვლილების მომხრეებს შორის. ამ თამაშში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპეტენცია და პოლიტიკური გამჭრიახობა .
  8. სიგნალის მიცემის ტაქტიკა  — სიგნალის მიცემის თამაში უფრო და უფრო გავრცელებული ხდება ყველა ორგანიზაციაში. მისი მიზანია, გამოიყენოს ინდივიდმა ყველანაირი ნორმა სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მოთამაშე იძლევა სიგნალს არაკანონიერი ქცევის შესახებ. სიგნალის მიმცემი გვერდს უვლის ლეგიტუმურ არხებს, ცდილობს კონტაქტი იყოს კონფიდენციალური. ეს მაღალი რისკის თამაშია. სიგნალის მიმცემი ადამიანები, ჩვეულებრივ არ უყვართ.
  9. ახალგაზრდა თურქების თამაში – ყველა თამაშებიდან ალბათ ყველაზე ინტენსიურია ე.წ. “ახალგაზრდა თურქების თამაში”.  რისკი დიდია – მიზანი იმდენად ფუნდამენტურია, რომ იწვევს   ლეგიტიმური ძალაუფლების მთლიანად შეცვლას.          ” ახალგაზრდა თურქები ”  უპირისპირდებიან ორგანიზაციის ძირითად საყრდენს და ცდილობენ დაამხონ მისი ჰეგემონია, შეცვალონ მისი კომპეტენციის ძირითადი სეგმენტი, შეცვალონ მისი ძირითადი  იდეოლოგია. ეს ფაქტიურად დიდი აჯანყებაა. ამ ტიპის თამაში  არის “ყველაფერი” ან “არაფერი”.
  10. განრიდების ტაქტიკა — ამ თამაშში ინდივიდი ყველაზე ინერტულია, ინდიფერინტულია. იგნორირებას უკეთებს  კონფლიქტებს, იმ იმედით,  რომ ყველაფერი თავად გამოსწორდება. ეს ორგანიზაციის ინდიფერენტული ზონაა.

ძალაუფლება წარმოადგენს ორგანიზაციის ცხოვრების ძირითად ელემენტს. იგი შეიძლება იყოს ლეგიტიმური და ნებაყოფლობით მიღებული ქვემდგომების მიერ, ან  იძულებითი, არალეგიტიმური და მას შეიძლება შეხვდეს წინააღმდეგობა ………….. რაც შეეხება პოლიტიკას, პოლიტიკა არის ორგანიზაციის ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ძალაუფლების მქონე ინდივიდები, ორგანიზაციის პოლიტიკური სივრცე შედგება ინდივიდთა და ჯგუფთა კოალიციებისგან, რომლებიც აწარმოებენ ერთმანეთს შორის გარიგებებს, რომ დაადგინონ რესურსების განაწილების არაფორმალური წესი.

აღნიშნული პოლიტიკური თამაშები მინცბერგის სისტემიდან არის მოყვანლი. სამწუხაროდ არ არსებობს კვლევითი ლიტერატურა,  რომელიც იკვლევს ურთიერთკავშირს პოლიტიკურ თამაშებს შორის.

 

გიორგი ლომოური – ე.ს.გ “კარგი” ბიჰევიორისტული პროგრამა

რამოდენიმე ათწლეულის წინ მკვლევართა უმეტესმა ნაწილმა იცოდა, თუ რა არის ეფექტიანი სწავლება და რომელ თეორიებს უნდა ეფუძნებოდეს ის. გვქონდა ცოდნა ეფექტიანი სწავლების და ბიჰევიორისტული მიდგომების შესახებ, რომ სწავლა შესაძლოა განხორციელდეს პირდაპირი სწავლებით და ხელმძღვანელობის ქვეშ წარმოებული საქმიანობით. თუმცა დღეს სულ სხვა სურათი გვაქვს.

რას აკეთებენ საგანმანათლებლო სისტემები იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ ხარისხიან სწავლებას ? ამ კითხვაზე ასეთ პასუხს გვცემენ უცხოელი ექსპერტები :  განმანათლებლები საზოგადოების ღირებულებებიდან გამომდინარე იზიარებენ სხვადასხვა განათლების თეორიებს და ამის საფუძველზე ქმნიან სასწავლო გეგმებს. თუმცა ერთგვაროვანი  საზოგადოება, რომელსაც საერთო ღირებულებები აკავშირებს, განსხვავებულობის გარეშე აღარ არსებობს.  ამიტომ განათლების ტრადიციული თეორიები, რომელსაც ეფუძნება საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაც, საჭიროებს მეცნიერულ შესწავლას, თუ რამდენად უზრუნველყოფს საზოგადოების მრავალფეროვან მოთხოვნილებებს.

შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ჰიპოთეზა : საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა დღესაც ეფუძნება 1879 წელს ჩამოყალიბებულ – ბიჰევიორისტული სწავლა – სწავლების ტრადიციულ მიდგომებს.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღნიშნულია :  მუხლი 27. “თანმიმდევრული საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად, მოსწავლის შეფასება უნდა დაეფუძნოს კონსტრუქტივისტულ პრინციპებს“. მაგრამ სამწუხაროდ დღეს  ურთიერთსაწინააღმდეგოა ე.ს.გ – ში ჩამოყალიბებული თეორიული მიმართულებები, პრაქტიკაში განხორციელებულ ინტერვენციებთან. მიუხედავად იმისა, რომ კონსტრუქტივისტული თეორიები ეყრდნობა ჯონ დიუის განათლების ფილოსოფიას და პიაჟეს, ვიგოცკის, ბარლეტის, ბრუნერის კვლევებს, არ არსებობს სწავლის მხოლოდ ერთი კონსტრუქტივისტული თეორია, არამედ არსებობს კონსტრუქტივისტული მიდგომები მეცნიერებასა და მათემატიკის სწავლაში, განათლების ფსიქოლოგიასა და ანთროპოლოგიაში. შესაბამისად ე.ს.გ – ში არ არის ნათლად მოცემული თუ სწავლა-სწავლების პროცესი, კონკრეტულად კონსტრუქტივისტული მიდგომის რომელ მეთოდს ეფუძნება, რადგან ზოგადად კონსტრუქტივიზმი შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ფილოსოფიურ მოცემულობად და არა სწავლების თეორიად. ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოყენებულია ტერმინი „კონსტრუქტივიზმი“, რომლის ძირითადი კატეგორიები არ არის განსაზღვრული. ძირითად კატეგორიებად მკვლევარები მოიაზრებენ, რაციონალურ, რადიკალურ და დიალექტიკურ კონსტრუქტივიზმს.
რაციონალური კონსტრუქტივიზმი –  ცოდნის ათვისება ხდება მანამდე არსებული ცოდნის ტრანსფორმაციით და რეორგანიზაციით. პიაჟეს თეორია ყველაზე ზუსტად შეესაბამება ამ მიდგომას. რაც გულისხმობს ინდივიდის განვითარების ეტაპების უნივერსალურ თანმიმდევრობას,  რომელთაგან თითოეული მოიცავს წინა ეტაპთან შედარებით უფრო დახვეწილ და ფუნქციურ ფორმებს.
რადიკალური კონსტრუქტივიზმი –  ცოდნის კონსტრუირებას უკავშირებს უფრო ინტერპერსონალურ ურთიერთმოქმედებებს, კულტურისა და იდეოლოგიების ზეგავლენას. ეს არის ე.წ პოსტმოდერნული მიმართულება, რომელიც ბოლო წლებში პოპულარული გახდა ამერიკის განათლების სისტემაში და ამბობს, რომ არ არსებობს რაიმე აზრის ან შეხედულების ინტერპრეტირების საფუძველი, როგორც სხვაზე უკეთესის ან უარესის შეფასება.
დიალექტიკური კონსტრუქტივიზმი – დიალექტიკური კონსტრუქტივიზმი არის შუალედური პოზიცია, რომელიც ვარაუდობს, რომ ცოდნა იზრდება შიდა (კოგნიტური) და გარე (გარემოსა და სოციალური) ფაქტორების ურთიერთქმედების მეშვეობით.  შეიძლება ითქვას, რომ ეს არის შუალედური პოზიცია – ცოდნა არის გარე სამყაროს ხედვა (რაციონალური კონსტრუქტივიზმი), რომელიც გაფილტრულია კულტურის, ენის, ღირებულებების პრიზმაში. ვიგოცკის თეორია, როგორც კოგნიტური განვითარების აღწერა, დიალექტიკური კონსტრუქტივიზმის კარგი მაგალითია, რომელიც გულისხმობს, რომ ცოდნა შენდება ინდივიდუალურ შენატანზე და განვითარება სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში სხვადასხვაგვარად წარიმართება – სხვადასხვა არგუმენტებს სხვადასხვა ძალა აქვთ სხვადასხვა სიტუაციაში.

ზოგადად თუ განვიხილავთ ე.ს.გ – ის კონტექსტი, შეიძლება ყველაზე ახლოს მივუსადაგოთ „რაციონალური კონსტრუქტივიზმის“ მიმართულებას, რომელიც გულისხმობს ცოდნის შეძენას, მხოლოდ გარე სამყაროსთან კავშირის შედეგად, შეხედულებების ინტერპრეტირების გარეშე.

მნიშვნელოვანია  ასევე განვსაზღვროთ, თუ რომელ მიდგომას ვიყენებთ სასწავლო პროგრამების შექმნისთვის, რადგან თეორიები ქმნის რეალობას, რომელშიც მოსწავლეებს უწევთ სწავლა და საქმიანობა.
უილიამ ვუნდტმა 1879 წელს ლაიფციგის უნივერსიტეტში დააარსა პირველი ბიჰევიორისტული ფსიქოლოგიური ლაბორატორია, რამაც დასაბამი მისცა ამ მეცნიერების განვითარებას. მალე ამერიკაში ვუნდტის სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს თავიანთ უნივერსიტეტებში მსგავსი ლაბორატორიები და დაიწყო, როგორც ახალი მეცნიერული საგანმანათლებლო პარადიგმის შესწავლა. ბიჰევიორიზმის სახელით გახდა ცნობილი ეს მიდგომა და სათავეს იღებს ამერიკული უმაღლესი განათლებიდან, რომელიც მნიშვნელოვნად განვითარდა მეოცე საუკუნეში, მათ შორის საქართველოშიც. ბიჰევიორისტული თეორია გულისხმობს გარემოსთან ურთიერთობის პროცესში გამოცდილების მიღებას (დაახლოებით რასაც რაციონალური კონსტრუქტივიზმი გულისხმობდა) და ინფორმაციის დაგროვებას. ამის შედეგად ხდება ცვლილება ქცევაში, თანაც ისეთი, რასაც შეიძლება დავაკვირდეთ და აღვრიცხოთ. ეს თეორია სწავლის პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მასწავლებელს და არა მოსწავლეს.

1980-იანი წლების ბოლომდე ეს მიდგომა პოპულარული იყო შეერთებული შტატების სასკოლო განათლებაში, ქართული განათლების სისტემაში კი ჯერ კიდევ ინარჩუნებს გავლენას სასწავლო პროგრამებისა და სწავლების სფეროებში.  ბიჰევიორიზმის ტექნოლოგია,  რომელსაც სკინერი ურჩევდა სკოლებს, გულისხმობს მიზნების განსაზღვრას მოსწავლის სასურველი ქცევის მოდიფიკაციისთვის. ბიჰევიორისტული შეხედულებით „სწავლის დამამტკიცებელი საბუთი ვლინდება სტიმულის პასუხად მიღებულ პროგრამის შედეგებში, სტანდარტიზებულ ტესტზე გაცემულ პასუხებში ან მასწავლებლის ზეპირ შეკითხვებში“.  სწორედ აღნიშნულ პრაქტიკას ეფუძნება, 2011 წელს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში (შემდეგში სკოლა) დანერგილი, ე.წ. საატესტატო გამოცდები.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საატესტატო გამოცდები, როგორც ე.ს.გ – ის მისაღწევი კომპეტენციის გამზომი საშუალება გარკვეულწილად აცდენილია ლოგიკას, რადგან იგი კონკრეტული ინფორმაციის, ფაქტებისა და დაზუსტებების დახსომებაზეა ორიენტირებული.

„კარგ“ ბიჰევიორისტულ პროგრამაში/სასწავლო გეგმაში მიზნები მოსწავლის ქცევით განისაზღვრება და ტესტებზე დამაკმაყოფილებელი პასუხების აღნიშვნით, ამაზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ რომ 2005 წელს, ქართული სკოლებისთვის შექმნილი, (და 2017 წელს „განვითარებული“) ეროვნული სასწავლო გეგმა თავისი არსობრივი ფუნქციით არის, „კარგი“ ბიჰევიორისტული პროგრამა, რომელიც არ ითვალისწინებს მოსწავლის პროგრესულ განვითარებას, რაც უნდა გულისხმობდეს თავისუფალი სწავლა-სწავლების პროცესს. სკინერმა განმარტა, რომ ბიჰევიორიზმის პედაგოგიკური ტექნიკა არაა შექმნილი გონების განსავითარებლად და ბუნდოვანი წარმოდგენების დასახვეწად, რადგან ისინი შექმნილია ისეთი ქცევების გამოსაწვევად,  რომლებიც მხოლოდ სწავლის მტკიცებულებად გამოდგება. ეს საკითხი აკადემიური მსჯელობის საკითხი იყო 1968 წელს აშშ – ში, რომელიც განათლების პარადიგმის ცვლილებასთან მიმართებაში განიხილეს, როგორც არაეფექტიანი მიდგომა.

 

გიორგი ლომოური – კონფლიქტის მართვის ტაქტი

ნებისმიერ ორგანიზაციაში, მენეჯერები, ადმინისტრატორები, გადაწყვეტილების მიმღები პირები დროის მნიშვნელოვან პერიოდს ხარჯავენ კონფლიქტების მოგვარების მცდელობაზე.  ამ მცდელობებიდან შეიძლება გამოვყოთ რამოდენიმე სტილი :

  1. განრიდების  სტილი – განრიდების სტილი არის არათანამშრომლობითი. აქ მენეჯერი/ადმინისტრატორი იგნორირებას უკეთებს კონფლიქტებს იმ იმედით, რომ ისინი თავად გამოსწორდება. პრობლემის მოგვარება უბრალოდ დროებით შეჩერებულია.
  2. კომპრომისული/თანამშრომლობითი  სტილი – კომპრომისული სტილი წარმოადგენს ბალანსს ორგანიზაციისა და ინდივიდის საჭიროებების შესახებ. ამ სტილის ორიენტირი გახლავთ  მოლაპარაკება, ორ უკიდურეს პოზიციათა შორის საერთოს მონახვა, გარიგება და ისეთი გადაწყვეტილების ძიება, რომელიც დამაკმაყოფილებელი ან მისაღები იქნება ორივე მხარისათვის.
  3. მეტოქეობის სტილი – მეტოქეობის სტილის გამოყენება ქმნის მოგება-წაგების სიტუაციებს. მენეჯერი/ადმინისტრატორი არ თანამშრომლობს კონფლიქტის გადაწყვეტის მცდელობაში. მეტოქეობა ყოველთვის იწვევს დაპირისპირებას, რომლის დროსაც სხვათა ხარჯზე უნდა მოხდეს მიზნების მიღწევა. ძალაუფლება გამოიყენება დამორჩილების მისაღწევად.
  4. შეგუების სტილი – მენეჯერი/ადმინისტრატორი ქვემდგომთა მოთხოვნებისადმი წინააღმდეგობას წყვეტს. მორჩილებითი/დამთმობი მიდგომა.

მიუხედავად ამ 4 განსხვავებული სტილისა, მკვლევარები თვლიან, რომ თითოეული შეიძლება იყოს ეფექტიანი, გამომდინარე სიტუაციიდან.  მაგ :

  1. განრიდების სტილი – როცა საკითხი ტრივიალურია; –  როცა ხარჯები აჭარბებს გადაწყვეტის სარგებლიანობას; – სიტუაციის განმუხტვისათვის; – როცა აუცილებლობას წარმოადგენს მეტი ინფორმაციის მიღება; – როცა სხვები უფრო ეფექტიანად გადაწყვეტენ პრობლემას; – როცა პრობლემა წარმოადგენს სიმპტომს და არა მიზეზს. 
  2. კომპრომისული/თანამშრომლობითი სტილი – როცა ” ჩიხი ” წარმოიქმნება; – ქმედებების დასაჩქარებლად, როცა დრო მნიშვნელოვანია; – როცა მეტოქეობა წარუმატებელია;- როცა მიზანია სწავლა ; – იმ უარყოფითი შეგრძნებების დასაძლევად, რომელიც ხელს უშლის ურთიერთობას. .
  3. მეტოქეობის სტილი – როცა სწრაფი ქმედებაა აუცილებელი; – როცა საკითხი მოითხოვს არაპოპულარულ ქმედებას, მაგალითად ხარჯების შემცირება; – როცა საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზაციის კეთილდღეობისთვის; –  იმ ინდივიდთა წინააღმდეგ, ვინც უპატიოსნოდ სარგებლობს სხვა ადამიანების კეთილგანწყობით. 
  4. შეგუების სტილი – როცა აღმოაჩენთ, რომ შეცდომა დაუშვით; – როცა საკითხი უფრო მნიშვნელოვანია სხვათათვის; – როცა დამარცხება გარდაუვალია; – ქვემდგომებისათვის იმ შანსის მისაცემად, რომ ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე. 

ისევე როგორც სხვა მრავალ საკითხში, არ არსებობს კონფლიქტის მართვის ერთადერთი სწორი გზა. კონფლიქტის წარმატებული მენეჯმენტი არის სიტუაციასთან სტილის ფრთხილად დაკავშირება.

P.S.  – ე.წ  – ” კონფლიქტის მართვის ტაქტი”

 

გიორგი ლომოური – ჰარვარდის უნივერსიტეტი

ZACHARY HERRMANN – ჰარვარდის უნივერსიტეტი, განათლების სკოლის დოქტორი.

თარგმანი: გ.ლომოური

მოსწავლეები  ძალიან განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან. როგორ შეგვიძლია ჩვენ გავითვალისწინოთ მათი მრავალფეროვანი მახასიათებლები ისე, რომ სწავლა სწავლების  პროცესში ყველა მოსწავლე აქტიურად იყოს ჩართული ?

მათი მახასიათებლები :

  1. მოწყენილი/შეწუხებული
  2. ჩამორჩენილი
  3. ვერ იგებს კარგად/ვერ აღიქვავს
  4. მორცხვი
  5. არ შეუძლია მშვიდად ჯდომა
  6. უყვარს საუბარი დისკუსია
  7. მასწავლებელზე ორიენტირებულია (უნდა თავის გამოჩენა).

 

მე   სიტყვას „welcome”(გამარჯობა), დღეში ასჯერ მაინც ვეუბნები  მოსწავლეებს. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული რიტუალიც კი დავაწესე,  სანამ კლასში შევალ ვდგავარ კარებთან და ყველა მოსწავლეს ვესალმები და თბილად ვუღიმი.  ვიცი, რომ ყველა ბავშვი არის კომპლექსური, უნიკალური, მათ  აქვთ განსხვავებული საჭიროებები, პრეფერენციები, ინტერესები. და  როცა კლასში შევდივარ ყოველთვის ვცდილობ გავცე პასუხი შემდეგ შეკითხვას : იქნება დღევანდელი საკლასო  პრაქტიკა ყველა მოსწავლეზე მორგებული ?

ნებისმიერ დროს შესაძლებელია, რომ ჩემს კლასში მოსწავლეების მესამედი მოწყენილი იყოს საგაკვეთილო შინაარსის გამო, მესამედისთვის გაუგებარი იყოს თემა, ზოგიც მიიჩნევდეს რომ უაზრობაა ამ დავალების შესრულება. ასევე ისიც შესაძლებელია, რომ კლასის გარკვეული ნაწილი სიამოვნებას განიცდიდეს ამ  დისკუსიებით, ზოგსაც მოსწონდეს ეს ფორმატი, უნდოდეს კითხვის დასმა თუმცა ჰქონდეს იმის კომპლექსი, რომ დიდი ჯგუფების წინაშე ეს მისთვის არაკომფორტულია, ზოგისთვისაც დიდხანს ჯდომა მოსაწყენია, ზოგი კი პირიქით ცდილობდეს ყველაფერი ახსნას კლასის წინაშე და თავი გამოიჩინოს.

ამ ასპექტების გათვალისწინებით, მნიშვნელობას იძენს შემდეგი ფაქტორი : როცა მოსწავლეების განსხვავებულობა, მათი იდენტურობა, მისწარაფებები,  – პრიორიტეტი ხდება სწავლა-სწავლების პროცესში, უნდა გავითვალისწინო მათი საჭიროებები და ხელი შევუწყო ყველა მსწავლელის შესაძლებლობის რეალიზებას.

და რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, როგორ უნდა მართოს საკლასო პროცესები ისე, რომ გაითვალისწინოს ჯგუფის და თითოეული მოსწავლის ეს საჭიროებები, და მოქნილი გახდეს მისი მიდგომები ?

 

შვიდი სტრატეგია ამ საჭიროებების მიხედვით

  • ხელი შეუწყვეთ პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას მოსწავლეებს შორის. მასწავლებლები თავად აკეთებენ ამას და მათი მოსწავლეებიც ემხრობიან, როდესაც ისინი გარკვეულ დროს გამონახავენ არაფორმალური ურთიერთობებისთვის, რომ უკეთ გაიცნონ ერთმანეთი ეს მათ ეხმარება წარმატების მიღწევაში. განსაკუთრებით იმ მოსწავლეებისთვის არის ეს ყოველივე მნიშვნელოვანი, რომლებიც გარკვეულწილად განიცდიან მარგინალიზებას საზოგადოების მხრიდან და გარიყულები არიან.
  • კომუკიცაციის მაღალი დონე, რაც უნდა გამოიწვიოს მასწავლებლის ქმედებებმა. (საუბარი/აქტივობები). მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მასწავლებელი ფოკუსირებულია მკაფიო კომუნიკაციებზე მოსწავლეებს შორის, ასევე მნიშვნელოვანია, რომ განიხილონ ის ფარული მესიჯები, ინფორმაციები რაც მოდის მოსწავლეებისგან, ამოცანის სირთულე მასწავლებელს ავალებს, რომ ისინი მოსწავლეების განსხვავებული ქცევის ტიპებს უნდა შეეჩვიონ, გააძლიერონ და მხარი დაუჭირონ მათ. მსგავსი მიდგომები ყოველთვის ეხმარება მოსწავლეებს მიაღწიონ მაღალ შედეგებს.
  • დაეხმარეთ მოსწავლეებს, მათ იგრძნონ, რომ ისინი რაღაცას აკეთებენ ძალისხმევით და არა მხოლოდ უნარით. მე ყოველთვის ვცდილობ ჩემი მოსწავლეების პერსონალური იდეები და აღქმები განვიხილო და მხარი დავუჭირო. მოსწავლეს არ უნდა შევუქმნათ იმის წარმოდგენა რომ მისი წარმატება დამოკიდებული იქნება მხოლოდ მის თანდაყოლილ მახასიათებლებზე. აქედან გამომდინარე მართლაც ძნელია შევქმნათ ისეთი მასტიმულირებელი გარემო სადაც თითოეული მოსწავლე შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას. ჩვენ შეგვიძლია საუბარი, აქტივობები ისე დავნერგოთ, რომ მოსწავლეს მოუწიოს გარკვეული ძალისხმევის გამოყენება და არა მხოლოდ მისი თანდაყოლილი უნარ-ჩვევების რეალიზება.
  • მოსწავლეს უნდა სჯეროდეს, რომ ყველას შეუძლია რაღაცის გაკეთება/ ჩვენება. მოსწავლემ ყოველთვის იცის თავისი სტატუსი საკლასო ოთახში: მაგ: ვინ არის ჩემზე უფრო ჭკვიანი და მე ვისზე ჭკვიანი ვარ ? თუმცა საინტერესოა მათი ეს აღქმები რამდენად შეესაბამება რეალობას, მასწავლებელმა ეს უნდა იცოდეს. პედაგოგს  შეუძლია თითოეული მოსწავლის ინტელექტუალური წვლილის იდენტიფიცირება, ამის ფონზე მან უნდა შეძლოს ისეთი აქტივობების, პროცესების, სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც  მოითხოვს მოსწავლეებისგან უნარებისა და შესაძლებლობების ფართო სპექტრის გამოყენებას, რაც მთავარია ამ პროცესებში ჩართული უნდა იყოს ყველა მოსწავლე.
  • მოსწავლეებს მიეცით სწორად შერჩეული დავალებები. სასწავლო ამოცანები ისე უნდა მიეწოდოს მოსწავლეებს და ისე უნდა შემუშავდეს, რომ ის იძლეოდეს კოლაბორაციული მუშაობის შესაძლებლობას, შეიძლებოდეს მისი სხვადასხვა, მრავალფეროვანი პერსპექტივებით ამოხსნა, რომელშიც ჩართული იქნება ყველა მოსწავლე.
  • მოსწავლეებს მიეცით შესაძლებლობა იყვნენე ერთმანეთზე დამოკიდებული და არა მხოლოდ თქვენზე. სასწავლო პროცესში, სადაც მოსწავლეებისთვის ცოდნის მიღების ერთადერთი წყარო არის მხოლოდ მასწავლებელი, უკუკავშირის მიცემა შეუძლია მხოლოდ მასწავლებელს, არ შეიძლება იყოს ეფექტური და გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული. არამედ მნიშვნელოვანია ფოკუსირება მოხდეს კოლაბორაციულ, ერთობლივ სწავლა-სწავლების პროცესზე. მე შემიძლია ერთი და იმავე დროს მაგალითად რვა ჯგუფში ვაწარმოო დისკუსიები სხვადასხვა საკითხებზე, დაისვას სხვადასხვა კითხვები, წარიმართოს მსჯელობა სადაც ყველა იქნება აქტიურად ჩართული და ინფორმაციის გაცვლა მოხდება სხვადასხვა პერსონიდან. თუმცა მსგავსი მიდგომა არ ამართლებს ყოველთვის, ხშირად ამ მეთოდს იყენებენ არასწორად, მასწავლებელს გააზრებული უნდა ჰქონდეს სასწავლო თემის შინაარსი, მოსწავლის წინარე ცოდნა და მისაღწევი მიზნები.
  • კლასის დიზაინი დაგეხმარებათ სასწავლო პროცესი წარმართოთ ეფექტურად. მაგ: როცა მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, მასწავლებელი თავისუფლად გადაადგილდება და ინფორმაციის მიღებასაც ადვილად ახერხებს თითოეული მოსწავლისგან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როცა მასწავლებელი საუბრობს ნაკლებს ვიდრე მოსწავლეები, როცა მასწავლებელი ისმენს უფრო მეტს, საკლასო ოთახში მოძრაობს უფრო მეტს, ეს ხელს უწყობს უკეთ სწავლებას.

გიორგი ლომოური – რეპეტიტორის ფარული კურიკულუმი !

 ……..
…… საქართველოში ფარული კურიკულუმის სოციალური სტრუქტურა არ არის მკაცრად შემოფარგლული. ანუ ნებაზეა მიშვებული. მასწავლებლების ავტორიტეტი დაბალია ფორმალური განათლების სისტემაში, რისი კომპესირებაც ხდება სწორედ არაფორმალური განათლების ფარგლებში. ეს არის ერთ – ერთი მიზეზი, რომელიც ხელს უწყობს ფარული კურიკულუმის ჩამოყალიბებას. …
…… მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ყალიბდება არაფორმალური, არასდანტარტული ურთიერთობა – იწყება “აღებ – მიმცემობა” – მაგ : 10 გაკვეთილი 200 $..  იცვლება სასწავლო გარემო, რესურსი, და შეფასების სისტემაც. ფარული კურიკულუმის არსებობა, თავის მხრივ ხელს უწყობს უთანასწორობას მოსწავლეებს შორის, რადგან ყველა ისეთივე წარმატებით ვერ მონაწილეობს ფარული სწავლა – სწავლების პროცესში, როგორც სხვები, მისი გამტარიანობა ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი. მიზეზი განსხვავებული ფინანსებია !
…… ფარული კურიკულუმის სწავლების შინაარსი ორგანიზებულია ისევ „უფროსების“ მოსაზრებების მიხედვით, თუ რა უნდა იყოს მოსწავლეებისთვის სასარგებლო მომავალში. რეალურად სასწავლო შინაარსი ორიენტირებულია მხოლოდ წარსულის გამოცდილებაზე, მას ისეთივე შინაარსი აქვს როგორიც სასარგებლო იქნებოდა მაგალითად წინა საუკუნეების ადამიანებისთვის… ამიტომ  სკოლადამთავრებულები, აზროვნებენ როგორც წინა საუკუნის ადამიანები …. . გარდა ამისა  ფარული კურიკულუმის ფუნდამენტური მხარე ორიენტირებულია სტერეოტიპული  ღირებულებების  დისტრიბუციაზეც .
….. მასწავლებლების უმეტესი ნაწილი თვლის, რომ  განათლების ძირითადი ფუნქცია არის გაბატონებული კულტურის, ღირებულებების გადაცემა. რამაც თავის მხრივ  ხელი უნდა შეუწყოს   არსებული  ” სოციალური წესრიგის ”  დაცვას ან შენარჩუნებას…  ამგვარად  ფარული კურიკულუმი იდიალური საშუალებაა თაობიდან თაობას გადაეცეს კულტურული ტრადიციები, განსხვავებულობის გათვალისწინების გარეშე.
….. კერძო რეპეტიტორობა არის ასევე ის სფერო, რომელშიც ოჯახები შეიძლება სოციალური ზეწოლის ქვეშ  მოექცნენ. ზოგიერთი მშობელი  იმიტომ უშვებს შვილს კერძო მასწავლებელთან, რომ გრძნობს სოციალურ ზეწოლას : „ თუ ბავშვი კარგად არ სწავლობს სკოლაში და კერძო გაკვეთილებზეც არ დადის, მაშინ ხალხი ამბობს, რომ დედა ან სრულ ჭკუაზე არ არის ან ღარიბია“.
…… როდესაც სასკოლო გამოსაშვები გამოცდები ახლოვდება, მოსწავლეები სკოლებს გამოცდებისთვის მოსამზადებლად,  შესაბამის ადგილად არ თვლიან, რადგან მათ კონკრეტულ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ. ზოგჯერ ეს პროცესი, ისეთ ზღვარს აღწევს, რომ მოსწავლეები სამედიცინო ცნობებისთვის ფულს იხდიან, რათა სკოლაში არ იარონ. განსაკუთრებით სემესტრის იმ დროს, როდესაც მოსწავლეები უმაღლეს სასწავლებლებში შესასვლელ გამოცდებს აბარებენ …
….. იქმნება ტენდენცია, რომ ფარული კურიკულუმი ქმნის ცოდნას, რომელიც მოსწავლემ უნდა მიიღოს დაეჭვების გარეშე, როგორც უკვე ლეგიტიმური ინფორმაცია. საბოლოო ჯამში ფარული კურიკულუმით ხდება იდეოლოგიური შეხედულებების რეპრეზენტირება მოსწავლის განათლებაში.