პროექტზე დაფუძნებული სწავლების თეორიული საფუძველი – პროექტზე/მაგალითზე დაფუძნებული სწავლების საფუძველი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გამოჩნდა განმანათლებლისა და ფილოსოფოსის ჯონ დიუის ნაშრომებში (1938). მის მიერ დაარსებული ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებული ლაბორატორიული სკოლა სწორედ კვლევის პრინციპებს ეფუძნებოდა. დიუი ამტკიცებდა, რომ ბავშვმა ცოდნა უნდა შეიძინოს „კეთების“ საშუალებით, პრობლემური სიტუაციის კვლევით, სხვადასხვა მაკეტისა თუ სქემის დამზადებით. მისი აზრით, სწავლების ტრადიციული სისტემა ანგარიშს არ უწევდა ბავშვის მოთხოვნილებებსა და განვითარების თავისებურებებს. ჯონ დიუის სწამდა, რომ სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად იქნებიან ჩართულნი ერთობლივი მიზნებისა და ინტერესების თანამშრომლობის გზით განხორციელებაში. აღნიშნულ სწავლების მეთოდიკას ეხმიანება ასევე მარია მონტესორის (1935) პედაგოგიური კონცეფციაც. მონტესორის მიდგომა, პირველ რიგში გულისხმობს ბავშვის თავისუფალ, დამოუკიდებელ ქმედებებს. მოსწავლის განვითარება უფრო ეფექტურია პრაქტიკული აქტივობებით, რადგან განვითარება დაკავშირებულია გარემოსთან, რომელიც იძლევა სტიმულს პროგრესისთვის. მონტესორი თვლიდა, რომ პროექტებით მოსწავლეს შეუძლია სიღრმისეულად შეისწავლოს სხვადასხვა თემა, განივითაროს ემოციური ინტელექტი (EQ) და მოახდინოს ცოდნის კონსტრუირება.
PBL – პროექტზე დაფუძნებული სწავლება : 1990 – იანი წლების დასაწყისში მკვლევარებმა დაიწყეს PBL- ის შესახებ ემპირიული მონაცემების შეგროვება. როცა მოსწავლეებს ბეზრდებათ სწავლა და არ არიან ჩაბმულნი პროცესში, მათი კარგი განათლებისა და სწავლის შანსი მცირდება (Blumenfeld, 1991). კვლევებმა აჩვენეს, რომ თითქმის ყველა მოსწავლეს ბეზრდება სკოლა, მათაც კი ვისაც სტანდარტული ტესტების მიხედვით მაღალი ქულები აქვთ . დაახლოებით მსგავს პოსტულატს აყალიბებს გარდნერი, როცა ამბობს, რომ ის მოსწავლეებიც კი, რომლებიც სკოლას უმაღლეს ქულებზე ამთავრებენ პრობლემები ექმნებათ უმაღლეს სასწავლებლებში, რადგან მათ არ აქვთ ნასწავლი მასალის ღრმა, გააზრებული ცოდნა. პრობლემის მიზეზი არის სწავლების არასწორი სტრუქტურა. მკვლევართა უმეტესი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ მასწავლებლების ინდივიდუალური აქტივობები ყოველთვის არ არის ეფექტური, რადგან საკითხის ერთი კუთხიდან დანახვება ყოველთვის არ აღძრავს ინტერეს მოსწავლეში. მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი პერსპექტივების შეთავაზება ბავშვისთვის, რაც უნდა უზრუნველყოს მასწავლებლების კოლაბორაციულმა თანამშრომლობამ. აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი პოტენციური გზა არის სწორედ PBL – ი, პროექტზე დაფუძნებული სწავლება. განათლების სფეროს სპეციალისტებმა დაიწყეს ახალი ტიპის სასწავლო პროგრამების გამოყენება, რომელთა მიზანი იყო სასწავლო პროცესებში მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი გარემოს გაუმჯობესება. PBL-ი უზრუნველყოფს აღნიშნულ პროცესებს და ორიენტირებულია თანამშრომლობითი პროცესების სტრუქტურირებაზე. პროექტზე დაფუძნებული სწავლება სიტუაციური სწავლების ერთ-ერთი ფორმაა, ამ დროს მასწავლებლები და მოსწავლეები ეცნობიან რეალურ, არსებულ პრობლემებს, ქმნიან ინტერდისციპლინურ ჯგუფებს, განიხილავენ ჰიპოთეზებს და პრაქტიკულად ახორციელებენ ცალკეულ იდეებს.
PBL- ის სტრუქტურა – 1) რეალურ სამყაროსთან კავშირი; 2) პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტა; 3) თანამშრომლობითი სწავლება; 4) მოსწავლეზე ორიენტირება; 5) მრავალმხრივი შეფასება.
PBL – ის ფაზები – ცენტრალური თვისება ამ პედაგოგიური მიდგომის არის მისი დაგეგმვის და განხორციელების მრავალფაზიანი სტრუქტურა, აღნიშნული ითვალისწინებს, რომ სწავლა-სწავლების პროცესი უნდა გასცდეს რუტინულ სასწავლო პროგრამას და ცოდნის შეძენა წარიმართოს თეორიიდან პრაქტიკისკენ. PBL-ის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი :
I ფაზა : მასწავლებლების ინტერდისციპლინური ჯგუფის ჩამოყალიბება. იდეის კონსტრუირება, თემის შერჩევა – თემა შეიძლება შერჩეული იყოს მასწავლებლის ან უშუალოდ კლასის მიერ, მაგ: „გონებრივი იერიშით“. მოსწავლეები იღებენ ახალ მოსაზრებებს, აკავშირებენ ძველ და ახალ ცოდნას და აყალიბებენ წარმმართველ კითხვებს . კითხვები უნდა იყოს რეალური, შესაძლებელი უნდა იყოს მათზე მიღებული პასუხების განხორციელება, არ უნდა შეიცავდეს მზა პასუხებს, ასევე თანხვედრაში უნდა მოდიოდეს სასკოლო სასწავლო თემატიკასთან და უნდა ატარებდეს ეთიკურ ნორმებს, რადგან მასთან დაკავშირებულმა კვლევებმა არ მიაყენოს ზიანი პიროვნებებს, ორგანიზაციებს და გარემოს. შერჩეული თემა მოსწავლეებისგან უნდა ითხოვდეს შემოქმედებითობას.
II ფაზა : სიტუაციური სწავლა/კვლევა – კვლევებმა გვიჩვენეს, რომ სწავლება ყველაზე ეფექტიანია მაშინ, როცა პროცესი მიმდინარეობს რეალურ, ავთენტურ კონტექსტში (Blumenfelsd, 1991). ბლუმენფელდი აღნიშნავს, რომ სიტუაციური სწავლების დადებითი მხარეა ის, რომ მასწავლებელი და მოსწავლე, რომელიც თანამშრომლობს პროექტის ფარგლებში კოლეგებთან, ის ჩართულია არაფორმალური ურთიერთობების პროცესში და მიღებულ გამოცდილებას აკავშირებს რეალურ სიტუაციებს, რაც ხელს უწყობს ცოდნის ხანგრძლივ შენარჩუნებას. ჩამოაყალიბდა სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებს დამოუკიდებლად აწარმოონ კვლევა-ძიება. პირველ ეტაპზე მასწავლებლები მოსწავლეებთან ერთად თანხმდებიან როდის დაიწყება და დასრულდება პროექტი, შემდეგ ყალიბდება სამუშაო გუნდები, გუნდებში არ ხვდება თანაბარი კოგნიტური შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები, ასევე გათვალისწინებულია მათი ინტელექტუალური ტიპი (აუდიალი, ვიზუალი, კინესთეტიკი), რომელიც გარდნერმა (1943) გამოყო და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ადამიანი ფლობს ყველა სახის ინტელექტს, თუმცა სხვადასხვა ხარისხით, აქედან გამომდინარე მოსწავლე უფრო მოტივირებული არის მაშინ, როცა ხდება მისი პერსონალური, უფრო გამოკვეთილი ნიჭის გათვალისწინება. ბოლო ეტაპზე გუნდებს შორის ნაწილდება როლები და განისაზღვრება ის მატერიალური რესურსი, რაც გამოყენებული უნდა იქნას პროექტის მსვლელობის დროს.
III ფაზა : სოციალური ურთიერთობები – პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულია მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი, სკოლის ადმინისტრაცია. თანამშრომლობა ეხმარება მასწავლებლებს და მოსწავლეებს გაიზიარონ ერთმანეთის აზრები სამეცნიერო საკითხებზე, ვინაიდან ისინი ებმებიან სერიოზულ განხილვებში და გამოცდილებას იძენენ უკვე პრაქტიკული აქტივობების პარალელურად.
IV ფაზა : ტექნიკური საშუალებების გამოყენება სწავლების პროცესში – ტექნოლოგიურ საშუალებებს შეუძლიათ საკლასო ოთახის გარდაქმნა ისეთ გარემოდ, სადაც მოსწავლეები აქტიურად შეიძენენ ცოდნას. ედელსონი (2000) ეთანხმება ამ მოსაზრებას და აღწერს იმ მიზეზებს, რის გამოც იყენებენ მასწავლებლები პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს ტექნიკურ საშუალებებს : ა) ისინი თანხვედრაშია სამეცნიერო საქმიანობასთან; ბ) მათ შეუძლიათ მონაცემების წარმოდგენა დინამიურ და ინტერაქტიულ ფორმაში; გ) ისინი ქმნიან მიღება-გადაცემის ფორმიდან მითითების/ინსტრუქციის გამოყენების ფორმაზე გადასვლის უპრეცენდენტო საშუალებებს (Edelson, 2000).
V ფაზა : არტეფაქტების შექმნა – მასწავლებლები უფრო ეფექტიანად ასწავლიან, როცა ისინი მოსწავლეებთან ერთად ქმნიან არტეფაქტებს, საჯარო მატერიალურ მასალებს. მასწავლებლები მოსწავლეებს ხელს უწყობენ, რომ შექმნან კომპიუტერული მოდელები, გადაიღონ ვიდეოფილმები, ააგონ კონსტრუქციები და ა.შ. არტეფაქტები გამოსადეგი რომ გახდეს უნდა პასუხობდეს წარმმართავ კითხვებს და ეხმარებოდეს მოსწავლეს ცოდნის მიღებაში. არტეფაქტების შექმნა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო :
1) ხდება ცოდნის გააზრება, კავშირების დადგენა.
2) მასწავლებელი უკეთ აფასებს მოსწავლის შესაძლებლობებს.
3) მოსწავლის ცოდნა ხდება საჯარო.
PBL – შეფასება – პროექტი ხშირად რამდენიმე სფეროს მოიცავს, როცა იქმნება ინტერდისციპლინური ჯგუფები, აქედან გამომდინარე სამუშაოს შეფასება შეიძლება რამდენიმე პედაგოგს მოუწიოს. შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს არა მარტო აკადემიური კრიტერიუმები, არამედ პროექტში გამოყენებული ყველა ცოდნა და უნარები. მასწავლებელი გეგმავს პროექტის შუალედურ და საბოლოო მონიტორინგს. შუალედური მონიტორინგის დროს ფასდება თუ რამდენად წარმატებით მიმდინარეობს პროექტი და რა შეცდომებს უშვებენ მონაწილეები. მოსწავლე არ ფასდება საერთო კრიტერიუმით, არამედ გათვალისწინებულია ბავშვების ინდივიდუალური მახასიათებლები. იქმნება სპეციალური რუბრიკები, რომლებიც ადაპტირებულია კონკრეტული პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს თითოეული მსწავლელის საჭიროებას. მკვლევართა გარკვეული ნაწილი აღნიშნავს რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალი არის მოსწავლის ავთენტური შეფასება, რაც გულისხმობს მის ფსიქო-მოტორული უნარების შემოწმებას და ემოციური ინტელექტის მონიტორინგს. ენდრიუ მილნერი (2015) ყურადღებას ამახვილებს 21-ე საუკუნის უნარებზე, რომელზეც უნდა იყოს PBL – ის პროექტი ორიენტირებული, ესენია: თანამშრომლობის უნარი, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის უნარი, ელექტრონული ტექნოლოგიების მოხმარების და თვითშეფასების უნარები.
PBL – მასწავლებლის როლი – პროექტზე დაფუძნებული სწავლების განხორციელების დროს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მასწავლებელს, ის ხდება ფასილიტატორი და მოსწავლეს ხელს უწყობს დამოუკიდებლად აწარმოოს კვლევა-ძიება. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა საგნის პედაგოგებმა ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ სასწავლო პროექტები, რადგან ინტერდისციპლინურ აქტივობებში მონაწილეობა მოსწავლეებს ეხმარება ერთი და იმავე საკითხის მრავალი კუთხით დანახვაში. PBL – ის, როგორც პედაგოგიური მიდგომის ერთ-ერთი ცენტრალური თვისება არის მასწავლებლებს და მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება. ინტერდისციპლინური ჯგუფები მნიშვნელობას იძენს, რადგან ხელს უწყობს ინტეგრირებულ სწავლებას, მასწავლებლები აყალიბებენ ინტერდისციპლინურ კურიკულუმებს, მუშაობენ ერთად და პროფესიული გამოცდილების გაზიარების მიზნით ქმნიან არაფორმალურ ურთიერთობებს. (ღირებული სოციალური კაპიტალი).
PBL – კვლევები – 2000 წელს განხორციელდა კვლევა კოლორადოსა და ცინცინატში, რომელიც ეხებოდა PBL-ს, როგორც ეფექტური სწავლა სწავლების მეთოდიკის ინსტრუმენტს. (Thomas and March, 2000).
კვლევის მიზანი იყო შეეფასებინათ PBL – ის ეფექტიანობა, თუ რამდენად უწყობს ხელს მასწავლებლებს და მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას და როგორია მისი გავლენა მოსწავლის აკადემიურ შედეგზე. რამდენიმე სკოლაში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელიც 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, სკოლების გარკვეულ რაოდენობაში სწავლების პროცესი დაიგეგმა PBL – ის ხელმძღვანელობით, ექსპერიმენტულ სკოლებში კი სწავლა-სწავლების პროცესი კვლავ ტრადიციული მეთოდებით გაგრძელდა. კვლევის საწყის ეტაპზე მოხდა სკოლების ორგანიზაციული კულტურის შესწავლა, თანამშრომლობითი ფაქტორის გათვალისწინებით და მოსწავლეების აკადემიური შედეგების იდენტიფიცირება, რომელიც შეადარეს კვლევის დასრულების შედეგად მიღებულ მაჩვენებლებს.
კვლევის შედეგად გამოვლინდა საინტერესო მიგნებები: სკოლებში სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა PBL – ით, შეიცვალა ორგანიზაციული კლიმატი, გაიზარდა მასწავლებლებს შორის თანამშრომლობა და მოსწავლეების აკადემიური შედეგი გახდა დამაკმაყოფილებელი. კოლორადოს უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა საექსპედიციო სასწავლო კურსები, დაიგეგმა პარტნიორული თანამშრომლობები მასწავლებლებს შორის, მხარი დაუჭირეს ინტერდისციპლინურ პროექტებს(Thomas and March, 2000).
ანგარიშში ნათქვამია: დასწრება არის მაღალი ყველა სკოლაში, საშუალო დასწრება კვლევაში მონაწილე ყველა საჯარო სკოლაში 90% -ზე მეტია. მაგალითად, ანგარიშის თანახმად, დასწრება ცინცინატის სკოლებში გაიზარდა 75% – ით, ორი წლის შემდეგ 95% მიაღწია მაჩვენებელმა. (Thomas and March, 2000).
ასევე გამოკითხეს მასწავლებლები, რომელთაც PBL – ით სწავლების შედეგად მიღწეული უნარ-ჩვევები შემდეგნაირად დაალაგეს პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით:
1) პრობლემის გადაჭრის უნარი; 2) თანამშრომლობის უნარი; 3) კრიტიკული აზროვნების უნარი; 4) პასუხისმგებლობის უნარი. (Thomas and March, 2000).
პროექტზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ასევე მასწავლებლის პროფესიული განვითარება, მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების დადგენა და შედეგზე ორიენტირებული კურიკულუმის ორგანიზება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ინტერვენციები, რომელიც დაიგეგმა პროექტზე დაფუძნებული სწავლების მიხედვით. აღნიშნული კვლევის საფუძველზე მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს PBL-ის დადებითი მახასიათებლები. მათ რელევანტურად მიიჩნიეს, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სასწავლო მეთოდი.
პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის ის, რომ მასწავლებელს უწევს ხშირად ცვალოს სასწავლო/საგაკვეთილო გეგმები და მუდმივად ტრანსფორმაციის პროცესში იყოს, რაც ხელს უწყობს მისი ტონუსის ამაღლებას და მოტივაციის მაღალ ხარისხს. საინტერესოა ასევე ისიც, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება მეორემხრივ მოსწავლეებს ასწავლის თუ ზოგადად, როგორ უნდა ისწავლონ, როგორ უნდა შეიმეცნონ რთული საკითხები. მოსწავლეები სწავლობენ თუ როგორ უნდა ისწავლონ. მიმდინარეობს მეტაკოგნიციის პროცესი.
დაგროვდა საკმარისი მტკიცებულებები წლების განმავლობაში, რომ PBL – ი ხელს უწყობს მასწავლებლებს შორის და ასევე მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის განვითარებას. „ პროექტზე დაფუძნებული სწავლება ეფექტური არის მაშინ, როცა მასწავლებლებს შორის, არსებობს მდგრადი თანამშრომლობითი ურთიერთობები“ (Thomas and March, 2000).
P.S.
პროექტზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალი არის მსწავლელის ავთენტური შეფასება. კარგად დაგეგმილი და განხორციელებული პროექტის საბოლოო შედეგი/პროდუქტი მოსწავლემ საჯაროდ უნდა წარუდგინოს ფართო აუდიტორიას. სწორედ აქედან გამომდინარე მასწავლებლები ხშირად სვამენ კითხვას: როგორ შევაფასოთ მოსწავლის პროექტი, არსებობოს რამე სტანდარტი ?
პირველ რიგში, სანამ უშუალოდ შეფასების საკითხზე ვისაუბრებთ, უნდა ვთქვათ, რომ როცა მასწავლებელი დაგეგმავს პროექტულ სწავლებას ის დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ აღნიშნული აქტივობა მოსწავლეს გადასცემს კონკრეტულ ცოდნას და განუვითარებს კონკრეტულ უნარ-ჩვევას. ჩვენ უნდა შევაფასოთ სწორედ ეს კონკრეტული აქტორები. ქვემოთ მოყვანილია რამოდენიმე კრიტერიუმი, რომელიც უზრუნველყოფს პროექტული სწავლების კომპეტენციების შეფასებას.
ავირჩიოთ შეფასების მოქნილი სტანდარტები
PBL – ის ერთ-ერთი მთავარი განზრახვა არის, რომ შევიმუშაოთ მოსწავლეების შეფასების ავთენტური სტანდარტები. მასწავლებლების უმეტესობა ამბობს : „ჩვენ არ გვაქვს დრო, რომ მოსწავლეები შევაფასოთ სიღრმისეულად და მათი ყოეველი წინგადადგმული ან უკან გადადგმული ნაბიჯი ვაკონტროლოთ“.. მართალია დრო არასდროს არ არის საკმარისი, მარგამ თუ სტრუქტურულად შევიმუშავებთ რელევანტურ შეფასების ფორმებს, სტანდარტებს და რუბრიკებს, ისინი ჩვენ დაგვეხმარება ამ კოლაფსის აღმოფხვრაში.
- პირველ რიგში ჩვენ უნდა შევეკითხოთ საკუთარ თავს , რა უნდა შევაფასო ? ქცევა? საბოლოო პროდუქტი? მუშაობის პროცესი? ის უნარი რაც განავითარა ბავშვმა? რას ვაფასებთ ……
- აირჩიეთ 21-ე საუკინის უნარები, ასწავლეთ მოსწავლეებს და შეაფასეთ ისინი ! კოლაბორაციული თანამშრომლობა, კრიტიკული აზროვნება, პრეზენტაციის უნარი, მედია წიგნიერების ფლობა და ა.შ.
- შეაფასეთ ის რასაც ასწავლით მხოლოდ თქვენ !
- ნუ გამოიგონებთ ახალ ველოსოპედს, არსებობს შეფასების რელევანტური რუბრიკები, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ! http://bie.org/objects/cat/rubrics
- გარდა აღნიშნული რუბრიკებისა, ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებელმა მოსწავლე შეაფასოს ვერბალური ნარატივით, ეს უკუკავშირი ხშირ შემთხვევაში უკეთ მოქმედებს მსწავლელის მოტივაციაზე ვიდრე სტანდარტული ფორმატები.
P.S.
R.A.F.T
R.A.F.T.- რაფტი არის PBl – ის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი ინსტრუმენტი.მასწავლებელი ამ ფორმას მიმართავს, მაშინ როცა არ აქვს ხანგრძლივი დრო პროექტისთვის. (3 კვირა, 1 თვე, 2 თვე). რაფტის განხორციელება შეიძლება მხლოდ 45 წუთში.
R.A.F.T. არის საინტერესო სწავლების სტრატეგია, რომელსაც იყენებს ბევრი მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესში. პირველ რიგში მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს რამოდენიმე თემას (T) (topic), მოსწავლეებიც თავისმხრივ არჩევენ მათთვის საინტერესო საკითხს, ამის შემდეგ ისინი ირჩევენ როლებს (R) (role) რომლებიც მათ უნდა განასახიერონ ინდივიდუალურად ან ჯგუფთან ერთად, ეს შეიძლება იყოს ექიმის, მასწავლებლის, პოლიციელის და ა.შ როლები. მოსწავლეები ასევე წინასწარ განსაზღვრავენ იმ აუდიტორიას (A)(audience), ვის წინაშეც უნდა წარადგინონ თავიანთი პროექტი და რაც ყველაზე მთავარია, პროექტის დაგეგმვისას აუცლებლად უნდა ფორმულირდეს ის ძირითადი ფორმატი (F)(format), რომლის მიხედვითაც წარიმართება სასწავლო აქტივობები. ეს შეიძლება იყოს ელექტრონული ინსტრუმენტები, პრეს-რელიზები, წერილები, არტეფაქტები და ა.შ.
P.S.
ZACHARY HERRMANN – ჰარვარდის უნივერსიტეტი, განათლების სკოლის დოქტორი.
თარგმანი: გ.ლომოური
შვიდი მეთოდი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს სწავლაში
მოსწავლეები ძალიან განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან. როგორ შეგვიძლია ჩვენ გავითვალისწინოთ მათი მრავალფეროვანი მახასიათებლები ისე, რომ სწავლა სწავლების პროცესში ყველა მოსწავლე აქტიურად იყოს ჩართული ?
მათი მახასიათებლები :
- მოწყენილი/შეწუხებული
- ჩამორჩენილი
- ვერ იგებს კარგად/ვერ აღიქვავს
- მორცხვი
- არ შეუძლია მშვიდად ჯდომა
- უყვარს საუბარი დისკუსია
- მასწავლებელზე ორიენტირებულია (უნდა თავის გამოჩენა).
მე სიტყვას „welcome”(გამარჯობა), დღეში ასჯერ მაინც ვეუბნები მოსწავლეებს. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული რიტუალიც კი დავაწესე, სანამ კლასში შევალ ვდგავარ კარებთან და ყველა მოსწავლეს ვესალმები და თბილად ვუღიმი. პირველ რიგში მსგავსი პოზიტიური დამოკიდებულება ბავშვებისადმი, ხელს უწყობს მათთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ყოველთვის ვცდილობ, რომ მოსწავლეებმა საუბარში აქტიური მონაწილეობა მიიღონ, დასვან კითხვები და გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულებები სხვადასხვა თემის ირგვლივ, ეს ყოველივე დადებით გავლენას ახდენს ურთიერთობების ფორმირებაზე. მე ასევე მოხარული ვიქნებოდი, რომ ჩემი მოსწავლეების შესახებ უფრო მეტი რამ მცოდნოდა, მაგალითად გუშინ ისინი რითი აღშფოთდნენ, რა მოეწონათ და ა.შ, მაგრამ როცა კლასში 30 მოსწავლე გყავს ეს შეუძლებელია, ძალიან რთულია ყველა ბავშვის შესახებ ამდენი ინფორმაცია იცოდე.
თუმცა ამ სპეციფიური ინფორმაციის გარეშეც გვექმნება გარკვეული წარმოდგენები ჩვენს მოსწავლეებზე, მათ სოციალურ გარემოზე, რომელიც არ მოიცავს მხოლოდ საკლასო სივრცეს. მე ვიცი, რომ ყველა ბავშვი არის კომპლექსური, უნიკალური, მათ აქვთ განსხვავებული საჭიროებები, პრეფერენციები, ინტერესები. და როცა კლასში შევდივარ ყოველთვის ვცდილობ გავცე პასუხი შემდეგ შეკითხვას : იქნება დღევანდელი საკლასო პრაქტიკა ყველა მოსწავლეზე მორგებული ?
ნებისმიერ დროს შესაძლებელია, რომ ჩემს კლასში მოსწავლეების მესამედი მოწყენილი იყოს საგაკვეთილო შინაარსის გამო, მესამედისთვის გაუგებარი იყოს თემა, ზოგიც მიიჩნევდეს რომ უაზრობაა ამ დავალების შესრულება. ასევე ისიც შესაძლებელია, რომ კლასის გარკვეული ნაწილი სიამოვნებას განიცდიდეს ამ დისკუსიებით, ზოგსაც მოსწონდეს ეს ფორმატი, უნდოდეს კითხვის დასმა თუმცა ჰქონდეს იმის კომპლექსი, რომ დიდი ჯგუფების წინაშე ეს მისთვის არაკომფორტულია, ზოგისთვისაც დიდხანს ჯდომა მოსაწყენია, ზოგი კი პირიქით ცდილობდეს ყველაფერი ახსნას კლასის წინაშე და თავი გამოიჩინოს.
ამ ასპექტების გათვალისწინებით, მნიშვნელობას იძენს შემდეგი ფაქტორი : როცა მოსწავლეების განსხვავებულობა, მათი იდენტურობა, მისწარაფებები, პრიორიტეტი ხდება სწავლა-სწავლების პროცესში, უნდა გავითვალისწინო მათი საჭიროებები და ხელი შევუწყო ყველა მსწავლელის შესაძლებლობის რეალიზებას. ჩემი ამოცანა არის , რომ 40 წუთის განმავლობაში 30 მოსწავლის ინდივიდუალური მახასიათებელი და უნარ-ჩვევები ისე შევუთავსო საგაკვეთილო გეგმას, რომ აღნიშნული პროცესი ყველასთვის კომფორტული იყოს და არა მხოლოდ თითოეული მსწავლელისთვის.
მაგრამ ბევრი ჩვენგანი ამ 40 წუთის განმავლობაში ვერ ითვალისწინებს მსგავს პერსონალიზებულ მახასიათებლებს. თუმცა ჩვენი დღის გეგმა/დიზაინი მოითხოვს, რომ სწორედ ისეთი სურათი მივიღოთ, ისეთი მიდგომა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც გაითვალისწინებს შემდეგს : ყველა უსმენს გაკვეთილს, ყველა ხსნის რაღაც მსგავს მარტივ ამოცანას/პრობლემას, მოსწავლეები უსმენენ ერთმანეთის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, და რაც მთავარია საგაკვეთილო პროცესი ორიენტირებულია მსწავლელების საჭიროებებზე.
და რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, როგორ უნდა მართოს საკლასო პროცესები ისე, რომ გაითვალისწინოს თითოეული მოსწავლის ეს საჭიროებები, და მოქნილი გახდეს მისი მიდგომები ?
შვიდი სტრატეგია ამ საჭიროებების მიხედვით
- ხელი შეუწყვეთ პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას მოსწავლეებს შორის. მასწავლებლები თავად აკეთებენ ამას და მათი მოსწავლეებიც ემხრობიან, როდესაც ისინი გარკვეულ დროს გამონახავენ არაფორმალური ურთიერთობებისთვის, რომ უკეთ გაიცნონ ერთმანეთი ეს მათ ეხმარება წარმატების მიღწევაში. განსაკუთრებით იმ მოსწავლეებისთვის არის ეს ყოველივე მნიშვნელოვანი, რომლებიც გარკვეულწილად განიცდიან მარგინალიზებას საზოგადოების მხრიდან და გარიყულები არიან.
- კომუკიცაციის მაღალი დონე, რაც უნდა გამოიწვიოს მასწავლებლის ქმედებებმა. (საუბარი/აქტივობები). მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მასწავლებელი ფოკუსირებულია მკაფიო კომუნიკაციებზე მოსწავლეებს შორის, ასევე მნიშვნელოვანია, რომ განიხილონ ის ფარული მესიჯები, ინფორმაციები რაც მოდის მოსწავლეებისგან, ამოცანის სირთულე მასწავლებელს ავალებს, რომ ისინი მოსწავლეების განსხვავებული ქცევის ტიპებს უნდა შეეჩვიონ, გააძლიერონ და მხარი დაუჭირონ მათ. მსგავსი მიდგომები ყოველთვის ეხმარება მოსწავლეებს მიაღწიონ მაღალ შედეგებს.
- დაეხმარეთ მოსწავლეებს, მათ იგრძნონ, რომ ისინი რაღაცას აკეთებენ ძალისხმევით და არა მხოლოდ უნარით. მე ყოველთვის ვცდილობ ჩემი მოსწავლეების პერსონალური იდეები და აღქმები განვიხილო და მხარი დავუჭირო. მოსწავლეს არ უნდა შევუქმნათ იმის წარმოდგენა რომ მისი წარმატება დამოკიდებული იქნება მხოლოდ მის თანდაყოლილ მახასიათებლებზე. აქედან გამომდინარე მართლაც ძნელია შევქმნათ ისეთი მასტიმულირებელი გარემო სადაც თითოეული მოსწავლე შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას. ჩვენ შეგვიძლია საუბარი, აქტივობები ისე დავნერგოთ, რომ მოსწავლეს მოუწიოს გარკვეული ძალისხმევის გამოყენება და არა მხოლოდ მისი თანდაყოლილი უნარ-ჩვევების რეალიზება.
- მოსწავლეს უნდა სჯეროდეს, რომ ყველას შეუძლია რაღაცის გაკეთება/ ჩვენება. მოსწავლემ ყოველთვის იცის თავისი სტატუსი საკლასო ოთახში: მაგ: ვინ არის ჩემზე უფრო ჭკვიანი და მე ვისზე ჭკვიანი ვარ ? თუმცა საინტერესოა მათი ეს აღქმები რამდენად შეესაბამება რეალობას, მასწავლებელმა ეს უნდა იცოდეს. პედაგოგს შეუძლია თითოეული მოსწავლის ინტელექტუალური წვლილის იდენტიფიცირება, ამის ფონზე მან უნდა შეძლოს ისეთი აქტივობების, პროცესების, სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც მოითხოვს მოსწავლეებისგან უნარებისა და შესაძლებლობების ფართო სპექტრის გამოყენებას, რაც მთავარია ამ პროცესებში ჩართული უნდა იყოს ყველა მოსწავლე.
- მოსწავლეებს მიეცით სწორად შერჩეული დავალებები. სასწავლო ამოცანები ისე უნდა მიეწოდოს მოსწავლეებს და ისე უნდა შემუშავდეს, რომ ის იძლეოდეს კოლაბორაციული მუშაობის შესაძლებლობას, შეიძლებოდეს მისი სხვადასხვა, მრავალფეროვანი პერსპექტივებით ამოხსნა, რომელშიც ჩართული იქნება ყველა მოსწავლე.
- მოსწავლეებს მიეცით შესაძლებლობა იყვნენე ერთმანეთზე დამოკიდებული და არა მხოლოდ თქვენზე. სასწავლო პროცესში, სადაც მოსწავლეებისთვის ცოდნის მიღების ერთადერთი წყარო არის მხოლოდ მასწავლებელი, უკუკავშირის მიცემა შეუძლია მხოლოდ მასწავლებელს, არ შეიძლება იყოს ეფექტური და გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული. არამედ მნიშვნელოვანია ფოკუსირება მოხდეს კოლაბორაციულ, ერთობლივ სწავლა-სწავლების პროცესზე. მე შემიძლია ერთი და იმავე დროს მაგალითად რვა ჯგუფში ვაწარმოო დისკუსიები სხვადასხვა საკითხებზე, დაისვას სხვადასხვა კითხვები, წარიმართოს მსჯელობა სადაც ყველა იქნება აქტიურად ჩართული და ინფორმაციის გაცვლა მოხდება სხვადასხვა პერსონიდან. თუმცა მსგავსი მიდგომა არ ამართლებს ყოველთვის, ხშირად ამ მეთოდს იყენებენ არასწორად, მასწავლებელს გააზრებული უნდა ჰქონდეს სასწავლო თემის შინაარსი, მოსწავლის წინარე ცოდნა და მისაღწევი მიზნები.
- კლასის დიზაინი დაგეხმარებათ სასწავლო პროცესი წარმართოთ ეფექტურად. მაგ: როცა მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, მასწავლებელი თავისუფლად გადაადგილდება და ინფორმაციის მიღებასაც ადვილად ახერხებს თითოეული მოსწავლისგან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როცა მასწავლებელი საუბრობს ნაკლებს ვიდრე მოსწავლეები, როცა მასწავლებელი ისმენს უფრო მეტს, საკლასო ოთახში მოძრაობს უფრო მეტს, ეს ხელს უწყობს უკეთ სწავლებას.