გიორგი ლომოური – მოკლე მეხსიერების სკოლა

თუ მკითხავენ, რომელი ასოა, ვუპასუხებ “I”,  ხოლო თუ მკითხავენ, რომელი რიცხვია, ვუპასუხებ “ერთი”.                                                                                                                                       როგორც მოსწავლეს არ შემიძლია, ინფორმაციის კარგად გადამუშავება, რომელსაც ვერ ამოვიცნობ, ამიტომ ჩემი ყურადღების მიპყრობა საგნის “ვიზუალზე” უკვე სწავლის ნახევარია ! მას შემდეგ, რაც სასწავლო საგნები/თეორიები  ტრანსფორმირდება მეხსიერებაში გამოსახულებებით, კომბინირებული ხდება ცოდნასთან ხანგრძლივი მეხსიერებით. სკოლაში ნასწავლი არცერთი საგანი, არცერთი თეორია, არცერთი ლექსი, არცერთი ფორმულა, ხანგრძლივად არ რჩება მეხსიერებაში, რადგან რაც უფრო ნაკლებადაა ეს ინფორმაცია ვიზუალურად აღქმული, ან გამოყენებული,  მით უფრო რთულია მისი მოძებნა.  ამიტომ დროს ვკარგავ სკოლაში, იმ ინფორმაციის დაზუთხვით, რომელსაც მომავალში საერთოდ არ გამოვიყენებ !       სკოლაში ნასწავლი ცოდნა, მხოლოდ ეპიზოდური მეხსიერებით ხასიათდება. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩემი მეხსიერება არ ინახავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გავაკეთო ესა თუ ის ქმედება, არ მაქვს პროცედურული მეხსიერება. სკოლაში მასწავლეს გოლფის ბურთს, როგორ უნდა დავარტყა, მაგრამ რეალურად არ ვიცი ამ ბურთს რა უნდა მოვუხერხო.

ინფორმაცია , რომელიც პირველი შესწავლისას არის პრაქტიკული აქტივობით მიღებული, უფრო იოლად ხდება მისი გახსენება, რადგან მეხსიერება მას ინახავს აქტივირებულად საკმარისი დროით. პრაქტიკული აქტივობით სწავლა დამატებით კავშირებს ქმნის არსებულ ცოდნასთან. რაც უფრო მეტად არის ინფორმაციის ერთეულები ასოცირებული სხვა ერთეულებთან,  მით უფრო მეტი საშუალებაა საწყისი ერთეულის მოსაძებნად. მარტივად, რომ ვთქვა, უფრო მეტი “ხელჩასაჭიდი”  მაქვს მიღებული ინფორმაციის  აღსადგენად და გამოსაყენებლად…..

ასეთი პასიური, მოკლე მეხსიერებითი სწავლება კი,  როგორც მას ზოგჯერ უწოდებენ, კარგად მუშაობს ზოგ ბავშვთან გარკვეულ პირობებში და გარკვეული მიზნებით, მაგრამ არა სხვა ბავშვებთან, სხვა პირობებში ან სხვა მიზნებით. სკოლის სტრუქტურა და მისი რუტინული საქმიანობა უფრო მეტად ეფუძნება გარკვეული მოსწავლეების საჭიროებებს და არა ყველა მოსწავლის მოთხოვნილებებს. წინასწარ გამზადებული სცენარით სწავლების გამოყენება შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში, მაგრამ არა ყოველთვის. ასეთ დროს სწავლა-სწავლების პროცესი ემსგავსება მოსწავლეების ზედამხედველობას და არა ცოდნის მიღებაში ხელშეწყობას.

მაგრამ, როგორც მოსწავლე იძულებული ვარ ვისწავლო ის რაც არ მაინტერესებს, რაც არ გამომადგება და რაც არ გამახსნედება მომავალში ! იძულებითი პროტოტიპის მოდელი არის ტრადიციული სკოლა. ჩემი სკოლა უზრუნველყოფს მკაცრ, კონტროლირებულ გარემოს. მიუხედავად იმისა, რომ არავის აინტერესებს რა ხდება სკოლაში, არ მოსწონთ ის რასაც სწავლობენ, მაინც ყველა დადის სკოლაში და ხშირად აკადემიური მოსწრებაც   მაღალია. სამთავრობო პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს, სკოლის ადმინისტრატორებს, სკოლის ეფექტიანობაზე შეზღუდული წარმოდგენა აქვთ. ისინი სკოლის ეფექტიანობას აკადემიურ მოსწრებასთან აიგივებენ !  …

 

 

 

 

 

გიორგი ლომოური – ჯიოვანი პაპინი – გამბედაობის მარში

ჩვენ გვაკლია გამბედაობა. ჩვენ ნაკლებად გაბედულნი ვართ. აუცილებლად საჭიროა გამბედაობა. გამბედაობა. გამბედაობა და უსათუოდ გამბედაობა. თუ გამბედაობა არ კმარა – გაშმაგება. თუ სიშმაგე ცოტაა – თავხედობა. თავხედობა თუ მცირეა – გადარევა. თუ არ კმარა გადარევა – სიკვდილი. აუცილებელია გამბედაობა. საჭიროა აქიმობა გამბედაობით. კარგი რამ არის ისტორია, კულტურა, ტალანტი (მშიშარისათვის), მაგრამ მიქარვაა ყველაფერი გამბედაობასთან.
ვინც ვერ გაბედავს – ვერასოდეს ვერ შექმნის მარადიულს.
ვინც ვერ გაბედავს – ვერასოდეს ვერ შექმნის ახალს.
გაუბედავი ვერასოდეს ვერ მონახავს საკუთარ სახეს.
ვინც ვერ გაბედავს – ვერასოდეს ვერ მოიშორებს წარსულს, ტრადიციებს და მაგალითებს.
ვინც მოკლებულია გამბედაობას – ის უსათუოდ ჩაეფლობა იტალიურ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, ამერიკულ, რუსულ და უმეტესად იტალიურ ნეხვში, რომელიც ანელებს და ამძიმებს წინსვლას და ჰბადებს წინდახედულობას.
გენია არის გამბედაობა.
წარჩინება არის გამბედაობა. ორიგინალობა არის გამბედაობა.
რღვევა არის გამბედაობა.
უნდა გქონდეს გამბედაობა იყო გაუგებარი. უნდა გქონდეს გამბედაობა გახდე სასაცილო და ყბადაღებული. უნდა გქონდეს გამბედაობა არ მოერიდო გამქირდავ მტრობას და მშიშარა მეგობრობას. უნდა გქონდეს გამბედაობა იშოვო ცოტა ფული. უნდა გქონდეს გამბედაობა მიაფურთხო, მიაშარდო, მიარწყიო და მიაოხრო ყველაფერს, რაც საყოველთაოდ პატივსაცემი და საყვარელია. უნდა გქონდეს გამბედაობა იარო გაბახებული და ქვეყნის თვალში გახდე კოტორი, შექანებული და გაიძვერა. უნდა გაბედო შენი თავის წამება და შერცხვენა, რომ უარი უთხრა მრავალ რწმენას და უმეტესობის აღტაცებას.
უნდა გქონდეს გამბედაობა იხტუნო ქალაქის მოედანზე და შუბლი მიაგებო კართოფილებს, ჟურნალისტები რომ თავში მოგაყრიან.
ერთადერთი ხსნა გამბედაობაშია.
გამბედაობაა ერთადერთი წამალი და ერთადერთი საშუალება გამბედაობაა. სიამაყის პირველი ფუძე – გამბედაობაა. გამბედაობაა ერთადერთი დოკუმენტი დიდებისა, უკანასკნელი ცეცხლოვანი წრთობა გამბედაობაშია. სასურველია გამბედაობა. მარადის გამბედაობა. მეტი გამბედაობა. ყოველთვის, ყოველ დღე, ყოველ ჟამს, ყოველ წუთს სულ მეტი და უმაღლესი გამბედაობა.
არაფერი – გარდა გამბედაობისა. გამბედაობა ჩვენთვის და გამბედაობა სხვისთვის, გამბედაობა გუშინზე და გამბედაობა ხვალინდელისათვის. გამბედაობა ცხოვრებაში და გამბედაობა ხელოვნებაში. გამბედაობა დაცინვისა და გამბედაობის ზრახვის წინაშე. გამბედაობა მძლვარების წინაშემ გამბედაობა სიყვარულში.
თვით ჩვენ, გამბედაობას რომ ვქომაგობთ, გამბედაობა რომ ვაღიარეთ ხელოვნების ფუძედ, აზროვნების ღერძად და ვალდებულებად ცხოვრებისა; თვით ჩვენ, რომელთაც სხვაზე მეტი, ყველაზე მეტი გამბედაობა გვაქვს და სხვისი სილაჩრე საკუთარ სირცხვილად მიგვაჩნია, – თვით ჩვენც კი, ვინც საბოლოოდ ამოვძირეთ ყოველგვარი პატივისცემა, მხატვრული დაფასება, ვინაც მოვსპეთ კანონმდებელი ზრდილობა და ამდაგვარი საზოგადო, რელიგიური და სამოქალაქო წესები მოკრძალებისა, – თვით ჩვენც კი არა ვართ საკმარისად გაბედულნი.
ჩვენში ჯერ კიდევ ცოცხალია სირცხვილის ფესვი, პატივისცემა, ოდენი გონიერება და ნიშანი ლაჩრობისა. ჩვენ თვით ვერა ვართ ბოლომდე გაბედული. ჩვენ კიდევ არა გვაქვს მთელი სავალდებულო გამბედაობა. ჩვენ არაერთხელ შევანგრიეთ და ჩავქოლეთ წარსული, ბრბო და ლოღიკა – ეს ჩინური კედლები ევროპული მანდარინიზმისა.
ჩვენში კიდევაა ჩარჩენილი რაღაც გრძნობა წარსულიდან, ოდენი პატივისცემა წარსულისადმი, მცირედი სინანული შესახებ წარულისა და რაღაც სევდა წარსულის გამო. ჩვენში კიდევ ცოცხალია პატივისცემა იმ ხალხისადმი, თეატრებში რომ დადიან და კითხულობენ გაზეთს. ჩვენ კიდევ გვაშინებს პროფესორები, ჟურნალისტები, კრიტიკოსები და ცოტაოდენი მორიდება სეროზული ხალხისადმი ჩვენში მაინცაა დარჩენილი. ჩვენ საბოლოოდ ჯერ კიდევ ვერ დავძლიეთ ნათქვამი შესახებ გონიერების ვალდებულებისა. ვერ გავაქრეთ შიში იმის გამო, რომ უჭკუო ბოდვა სხვისთვის გაუგებარი დარჩება.
ჩვენ ვიცავთ წესებს და ჩვეულ გამოთქმას. ჩვენ საკმარისად ვერ ვაბითურებთ წარსულს, ვერ ვამასხარებთ ღირსეულად უმრავლესობას და ხშირად გვერიდება რიგიანი პანღური ამოვკრათ გონიერებას.
ის ამბავი – რომ ჩვენ ვწერთ – უკვე არის ფაქტი რაღაც ლოღიკური თანმოყოლებისა. ჩვენ დღემდე ვადგავართ ჩვეულით განმტკიცებულ წესს, დავიცავთ პერიოდების წყობას, ფრაზათა სქემას. ჩვენ საუბარში კიდევ ცოცხლობს რაღაც მოციქულისებური კეთილგანწყობილება მქმნელისადმი. მისი დაზოგვა, თავდაჭერა და პატიება.
არა, ძვირფასო მეგობრებო. ჩვენ გაუბედავი ვართ და ჯერ კიდევ გვაკლია გამბედაობა. თვით ჩვენ ჯერ კიდევ მშიშრები ვართ. ჩვენ ცალი ფეხით ისევ ნათქვამისა და ნაკეთების წრეში ვართ და გონიერების ნიშნები კერ კიდევ ჩამჯდარია ჩვენი ტვინის გრეხილებში.
ჩვენ გვაკლია გამბედაობა შეურაცხვყოთ მეტზე მეტად. ჩვენ ვერ ვბედავთ ვიყოთ უფრო უხეში.
ჩვენ გვაკლია გამბედაობა გავხდეთ უფრო გაუგებარი, ჩვენ გვეშინია ვიყოთ უფრო ოხერი, უფრო უმეცარი, უფრო უზრდელი, უფრო საძაგელი და თაღლითი.
ჩვენ არა გვაქვს გამბედაობა გავხდეთ უფრო ღორული, უფრო ბარბაროსი, ველური, უფრო კომიკური და მასხარა.
ჩვენ ვერ ვბედავთ უფრო მეტად გადარევას, ჩვენ გვეშინია ვიყოთ უფრო შეშლილი, უფრო აწყვეტილი, უფრო ჭკუადაწყვეტილი.
არის დღეები, როცა ჩვენ ისეთივე მშიშარა ვართ, როგორც ჩვენ მიერ გასახვეტი ხალხი. ჩვენ ვიცით წუთები, როცა გვეეჭვება ჩვენი თავი, გვეშინია მათსავით, ვინც გვძულს და ვინც გვეზარება.
 ჩვენ დავძლევთ უდრეკელ ცრუმორწმუნეობას მხოლოდ გამბედაობის შემწეობით და ძველ ფორმებს – ფილოსოფიის, ლიტერატურის, მუსიკისას – ჩვენ მოვინელებთ მხოლოდ გამბედაობის ძალით.
მხოლოდ გამბედაობით გამოვწურავთ ჩვენ სისხლიდან კულტურის ყველა შხამს და გამოვდევნით მონობას, მიმბაძველობისა და სათნოების ცოდვას.
თუ გავბედეთ – ჩვენ მოვიშორებთ და საბოლოოდ გავასვენებთ ჩვენს მკვდრებს.
ჩვენ დავფშვნით და გავთელავთ მტერს მხოლოდ გამბედაობით.
ახალ ატმოსფეროს, ახალ ხელოვნებას, ახალ ცხოვრებას ჩვენ შევქმნით მხოლოდ მაშინ, თუ ვიქნებით გაბედული, თუ გვექნება მეტი გამბედაობა. თუ აღვიჭურვებით გამბედაობით, – ვერ დაგვცემს მომავალი და შიში მისი განადგურებისა.
საჭიროა გამბედაობა. დიდი გამბედაობა, უზარმაზარი, უსაშველო გამბედაობა, გამბედაობა მარადის. და მარადის იქითაც უმაღლესი გამბედაობა.
…………………………………………………………………………………….
თარგმანი: ნიკოლო მიწიშვილი
პარიზი. აგვისტო, 1923 წელი.
გაზეთი “რუბიკონი”

გიორგი ლომოური – განათლების იდენტობა დიმიტრი უზნაძის თეორიის პერსპექტივიდან …

განათლების პრობლემების გაგებისთვის მნიშვნელოვანია, განათლებაში იდენტობის საკითხის განსაზღვრა. განათლებაში იდენტობის ფორმირება არის პროცესი, რომელიც მოიცავს “ცოდნის” მნიშვნელობის შექმნას ინდივიდუალურ დონეზე. რაც გულისხმობს ცოდნის ინდივიდუალურ კონსტრუირებას.  განათლების იდენტობა, არის ცოდნის აღიარების ინდივიდუალური გზა, ეს არის პერსონიფიცირებული აღმოჩენები და სწავლის პროცესი. განათლების ეგზისტენციალური თვალსაზრისიდან, იდენტობა დაკავშირებულია მიკუთვნებულობისა და აღიარების ფორმასთან, რაც გულისხმობს მოსწავლის “განვითარებადი მე-ს კონსტრუირებას”.

განათლებაში იდენტობის გაგება დაკავშირებულია მოსწავლის პერსონალური ქცევის პასუხისმგებლობაზე, რასაც საფუძვლად უდევს ცოდნის გააზრებული ტრანსფერი პრაქტიკულ ინტერვენციებში და არა მექანიკურ მოქმედებებში. დიმიტრი უზნაძე აღნიშნულ პრაქტიკას უწოდებს “მიზანშეწონილ გააზრებულ ქცევას”. 

უზნაძის “განწყობის ფსიქოლოგია” შეიძლება შევუსაბამოთ განათლების იდენტობის მნიშვნელობის შექმნას ინდივიდუალურ დონეზე, რაც გულისხმობს განვითარებადი მე-ს კონსტრუირებას, მიზანშეწონილი გააზრებული ქცევის საფუძველზე. უზნაძის განმარტებით „მექანიციზმს/ბიჰევიორიზმს“, რომელზეც დაფუძნებულია ქართული ზოგადი განათლების სისტემა იცავს ე.წ. რეფლექსოლოგია. რომელიც ეწინააღმდეგება მიზანშეწონილი გააზრებული ქცევის კონსტრუირებას.

მოსწავლის ქცევა უნდა იყოს განსაზღვრული მიზეზობრივად, მაგრამ იმავე დროს უნდა ხასიათდებოდეს მიზანშეწონილობითაც. ეს უკანასკნელი კი ეფუძნება ინდივიდის „მოთხოვნილებას“. როცა მოსწავლეს არ აქვს ინდივიდუალური მოთხოვნილება, მისი დამოკიდებულება გარემოსთან არის ინდიფერენტული, თუმცა მაინც აქტიური, ასეთ შემთხვევაში ეს აქტიურობა შეიძლება განპირობებული იყოს სწორედ ბიჰევიორისტული ინსტრუმენტების ზემოქმედებით, რასაც შეიძლება დავარქვათ გარემოსთან მოსწავლის შემთხვევითი დამოკიდებულება. რაშიც გარემო წარმოადგენს შემთხვევით, ინდიფერენტულ სივრცეს.

უზნაძე მოსწავლის “განწყობას/იდენტობას” განმარტავს, როგორც მდგომარეობას, დამოკიდებულებას ქცევის დაწყების წინ. ეს განსაზღვრება მნიშვნელოვანია, რადგან უპირატესობა ენიჭება არა კონკრეტული გარემოს კონტექსტს, რაც ბიჰევიორისტულ მეცნიერებაში ნორმად ითვლება, არამედ სუბიექტს, როგორც მთელს. შესაბამისად მოსწავლის ქცევა უნდა განსაზღვროს მისმა იდენტობამ/განწყობამ და თუ ქცევა წარიმართა ამ იდენტობის შესატყვისად, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი მიზანშეწონილად მიმდინარეობს.

ტოლმენი გვეუბნება, რომ ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების საუკეთესო საზომი მისი უნარია – გონებაში ერთდროულად ატარებდეს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო იდეას და მაინც ინარჩუინებდეს აზროვნების უნარს. სწორედ ამ იდეას განმარტავს უზნაძე, თავის ნაშრომში, როცა აღნიშნავს, რომ მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს მრავალფეროვანი მოთხოვნილებები (და არა ვალდებულებები), მაგრამ ეს მოთხოვნილებები ზოგიერთ შემთხვევაში სრულად ეწინააღმდეგებოდეს ურთიერთს და ერთის დაკმაყოფილება მეორეს საზიანოდ იყოს მიმართული. მაგალითად, როცა გვშია, შეიძლება ეს მოთხოვნილება ადვილად დავიკმაყოფილოთ, თუ მაღაზიიდან მოვიპარავთ პროდუქტს, მაგრამ ეს თავისმხრივ ეწინააღმდეგება ჩვენს მეორე მორალურ მოთხოვნილებას. შესაბამისად ადამინი, როცა ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნილებებიდან, ერთს აყენებს უპირატესად და მისი მიხედვით მოქმედებს, სწორედ ეს არის მისი სწავლის იდენტობა, განწყობა, რაც მიზანშეწონილად ვითარდება. ე.ი. შესაძლო ქცევის ღირებულების გაცნობიერების მიხედვით, სუბიექტს მისი შესრულების თუ შეუსრულებლობის განწყობა უჩნდება და ასე ხდება, რომ სუბიექტი გარკვეულ აქტს მიმართავს.

უზნაძის თეორიის მიხედვით, არასწორია  მტკიცება, იმის შესახებ, რომ სუბიექტის შესწავლის ძირითად საგანს მისი ქცევა უნდა წარმოადგენდეს. ქცევა  ხშირ შემთხვევაში  ინდივიდის “არსებითი” მონაწილეობის გარეშე ხდება, მექნიკურად.  უზნაძე ამ ქცევას „არანამდვილ ქცევას“ უწოდებს, რადგან ის შეიძლება არ იყოს განპირობებული სუბიექტის ნამდვილი მოთხოვნილებით. ამერიკელი ფსიქოლოგი ტოლმენი ასეთ ქცევას უწოდებს “მოლეკულურ” ქცევას, რომელიც არ არის „მორალური“ ქცევა.  ასეთ დროს გადამწყვეტ როლს არა სუბიექტი, არამედ გარემო ასრულებს.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ განათლებაში იდენტობის ცნება შესაძლებლობას იძლევა გავიგოთ, თუ რატომაა, რომ ქცევა მიზანშეწონილია, აზრიანია, ე.ი. ერთსა და იმავე დროს მოსწავლესაც უწევს ანგარიშს და საგნობრივ სინამდვილესაც.

 

„თუ მოსწავლის სხეულის შიგნიდან გამომდინარე მოთხოვნილების იმპულსის ნიადაგზე ხორციელდება ქცევა ან არის ასევე სოციალურ განვითარებაზე მიმართული ის „იდენტურია“, ხოლო თუ სხეულის გარე პერიფერიული ვალდებულება იჩენს თავს, ეს არ არის ნამდვილი ქცვა“. (უზნაძე, 1925).

გიორგი ლომოური – ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასება განათლების პარადიგმის ცვლილების პერსპექტივიდან

მიყევით ლინკს  …

ე.ს.გ. Education

 

გიორგი ლომოური – მორუა სარტრიზე

საფრანგეთი

– რატომ წამოვეგეთ სარტრის ფილოსოფიაზე  ?

– სინამდვილეში კირკეგორის, ჰაიდეგერის, ჰუსერლის ფილოსოფიაზე წამოვეგეთ .  (მორუა)

ეგზისტენციალიზმის თეორიას ორის წყარო აქვს. პირველია კირკეგორი, დანიელი ქრისტიანი. მეორე წყაროა ჰუსერლის ფენომენოლოგია, რომელმაც შეისწავლა თუ როგორ გამოვლინდება შეგნებაში ფაქტები. თანამედროვე “აზრმა” კი ეს ფაქტები გამოამჟღავნა. “შეგნებას” უნარი აქვს მოსწყდეს თავის წარსულს და მომავალში მოახდინოს პროეცირება, იგი თავისუფალია ! მაგრამ ცოდნა გვჭირდება იმისთვის, თუ როგორ გამოვიყენოთ  თავისუფლება. სწორედ ეს არის ეგზისტენციალიზმის ბირთვი.

ვიდრე ჩვენ სხვები გვაყალიბებენ, ვაღიარებთ მათ ფასეულობებს, მაგრამ როგორც კი თვითონ შევიქმნით ფასეულობებს, ღმერთმა ჩვენზე ძალაუფლება უნდა დაკარგოს. იმ შემთხვევაში თუ  ” იგი” იქნება თავისუფალი. —— სარტრი ამბობს, ადამინის თავისუფლება აბსოლუტურია, მაგრამ ეს თავისუფლება იმას არ ნიშნავს, რომ შეგვიძლია გავაკეთოთ ის რაც მოგვეპრიანება. ჩვენ ვარსებობთ და ყოველ მოცემულ სიტუაციაში რაღაც გვინდა. მე არ შემიძლია გავხდე ინგლისის  დედოფალი. ადამიანი თავისი გეგმაა, ანუ ის რადაც უნდა რომ გახდეს. მაგრამ მან საკუთარი თავის გეგმა უნდა ააგოს საკუთარი გარემოებების მიხედვით. თუ საკუთარი გარემოებები არ იქნა მხედველობაში მიღებული, ვერ გავხდებით ის რაც გვინდა. შეუძლია თუ არა ადამიანს არ მიიღოს თავისი სიტუაცია ? დიახ შეუძლია. მას შეუძლია მთელი სისწრაფით გაქანებულ მანქანას გასაჩერებლად ბორბლებში  ჩაუვარდეს, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ სიტუაციას არ იცნობს.

როგორიც არ უნდა იყოს სიტუაცია, არჩევანის თავისუფლება მაინც რჩება ჩვენთვის. მაგალითად – მუშა თავისი პირობებით თავიდანვე არის  ” პირობადებული”, მაგრამ ის თავისი ნებით წყვეტს, თუ როგორი იქნება მისი სოციალური მდგომარეობის აზრი. ხეიბარი თავისი ხეიბრობით არის პირობადებული, მაგრამ მასზეა დამოკიდებული, ეს ხეიბრობა აუტანელი/დამამცირებელი გახდება, თუ პირიქით. — ეს არის თავისუფლების პირველწყარო.

“მე თავად ვირჩევ ჩემს თავს, ჩემი ცხოვრების ყაიდაში და არა ყოფიერებაში.  სარტრი მხდალს იმ ადამინს უწოდებს, რომელიც თავისი ნებით კი არ მოქმედებს, არამედ ჩვეულებად გადაქცეული  პრინციპებისა და ტაბუს პატივსაცემად მოქმედებს. და ვისაც სწამს, რომ ყველაფერს ღმერთი აწესრიგებს “არამზადები” არიან. ვიცხოვრო ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევანი გავაკეთო”.

კირკეგორის თემა სწორედ ეს იყო – საკუთარი თავის შექმნა. კირკეგორი “თავის” შექმნის დროს საკუთარ თავზე იღებს მთელ პასუხისმგებლობას, რადგან არ არსებობს აპრიორულად მოცემული არც ფასეულობები, არც მორალი, არც იდენტობა, ყველაფერი თავად უნდა გადაწყვიტოს, ყოველგვარი საყდენი წერტილის, საწყისი წერტილის გარეშე, ხელმძღვანელობის გარეშე.

სარტრის ფილოსფიაში ვხვდებით ერთ კითხვას – როგორ გადავარჩინოთ სიცოცხლე უაზრობისგან ? მაგ : რა აზრი აქვს რიყის ქვას ?  — არსებობს ვერსიები , მაგალითად : 1) უანგარო მოქმედებით; 2) სრულყოფილი წუთებით; 3) პრუსტის მიხედვით ხელოვნებით; 3) რწმენით; 4) სარტრის მიხედვით ეს პრობლემა “არამზადებს” არაფრად მიაჩნიათ. საუკეთესო შემთხვევაში ეს კითხვა უნდა იწვევდეს ადამიანის  “გულზიდვას”. (იხ. რომანი). სარტრის მიხედვით ერთადერთი ფასეულობა თავისუფლებაა, რაც სიცოცხლეს იხსნის უაზრობისგან. “ნებისმიერ მეშჩან დეიდას, შეუძლია მისწვდეს აბსოლუტს”.

რობერ კანტენი :

” როცა ბატონი სარტრი თავს ანგარიშს აძლევს თავისი ფილოსფიური და პოლიტიკური მოღვაწეობის ქმედითობაზე, ინტელექტუალური კონსტრუქტების შესახებ, გრძნობს თუ არა, რომ ის ფრიად სუსტი, უტოპიურია, გრძნობს თუ არა, რომ ეს ყველაფერი სარკეთა თამაშია ? სარტრიმ თავისი თაობის დიდი ნაწილი ჩაითრია ამაში,  რაც მის სასარგებლოდ ჩაითვლება, რადგან სიტყვები ყველაფერი არ არის, მაგრამ სწორად შერჩეული სიტყვები იხსნიან სიტყვის ავტორს ” .

ანდრე მორუა.

 

გიორგი ლომოური – რა აკანონებს სკოლაში უფლებამოსილებას ?

განათლების ადმინისტრატორის უფლებამოსილებას სკოლაში (საქართველოში) რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: 1) იურიდიული უფლებამოსილება, რომელიც მოდის “ზემოდან”. 2) ტრადიციული უფლებამოსილება, რომელიც მოდის ასევე “ზემოდან”. მაგალითად, მინისტრი ან სკოლის დირექტორი, შეიძლება ფლობდეს უფლებამოსილებას გარკვეულ სიტუაციებში მხოლოდ იმიტომ, რომ ტრადიციულად მინისტრები და დირექტორები ამგვარ სიტუაციებში ყოველთვის ფლობდნენ უფლებამოსილებას. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, როცა მინისტრების უმეტესობა თავისმხრივ, დირექტორების უმეტესობა თავისმხრივ, და მასწავლებლების უმეტესობა თავისმხრივ აკეთებს იმას, რასაც ერთი საფეხურით დაწინაურებული პირი  სთხოვს, რადგან  გრძობენ, რომ “დაწინაურებულ პირებს” მოთხოვნის კანონიერი უფლება აქვთ ყველა სიტუაციაში. ამდენად ისინი თანხმდებიან იმართონ გარკვეული პირის მიერ, რომელსაც  პატივს სცემენ ტრადიციულად და ნდობის ღირსად მიაჩნიათ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ აფასებენ ამ დირექტივების ხარისხს.

რადგან დირექტორების უმეტესობას მინისტრის უფლებამოსილება, ჩვეულებრივ მიაჩნიათ ამ პოზიციის განუყოფელ ნაწილად ყველა სიტუაციაში, ამ უფლებამოსილების ზოგიერთი სპეციფიკური ელემენტი და უფლებამოსილობის ფარგლები შეიძლება საერთოდ არ იყოს განსაზღვრული. ამ სპეციფიკურობის განუსაზღვრელობამ შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ თუ დირექტორებს მხარს არ უჭერენ მათი ზემდგომები, ან პირიქით თუ დირექტორს ეწინააღმდგებიან მასწავლბლები.

უფლებამოსილების სპეციფიკური ელემენტი სხვადასხვაგვარია : მაგალითად მინისტრი თავის განუსაზღვრელ უფლებამოსილებას აფუძნებს მხოლოდ სტატუსს. მასწავლებელი თავის უფლებამოსილებას აფუძნებს მხოლოდ საგნის ცოდნას (რაც არასაკმარისია). როცა კურიკულუმის ექსპერტი საუბრობს სასწავლო პროგრამის რეფორმირებაზე, ამ დროს მასწავლებელი თავს იკავებს ჩაერთოს საუბარში, რადგან სჯერა, რომ მათი უფლებამოსილება არის მხოლოდ მოსწავლეების  სწავლება. თავის მხრივ კურიკულუმის ექსპერტს სჯერა, რომ მთელი უფლებამოსილება და კონტროლი მისგან მოდის, რადგან ტრადიციულად სულ ასე იყო. ამ არასწორმა ტრადიციულმა ვარაუდებმა/შეხედულებებმა შეიძლება შეზღუდოს რეფორმის საჭიროების სწორი მიმართულება, ეს აზიანებს ინოვაციების განხილვას  და შემოდინებას ყველა პროფესიული ჯგუფიდან.

უფლებამოსილება თავის მხრივ არ ნიშნავს  ძალაუფლებას. მაგრამ, როცა ადმინისტრატორი თავის უფლებამოსილების ლეგიტიმურობას ვერ იცავს, მაშინ იყენებს ძალაუფლებას. (მაგ: შაჰინის სკოლის მაგალითი). შესაბამისად არალეგიტიმური უფლებამოსილება ხდება ლეგიტიმური ძალაუფლება.

გიორგი ლომოური – ქართული განათლების სისტემის ისტორიული საწყისი

სამწუხაროდ, ქართული განათლების ისტორიის საწყისი ეტაპის და შესაბამისად, განათლების სისტემის წანამძღვრების ადრეული მახასიათებლების შესახებ ავთენტური ქართული წყაროები არ არსებობს. მათზე მსჯელობა მხოლოდ ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. ბერძენი ისტორიკოსების ჩანაწერები მოწმობს, რომ ანტიკურ საქართველოში გავრცელებული იყო “გიმნასიონები”. სავარაუდოდ ეს “ქართული გიმნასიონები” ათენში არსებული სამი გიმნასიონის – ლიკეონი, აკადემია და კინოსარგოსი – ერთგვარი ანალოგია უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე შეიძლება მოვიაზროთ, რომ ახ.წ  III-IV საუკენეების კოლხეთში, ფაზისის მახლობლად არსებული უმაღლეს რიტორიკულ სკოლას სწორედ ბერძნული ანალოგების მსგავს ინსტიტუტად მოვიაზრებთ. მასზე ერთადერთი  პირდაპირი ცნობა მოიპოვება ბერძენი ფილოსოფოსის თემისტოსის (317) ერთ-ერთ წერილში. ცნობა არ არსებობს თუ რა პროგრამით და რა ენაზე მიმდინარეობდა სწავლება ან ვინ ასწავლიდა. თემისტოსის ცნობიდან ჩანს, რომ  კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა თავისი შინაარსით ძვ. ბერძნული და რომაული რიტორიკული სკოლებისგან ბევრად არ უნდა განსხვავებულიყო.

შემდგომ პერიოდში საგანმანათლებლო როლის შესრულება,  მონასტრებმა შეასრულეს. თუმცა X-XI საუკუნემდე, კონკრეტული სასწავლო დაწესებულების არსებობა არ შეინიშნება. მაშინდელ სამონასტრო სკოლებში საღმრთო წერილს და ეკლესიის მსახურებას ასწავლიდნენ. უმაღლეს სასულიერო სკოლებზე კი წყაროებში ინფორმაცია არ მოიპოვება. ზოგადად ამ ტიპის  სწავლებას საკმაოდ ორგანიზებული და სისტემური ხასიათი ჰქონდა, რომელიც სქოლასტიკური სწავლების მიდგომას ეყრდნობოდა. ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების განხილვა, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ადრეფეოდალურ ხანაში გავრცელებული უნდა ყოფილიყო შინ სწავლა – აღზრდის ინსტიტუტი, რაც ერთგვარ ელიტარულ ხასიათს ატარებდა და მხოლოდ სოციალურ საფეხურზე მაღლა მდგომი მოსახლეობის ფუფუნებას წარმოადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ სწავლება ამ პერიოდში 6-7 წლის ასაკიდან იწყებოდა. ამის შესახებ ცნობას გვაწვდის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტაცია, რომელშიც კონკრეტულადაა დასახელებული სასწავლებლად მიცემულ ყრმათა წლოვანება. სასწავლო პროცესს სპეციალურად მოწვეული მასწავლებლები წარმართავდნენ (რეპეტიტორები). გრიგოლ ხანძთელს უკავშირდება ტაო-კლარჯეთში შექმნილ სამონასტრო კომპელქსებში, საგანმანათლებლო პრცესების ორგანიზება და მოწყობა. აქ ჩამოყალიბდა  ტაო-კლარჯეთის საგანგებო სალიტერატურო სკოლა, რომელმაც შეიმუშავა საკუთარი გრამატიკა, ენა, და მიმართულება. ეს არის ის პირველი შემთხვევა, როცა სახელმწიფო წარმოადგენს საგანმანათლებლო სივრცის უშუალო დამკვეთს და თანამონაწილეს.

სასკოლო განათლება დაწინაურდა მაშინ, როცა ქართველებმა ბიზანტიური განათლების მიღება დაიწყეს.

დავით IV  უკავშირდება ასევე საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავება და მნიშვნელოვანი აქცენტების განსაზღვრა. გელათის აკადემიაზე, რომ არაფერი ვთქვათ, მისი ინიციატივით დამკვიდრდა ქართველების საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნა. XI-XII საუკენეში მიიღო სასწავლო პროცესმა მეტ-ნაკლებად მიზანმიმართული სახე, რასაც გელათის აკადემიის შექმნას უკავშირებენ. იოანე პეტრიწის მიზანი იყო, რომ აკადემიაში დანერგილიყო ბიზანტიური სწავლა სწავლების მიდგომები. სასწავლო კურიკულუმში შედიოდა შემდეგი საგნები  ( ეს კურიკულუმი იყო არა ნაციონალური, არამედ ბიზანტიურ მოდელზე მორგებული – ტრივიუმ- კუადრივიუმის პროგრმა) : ფილოსფია, დიალექტიკა, რიტორიკა, გრამატიკა, არიტმეტიკა, გეომეტრია, ასტროლოგია, მუსიკა, პოეზია, იურისპრუდენცია, მედიცინა.

ამავე პერიოდში უმაღლესი აკადემია შეიქმნა იყალთოშიც. არსენ იყალთოელის მიერ. მკვლევართა ნაწილის აზრით, ამ პერიოდში მეცნიერება განვითარების უმაღლეს საფეხურზე იყო.

XIII საუკენეში მონღოლების შემოსევამ უარყოფითად იმოქმედა საგანმანათლებლო პროცესებზე.

XVII საუკუნიდან სწავლა-სწავლების სისტემა მოიცავდა როგორც სასულიერო ისე საერო განათლებას. შეიძლება ითქვას, რომ ხალხის ინტერესი უფრო საერო განათლებისკენ იყო მიმართული. თეიმურაზ პირველი თავის ნაწარმოებში აღნიშნავს : ” არვის უნდა სახარება, არცა წიგნი მოციქულთაო”. სწავლა – სწავლების პროცესი ამ პერიოდში ისევ ფეოდალთა ოჯახებში ხორციელდებოდა, სამეფო კარზე მეფეთა ოჯების წევრები განათლებას ღებულობდნენ სპეციალური მასწავლებლების საშუალებით. ან თვითგანათლებით.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ პირველი პროგრესული შეხედულებები განათლებაზე   ჰქონდა მეფე-პოეტ არჩილს. რომელიც მიიჩნევდა, რომ სწავლა-განათლება მოსახლეობის ფართო წრეებისთვის უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი, რადგან სწავლა განათლება ერის კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. არჩილს გააზრებული ჰქონდა  განათლების საყოველთაობის პრინციპის საჭიროება, რომელიც თავის მხრივ განათლების სისტემის აგების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენდა. არჩილის შეხედულება სწავლების მეთოდიკის შესახებ არის შემდეგი, რომ მასწავლებელი სწავლა-სწავლების პროცესში ადვილიდან რთულისკენ თანდათანობითი გადასვლის მეთოდით უნდა ხელმძღვანელობდეს – არჩილი : “მცირედ-მცირედის სწავლებით ძნელის საცოდნს გაუადვილდების”. არჩილის შეხედულებები იმ დროისთვის საკმაოდ პროგრესული იყო.

მეორე მნიშვნელოვან სიახლეს კი კათოლიკე მისიონერების მიერ სკოლების დაარსება წარმოადგენს. პირველი კაპუცინები (კათოლიკე ბერები), რომლებმაც აქ სკოლა დააარსეს, თბილისში ჩამოვიდნენ 1662-1663 წლებში. სკოლაში ასწავლიდნენ ქართულ წერა კითხვას, იტალიურს, ლათინურს, გალობას, ანგარიშს. სკოლაში მომზადებული ბავშვებიდან ყველაზე უფრო ნიჭიერებს, 15-20 წლის ასაკში აგზავნიდნენ რომში პროპაგანდის კოლეგიაში სწავლის გასაგრძელებლად.

ვახტანგ VI  და სულხან-საბა ორბელიანი. სულხან-საბა ორბელიანის მიერ შედგენილი ლექსიკონი “სიტყვის კონა”, წარმოადგენდა სასწავლო სახელძღვანელოს. ასევე დიდაქტიკურ-მორალისტურ ხასიათის ნაწარმოებია – “სიბძნე სიცრუისა”. რომელმაც ამ ეტაპზე ორიგინალური იდეები წამოაყენა პედაგოგიკურ აზროვნებაში. მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა ასევე მისი თხზულება “სწავლანი და მოძღვრებანი”.

1711 წელს დაიბეჭდა თბილისის სტამბაში პირველი ქართული  მეთოდური სახელძღვანელო —-” სწავლა თუ ვითარ მართებს მოძღვარსა სწავლება მოწაფისა”.  თბილისის სტამბაში იმ დროს დაიბეჭდა 14 წიგნი – თუმცა 11 სასულიერო ხასიათის – 2 სასწავლო სახელძღვანელო. 1712 წელს გამოიცა შოთა რუსთაველის “ტარიელისტყაოსანი”. ვახუშტი ბაგრატიონმა რუსულიდან თარგმნა მსოფლიო გეოგრაფიის სახელმძღვანელო, რომელსაც 21 ფერადი რუკა დაურთო. ვახტანგ VI შეადგინა ასტრონომია-კოსმოგრაფიის მოკლე კურსი. აგრეთვე წიგნი “ზეთების შეზავებისა და ქიმიის შესახებ”.

ვახტანგ მეექვის შეხედულება იყო, რომ განათლება დეკლარირებული პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო ხალხისთვის.

მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში სახელწიფო სასწავლებლები არსდება, ამდენად სწავლა-სწავლების პროცესი იღებს სისტემურ ხასიათს. თბილისში დაარსდა იოსებ თბილელის  სიონის სკოლა, კალოუბნის, ქაშვეთის, მეტეხის, ანჩისხატისა და ნეკრესის. გაჩნდა საშუალო სასწავლებელი – თბილისის “სემინარია ფილოსოფიისა” – ხელძღვანელი ანტონ კათალიკოსი. 1755 წელს გაიხსნა ანჩისხატის ტაძრის ეზოში “საეპისკოპოსო სახლსა შინა”, მას ხელმძღვანელობდა მეფის დანიშნული რექტორი. ისევე როგორც დღეს, მაშინაც აქტიურ როლს თამაშობდა მღვთელმთავრები სახელმძღვანელოების  ტექსტის განსაზღვრაში.  კურიკულუმი რუსეთის სემინარიის პროგრამის მიხედვით იყო შედგენილი.  სწავლის დასრულების შემდეგ ეწყობოდა საზეიმო გამოცდები, რომელსაც ესწრებოდა მეფე და კათალიკოსი. თბილისის სემინარიებში მდაბიოთა შვილებს არ იღებდნენ.

1758 წელს სკოლა გაიხსნა თელავშიც. თელავის სკოლაში გადიოდნენ ფილოსოფიას. მის ადგილზე მალევე გაიხსნა სემინარია, ამ სემინარიის რექტორი იყო გაიოზ არქიმანდრიტი. სემინარიას აფინასებდა სახელმწიფო. შეიძლება ითქვას, რომ თელავის ეს სემინარია წარმოადგენდა უნივერსიტეტის ტიპის პირველ ქართულ სასწავლებელს საქართველოში.

სახალხო განათლების შემდეგ წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა  იოანე ბაგრატიონის მიერ ქართლ-კახეთის  სახელმწიფოებრივი რეფორმების მიერ  შედგენილი “სჯულდება”. ანუ ეს იყო შეთავაზება იოანე ბაგრატიონის გიორგი III მიმართ, რომ სახელმწიფოს ხარჯზე  გახსნილიყო საერო და სასულიერო სკოლები, წარჩინებული მოქალაქეებისთვის, ასევე დაბალი საზოგადოებისთვის. “სჯულდების” მიხედვით, განათლების დარგის ხელმძღვანელობა სახელმწიფოს საქმე უნდა ყოფილიყო. (სამწუხაროდ ეს ტრადიცია გავაგრძელეთ).”სჯულდების” მიხედვით სახელმწიფომ უნდა შექმნას ადმინისტრაციული დაწესებულებები, როგორც სახელმწიფო მმართველობის აპარატი. “სჯულდებაში” ასევე ერთმანეთისგან გაიმიჯნა სასულიერო და საერო სწავლება. “სჯულდებაში” ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ სკოლის მასწავლებლებს ჯამაგირს  სახელმწიფო უნდა უხდიდეს (ო.ქინქლაძე, 1980).

მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში განხორცილებული საგანმანათლებლო რეფორმები უკავშირდება   ერეკლე II. სწორედ განსაკუთრებულ რეფორმად მიიჩნევენ იოანე ბატონიშვილის “სჯულდებას”. 1801 წელს რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიამ საქართველო სხვადასხვა გამოწვევბის წინაშე დააყენა.  მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან განათლების სისტემის ჩამოყალიბება, რუსული პოლიტიკის კარნახით მიმდინარეობდა. 1802 წელს დაარსდა ორკლასიანი დაწყებითი სასწავლებელი ქართველი თავადაზნაურეის შვილებისთვის. ამ რუსულიფიკატორულ  სასწავლებლებში განსაკუთრებულ საგნად ისწავლებოდა “ზნეობის საწყისები”. 1804 წელს დაწესდა საშუალო და დაწყებითი  სკოლების სამი ძირითადი ტიპი : სამრევლო – ერთკლასიანები ქალაქი/სოფელი – ორკლასიანები და ოთხკლასიანები.

1804 წელს დაარსდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი. ექვსკლასიანი. ეს სასწავლებელი იყო მაღალი წოდების ბავშვებისთვის.

1817 წელს დაარსდა თბილისის სასულიერო სემინარია და ზუსტად 100 წელი იარსება. ამ სასწავლებელს ევალებოდა მასწავლებლების გადამზადება და პროფესიული მომზადება. ეს წარმოადგენდა მასწავლებლების პროფესიული გადამზადების პირველ მცდელობას. ასევე ჰქონდა საერთო საცხოვრებელი ყველა  მოსწავლისთვის.

1818 წლიდან საქართველოში დაიწყეს სასულიერო – სამრევლო სასწავლებლების გახსნა. გორში, თელავში, სიღნაღში, ქუთაისში. ყველა ეს სემინარია ექვემდებარებოდა პეტერბურგის უწმინდეს სინოდს.

1828 წელს დამტკიცდა სასწავლებლების ახალი “წესდება”. სასწავლებლების ნომენკლატურა იგივე რჩებოდა, 1) სამრევლო; 2) სამაზრო; 3) გიმნაზიები.

1830 წელს დაიწყო სამაზრო სასწავლებლების ინტენსიური დაარსება. სამაზრო სასწავლებელი უკვე გამიზნული იყო ყველა ფენისთვის. და მიზნად ისახავდა დაწყებითი განათლების ფართოდ გავრცელებას.

ასევე არსებოდა  ე.წ. ” საშინაო სკოლები”. ფართოვდებოდა ინდივიდუალური სწავლების ფორმებიც. ფაქტიურად ეს იყო არაფორმალური განათლების მიმართულება.

1840 წელს გაიხსნა  “ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი”. ეს იყო დახურული ტიპის სასწავლებელი, მკაცრი წესდებით.

ამ ეტაპისთვის არ მოქმედებს სავალდებულო სწავლების პრინციპი.

1879 წელი – მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარი : “ქართველთა შორის წერა – კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”. ი. ჭავჭავაძემ, დ. ყიფიანმა, ი.გოგებაშვილმა და სხვებმა მიზნად დაისახეს ქართული სკოლის გახსნა.  იაკობ გოგებაშვილი წერდა : ” ამისთანა მაღალმნიშვნელოვანი საზოგადოება ჩვენში ჯერ არ  დაბადებულა, მას დანიშნულებად აქვს ერის განათლება”. ამ საზოგადოებამ პიერველ ეტაპზე სკოლები დააარსა თბილისში, ბათუმში, წინარეხში, თიანეთში, ხელთუბანში, გომარეთში.  საზოგადოებას უფლება ჰქონდა, რომ დაეარსებინა სამკითხველოები, ბიბლიოთეკები, მოეწვია სკოლებისთვის გამოცდილი მასწავლებლები, გამოეცა ქართულ ენაზე საყმაწვილო წიგნები და სახელმძღვანელოები.

საზოგადოებამ შეიმუშავა “განჩინება”, რომლის საფუძველზე სკოლის გახსნა სოფელს უნდა მოეთხოვა. სოფელი სკოლის შენობისთვის გამოყოფდა მიწას, ააშენებდა შენობას და გაიღებდა ყოველწლიურად 350 მანეთს მასწავლებლის შესანახად. წერა – კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას კი უნდა მოეძებნა სკოლებისთვის შესაფერისი მასწავლებელი.

წერა კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პირველი სკოლა გახსნა 1880 წელს თბილისში, სადაც 2 განყოფილება იყო, თითოში 16-16 მოსწავლე, ამათგან 10 გოგონა და 6 ბიჭი.

ვინაიდან  ეს საზოგადოება ხშირად უსახსრობის გამო სკოლის შენახვას ვერ ახეხებდა, გაჩნდა იდეა, რომ აეყვანათ მოხეტიალე მასწავლებელი, რომელიც ივლიდა ადგილიდან ადგილზე და ყველგან გაავცელებდა კითხვასა და წერას. ასევე ფიქრობდნენ დაეარსებინათ მოძრავი სკოლები (მოძრავი კოლექტივი).  სულ გიხსნა 33 სკოლა. მისი პირველი თავმჯდომარე იყო დიმიტრი ყიფიანი.

1883 წელს ასევე შეიქმნა ახალი ტიპის სკოლა, ილია წინამძღვრიშვილის ხელმძღვანელობით, მისი ინიციატივით და ხარჯებით. ეს იყო ე.წ. საავტორო სკოლა, რომელიც წარმოადგენდა ამ პროფილის   ერთადერთ სასწავლებელს ამიერკავკასიაში.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოს : ” დედა ენა” და “ბუნების კარი”. რომელიც გამოიცა 1876 წელს. ასევე შეიქმნა დ.ჩუბინიშვილის  “ქართული ქრესტომათია”, მისივე ქართული ენის გრამატიკა; დ. ბაქრაძის შრომები საქართველოს ისტორიასა და ეთნოგრაფიაში.

გიორგი ლომოური – (ქა) – რთული სკოლის ხარისხი ?!

ფართოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად,  მოსწავლეთა მსგავსი კონტიგენტის პირობებში, სხვადასხვა სკოლა სხვადასხვა დონის წარმატებას აღწევს. ესეიგი ამ სკოლების ხარისხი  განსხვავებულია. წარმოსახვითი ინფორმაციის საფუძველზე კი მშობლები თავიანთი შვილებისათვის კონკრეტულ სკოლებს არჩევენ. ეს სკოლები კი არის ეფექტური, მაგრამ არა ხარისხიანი.

ერთი ცალკე აღებული კრიტერიუმით, როგორიცაა მაგალითად, მოსწავლის აკადემიური მოსწრება ან სკოლის საქმიანობის საერთო შედეგი, სკოლის ხარისხის სრულად ასახვა შეუძლებელია. ამიტომ მნიშვნელობა ენიჭება ხარისხის ყველაზე შესაფერისი და წარმომადგენლობითი ხასიათის ცვლადის შერჩევას. სკოლის ხარისხი უნდა შეფასდეს სტრუქტურულად, ცალკეული ფაზების მიხედვით. მაგალითისთვის გამოვყოთ სამი ფაზა : 1) სკოლის საქმიანობის შედეგი :   აკადემიური მოსწრება  სამუშაოთი დაკმაყოფილების დონე  მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთდამოკიდებულება  მასწავლებელთა მიერ გაცდენილი საათების რაოდენობა…. 2) სკოლის სტრუქტურა და პროცესები :  ⇒ ორგანიზაციული და ინდივიდუალური კულტურის შეთანხმება   მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოტივაციის დონე   სასწავლო ტექნოლოგიების გამოყენება   ლიდერობის ხარისხი  ⇒  სწავლების მეთოდების რელევანტურობა. 3) საწყისი დანახარჯი/ადამიანური და ფინანსური რესურსი :  ⇒ მასწავლებლის/ადმინისტრაციის პროფესიული უნარ-ჩვევები  მშობლების მხარდაჭერა  ბიბლიოთეკის აღჭურვის დონე  ტექნოლოგიების რაოდენობა. ეს არის ის საწყისი და პრაქტიკული კრიტერიუმები, რომელთა გაზომვა შეიძლება .

ზოგადად მიიჩნევენ, რომ სკოლის ხარისხის განსასაზღვრად, ყველაზე სრულყოფილი მიდგომა არის სკოლის შედეგის გაზომვა.  რას ნიშნავს სკოლის შედეგი ? სკოლის საქმიანობის შედეგს, ვზომავთ სამი ძირითადი კრიტერიუმით – 1) აკადემიური მოსწრება; 2) სამუშაოთი დაკმაყოფილების დონე; 3) სკოლის ეფექტიანობის საერთო აღქმა.

აკადემიური მოსწრება 

მიუხედავად იმისა, რომ სკოლების ხარისხს უფრო ხშირად შეისწავლის რაციონალური და არა თეორიული მოსაზრებები, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად. ეს არის ის ინდიკატორი, რომლის მიმართება თუ რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ცოტა რთული განსასაზღვრია. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვა, რთულია იმის გაგება თუ რაზეა  დამოკიდებული მოსწავლეთა აკადემიური მაჩვენებლები.  ზოგადად სკოლები ყოველთვის  მდგრადი ეფექტიანი ორგანიზაციები არ არიან, ვინაიდან არ არსებობს მტკიცე და თანმიმდევრული კავშირი სკოლის რესურსების ცვალებადობასთან და აკადემიური მოსწრების მაჩვენებლების ცვლილებებს შორის. მასწავლებელთა და მოსწავლეთა რაოდენობრივი თანაფარდობა, მასწავლებლის მომზადების დონე, მასწავლებლის მოტივაცია, მასწავლებლის ხელფასი, გამოცდილება, ერთ მოსწავლეზე გაწეული დანახარჯები, ადმინისტრაციული დანახარჯები და სკოლის აღჭურვილობა – ეს ფაქტორები ყოველთვის არ განსაზღვრავს მოსწავლის აკადემიური მაჩვენებლის  ინდექსს.

ის რაც განსაზღვრავს ყოველთვის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების დონეს  არის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლები. ოჯახის გარემოს მახასიათებლებია : კვება, სტრესი, ფიზიკური გარემო, მშობლების განწყობა, მშობლების განათლება და ა.შ. ამიტომ, როგორც ზემოთ ვახსენეთ სკოლები არ არიან მდგრადი ეფექტური ორგანიზაციები, მხოლოდ  მათ მიერ გაწეულ დანახარჯზე არ არის დამოკიდებული მოსწავლის აკადემიური მაჩვენებელი,  შესაბამისად რთული ხდება  სკოლის ხარისხის უარყოფითი შედეგი დავაბრალოთ მხოლოდ სკოლის საქმიანობას.

თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ  სკოლა  ჩაითვლება “ხარისხიანად”, როცა წარმატებას მოსწავლის აკადემიური მოსწრებით მიაღწევს და მნიშვნელობა არ ექნება,  ამ მოსწავლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვა მოსწავლე სწავლის მხრივ იმაზე მეტს მიაღწევს, ვიდრე ეს მისი საწყისი სოციო-ეკონომიკური მახასიათებლებიდან იქნებოდა ნავარაუდები.

სამუშაოთი დაკმაყოფილების დონე 

რატომ გახდა სამუშაოთი დაკმაყოფილების დონე დღესაც ინტერესის საგანი ? გარკვეული გაგებით სამუშაოთი დაკმაყოფილების დონე თანამშრომლებთან კარგი მოპყრობის ინდიკატორიც არის. მასწავლებლების სამუშაოთი დაკმაყოფილების ხარისხის სხვაობა, კონკრეტულ სკოლაში პოტენციური პრობლემის პროგნოზირების საშუალებადაც შეიძლება გამოვიყენოთ.

სამუშაოთი დაკმაყოფილება ნიშნავს ადამიანის მიერ საკუთარი სამუშაოს მოწონების ხარისხს. მაგრამ რა ახდენს გავლენას  ამ ინდიკატორზე ?  1) ორგანიზაციის მახასიათებლები – ცენტრალიზაცია, პროფესიონალიზმი, ხელმძღვანელობის ხარისხი, უკუკავშირი, კულტურა, კომუნიკაცია. 2) დაკისრებული სამუშაოს მახასიათებლები – დამოუკიდებლობის ხარისხი, ხელფასი, შეღავათები/მორალური, სამუშაოს მნიშვნელობა და სირთულე, მრავალფეროვნება. 3) მომუშავის პირადი მახასიათებლები – ასაკი, სქესი, განათლების დონე, მოტივაცია, უნარი, განწყობა. 4) საკუთარი როლის გაურკვევლობა, კონფლიქტი. 5) ასევე ძლიერი კორელაციაა მასწავლებლის სამუშაოთი დაკმაყოფილების ხარისხსა და ისეთ ფაქტორებს შორის, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა, ინფორმირებულობა, დირექტორთან ჰორიზონტალური  ურთიერთობა.

სკოლის ეფექტიანობის საერთო აღქმა 

სკოლის ეფექტიანობის საერთო აღქმაში განიხილება, სკოლის “პროდუქტრის” ხარისხი, ადაპტაციის უნარი და ელასტიურობა. რა არის სკოლის პროდუქტი, რომელსაც გარე დამკვირვებელი შედარებით კრიტიკულად  აფასებს ?  – 1) გაკვეთილი; 2) საზოგადოებრივი პროექტი; 3) სწავლების სტილი; 4) კომუნიკაცია მშობლებთან; 5) მოსწავლის ფიზიკური განვითარება; 6) ხელოვნების პროგრამები; 7) საკლასო/კლასგარეშე აქტივობები და  –   ა.შ.

ფართოდ გავრცელებული  განმარტების თანახმად, სკოლის ხარისხი აჩვენებს თუ რამდენად აკმაყოფილებს ან აჭარბებს, ეს ორგანიზაცია მომხმარებლის მოლოდინს, პირველადი მომხმარებელი არის მოსწავლე.  (ყოველშემთხვევაში მოსწავლე უნდა იყოს). რეალურად სკოლის ხარისხის გასაზომად უნდა გაიზომოს მისი ყველა კომპონენტი და არა მხოლოდ შედეგები ან დანახარჯები.

რეკომენდაცია : 

  1. დაბალი კვალიფიკაციის სამუშაო ძალის შენახვა უვადოდ, აფერხებს ხარისხის გაზრდას.
  2. როცა თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან შესაბამისი ტექნოლოგიებით, მეთოდოლოგიით, საჭირო ტრენინგებით, იწყებენ ზრუნვას სამუშაოს ხარისხზე.
  3. მაღალი ხარისხის კურიკულუმის შემუშავებისთვის აუცილებელია ადმინისტრატორის და მასწავლებლის ერთობლივი თანამშრომლობა.
  4. ანგარიშვალდებულებების შეზღუდვა, ამცირებს იმ ადგილზე ხარისხის ინდექს.
  5. თავისუფალი და უსაფრთხო დაფინანსება.
  6. სკოლის ადმინისტრატორის და მასწავლებლის საქმიანობა მოიცავს მოსწავლეების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და ამ ინფორმაციის გამოყენებას სასწავლო პროგრამების მოდიფიცირების მიზნით.
  7. შედეგებზე ორიენტირებული მართვა ზღუდავს ხარისხის  განვითარებას.
  8. პროცესზე ორიენტიტრბული მართვა ხელს უწყობს ხარისხის განვითარებას.
  9. თითოეული თანამშრომლის ჩაბმა ორგანიზაციის  ტრანსფორმირების პროცესში.
  10. სკოლა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ნაკლებად არის ორიენტირებული ხარისხის ზრდაზე. (მაგ: ქართული სკოლა).

სახელმწიფო  “პარტიული პოლიტიკა” (და არა განათლების პოლიტიკა), არის იმ მიზეზთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც სკოლას უცვლის ფუნქციას და ორგანიზაციის მთავარი მიზანი ხდება, არა ხარისხის ზრდაზე ზრუნვა, არამედ  სახელმწიფო პარტიული პოლიტიკის წარმოება/ფორმულირება. “Policy making/formulation” !

 

 

 

 

გიორგი ლომოური – SHAHIN PRIMARY – SECONDARY SCHOOL…. Zone of indifference……………

ინდივიდის გადაწყვეტილება რაციონალურია, თუ ის შეესაბამება იმ ფასეულობებს, ალტერნატივებს და ინფორმაციას, რომლებიც ამ გადაწყვეტილების მისაღებად უნდა ყოფილიყო გაანალიზებული. ორგანიზაციის გადაწყვეტილება რაციონალურია, თუ ის ორგანიზაციის მიზნებს, ამოცანებს და ინფორმაციას შეესაბამება. ამიტომ, სისტემა  ისე უნდა  იყოს კონსტრუირებული, რომ ინდივიდისთვის რაციონალური გადაწყვეტილება რაციონალური იყოს ორგანიზაციისთვისაც. (მინისტრი / სკოლა)!

როცა ადმინისტრატორი  (მინისტრი)  გადაწყვეტილებას იღებს, ყოველი ნაბიჯი შემდგომი ნაბიჯის ლოგიკური საფუძველი უნდა იყოს. “პოლიტიკა” არის იმ ნაბიჯებს შორის ერთ-ერთი მთავარი  ნაწილი, რომელიც წარმართავს ორგანიზაციების საქმიანობას. ხდება პოლიტიკის არა მხოლოდ ჩამოყალიბება, არამედ მონიტორინგი. ასეთ დროს სკოლის  ზოგადი საკითხები პოლიტიკის საკითხების გარშემო ტრიალებს.

მაგალითად ადმინისტრატორებს  განათლების სფეროში ხშირად უხდებათ  არჩევანის გაკეთება მოსწავლეებსა და მასწავლებლების ინტერესებს შორის. უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეების კეთილდღეობა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ხშირად მასწავლებლების სასარგებლოდ უწევთ. (ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო).

შევთანხმდეთ იმაზე, რომ გადაწყვეტილების მიმღები “ერთსა და იმავე პროცესს (ეთიკა/სამართალი)” გადის რაციონალური დასკვნების გამოტანის ან ირაციონალური გადაწყვეტილებების მიღების დროს. განსხვავება არის მათი შედეგების გააზრება და  ერთისთვის უპირატესობის მინიჭება. მაგ: როცა დირექტორმა მოითხოვა ავტონომიის გაზრდა სასწავლო პროგრამის მასალების შერჩევაში, მინისტრმა ეს როგორც რაციონალურ ნორმად ასევე ადმინისტრაციული უფლებამოსილებებების მორყევის მცდელობად მიიჩნია, და გააზრებული/მოსალოდნელი შედეგის გათვალისწინებით  მეორე ფაქტორის მიხედვით, მიიღო გადაწყვეტილება.

პრობლემა : მაგ : – როცა უამრავ მშობელს სურს, რომ მისმა შვილმა Y სკოლის ნაცვლად X (მათივე) სკოლაში ისწავლოს (მიუხედავად ამ სკოლაში არსებული ხარვეზებისა), სთავაზობენ პრობლემის მოკლევადიან მოგვარებას და X სკოლის ალტერნატივას საერთოდ აუქმებენ. თუმცა შეიძლება პრობლემის გრძელვადიანი თვალსაზრისით განხილვაც/მოგვარება. თუ პრობლემის მოკლევადიან, ამწუთიერ, მსწრაფლს პირობებში მოგვარებას ითხოვენ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურად  სენსიტიურია. რადგან საგანმანათლებლო სივრცეში გონიერი ადმინისტრატორი (მინისტრი),  პრობლემების მოკლევადიან მოგვარებას ყოველთვის ამჯობინებს გრძელვადიანი პრობლემის განსაზღვრას. (იგულისხმება, პრობლემის მიზეზის მოგვარება და არა მხოლოდ შედეგის).  გონიერი ადმინისტრატორის მუდმივი ყურადღების ცენტრშია ის საკითხებიც, რომლებიც პრობლემებად შეიძლება მომავალში გადაიქცნენ. ამ გზით მას შეუძლია ისეთი ქმედების წარმოჩინება, რომელიც პრობლემებს ააცილებს, სკოლაში ჯანსაღ ატმოსფეროს შეინარჩუნებს და მის განვითარებას შეუწყობს ხელს.

პირობითად გამოვყოთ 2 სახის პრობლემა (ორი ჯგუფი) – ზოგადი პრობლემები და უნიკალური პრობლემები. ზოგადი პრობლემების მოგვარება შეიძლება წინასწარ დადგენილი პრინციპებით, წესებით ან პოლიტიკით. ანუ უფრო ხშირი და მსგავსი  პრობლემები წესისამებრ, შაბლონური წესების ინსტრუქციების საშუალებით შეიძლება მოგვარდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემას უკვე ჩამოყალიბებული აქვს ამ პრობლემებთან ბრძოლის მექანიზმები.  თუმცა რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ  ამ პრობლმებს სათანადო ყურადღება არ ექცევა. —- რაც შეეხება უნიკალური სახის პრობლემებს, (შაჰინის ლიცეუმი) – რომელთა გადაწყვეტილების მისაღებად, დადგენილი პროცედურები უკვე საკმარისი არ არის, ასეთ დროს ადმინისტრატორი უპირისპირდება განსაკუთრებულ პრობლემას (პოლიტიკურად სენსიტიურს), რომელზეც ზოგადი პრინციპი ან წესი ადეკვატურ პასუხს არ იძლევა. ასეთ დროს მნიშვნელოვანი ხდება  გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა, ისეთი რაციონალური  გადაწყვეტილება მიიღოს რაზეც პირველ აბზაცში ვისაუბრეთ. (იხ. აბზაცი 1). ადმინისტრატორი უნდა გაფრთხილდეს, რომ არ დაუშვას შემდეგი სახის შეცდომა : ა) ახალი უნიკალური პრობლემისადმი ისეთი მიდგომა, თითქოს ის იყოს კიდევ ერთი ნაცნობი პრობლემა, რომლის მოსაგვარებლად ძველი პროცედურები უნდა გამოიყენოს !

გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს შესრულებას, და ისეთი შემსრულებლების დაკავებას, ვისთვისაც “ბრძანების” მიღება დაეჭვების გარეშე პრობლემა არ იქნება.  გადაწყვეტილების პროცესში ჩართულმა ინდვიდებმა უნდა იცოდნენ თავისი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები ზედმიწევნით. ინდვიდების  კავშირს (ან მაკავშირებელს)  – როგორც ჰორიზონტალურს (ერთმანეთთან) ისე ვერტიკალურს (მთავარ ადმინისტრატორთან) განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. იმისთვის, რომ გადაწყვეტილება წარმატებით განხორციელდეს და ლეგიტიმური გახადონ ამ ინდივიდებმა, ზუსტად უნდა იცოდნენ არამარტო საკუთარი, არამედ კოლეგების ფუნქციები/დამოკიდებულებები ზოგად გეგმასთან მიმართებაში. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ – თუ ხელქვეითები ჩართულნი არიან ისეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რა დროსაც მათი ინტერესიც მარგინალურია ან ეს გადაწყვეტილება მათი ინტერესის ზონის გარეთ ექცევა ან არ ექცევა და უბრალოდ კომპეტენტურობა არ ჰყოფნით გონიერი გადაწყვეტილებისთვის – თავს იჩენს ახალი პრობლემა როგორ უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება- “ერთსულოვნად” თუ ხმათა უმრავლესობით ?

ხშირად სამეცნიერო წრეებში ორგანიზაციებს, რომლებიც ანარქიულად ფუნქციონირებენ ადარებენ “სანაგვე ყუთის” მოდელს. განვმარტოთ : – ადმინისტრატორები (აქ: მინისტრი) – ხშირად დგამენ არაგონივრულ ნაბიჯებს, რადგან აიძულებენ ხოლმე  დაჩქარებულ მოქმედებას, ვიდრე რამეს მოიფიქრებენ. “სანაგვე ყუთის ” მოდელი მიესადაგება ისეთ ორგანიზაციებს, სადაც დიდი გაურკვევლობაა, რომლებსაც ახასიათებთ პრობლემატური  პრეფერენციები, ბუნდოვანი ტექნოლოგიები, არასტაბილური მონაწილეობა. გაურკვევლობა თან ახლავს გადაწყვეტილების მიღების ყოველ ნაბიჯს, მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობების  განსაზღვრა ორგანიზაციის შიგნით პრაქტიკულად შეუძლებელია. პარადოქსი ის არის, რომ ვერცერთი ორგანიზაცია მუდმივად ვერ შეძლებს ასეთ არეულ ვითარებაში არსებობას, სანაგვე ყუთის მოდელი კი ხშირად ხანგრძლივად ფუქნციონირებს “ორგანიზებული ანარქიის” პირობებშიც.

გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ იწყება კონკრეტული პრობლემით და არ მთავრდება მისი მოგვარებით – პირიქით გადაწყვეტილებები არის ორგანიზაციაში მომხდარი მოვლენების დამოუკიდებელი ნაკადების თანხვედრის შედეგი.

პრობლემები და მათი გადაწყვეთა ერთმანეთს ხშირად არ ემთხვევა. პრობლემა – გადაწყვეტა და – მონაწილე – ერთ წერტილში არ იკვეთება.  ………………………………………………………………………………………………………………………………….