საქართველოში არსებობს ოთხი რეგიონი, სადაც კომპაქტურად დასახლებულია განსხვავებული ეთნიკური ჯგუფები. ეს რეგიონებია : აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ქვემო ქართლი, სამცხე ჯავახეთი. აღნიშნული ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში აუცილებელია ინტერკულტურული განათლების დანერგვა. ინტერკულტურული განათლება თავისმხრივ გულისხმობს კულტურული ეგოიზმის მინიმუმამდე დაყვანას, რაც ხელს უწყობს ინდივიდებს შორის განსხვავებული ღირებულებების განვითარებას.
პრობლემა მდგომარეობს შემდეგში : ეთნიკური უმცირესობების წევრები ვერ ახერხებენ დომინანტი კულტურის წარმომადგენლებთან ინტეგრირებას და პირიქით, დომინანტი კულტურის წარმომადგენლები ვერ ამყარებენ კომუნიკაციას ეთნიკური უმცირესობის წევრებთან. პრობლემა ასევე ვრცელდება მასწავლებლების დიდ ნაწილზეც. მის გამომწვევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად კი განიხილება სტერეოტიპული დამოკიდებულებები, რომლის მიხედვით “უცხო კულტურის წარმომადგენელი არის საშიში”.
პრობლემის გამომწვევ მიზეზთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეროვნულ სასწავლო გეგმას. მართალია ინტერკულტურული კომპეტენციების ასპექტები გათვალისწინებულია სხვადასხვა საგნობრივ გეგმებში, მაგრამ კრიტიკას ვერ უძლებს ის ფაქტორი, რომ ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარება აღიქმევა მხოლოდ არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეების საჭიროებად. ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტერკულტურული ასპექტების ცოდნა, დაყვანილია მხოლოდ თეორიებისა და წესების დონეზე, არ არის გათვალისწინებული ის აქტივობები, რამაც უნდა უზრუნველყოს დომინანტი კულტურის წარმომადგენელსა და ეთნიკური უმცირესობის წევრს შორის ინტერკულტურული ინტერაქცია.
მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ინტერკულტურული განათლება ეხება ყველა მოსწავლეს, იმიგრანტი იქნება თუ ადგილობრივი უმრავლესობის წარმომადგენელი. სწორად უნდა იქნას აღქმული, რომ ინტერკულტურულობა წარმოადგენს არა უთანასწორობის კომპენსაციის საშუალებას, არამედ მისი მიზანია თანასწორობის სწავლება თანასწორუფლებიან გარემოში.
სკოლის დონეზე ინტერკულტურული განათლების პრობლემები ხშირად უკავშირდება სახელმძღვანელოებს. სახელმძღვანელოები მთლიანად ორიენტირებულია მხოლოდ დომინანტი კულტურის წარმომადგენლებზე, მეთოდურად და შინაარსობლივად გაუმართავია, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ავტორთა და გამომცემლობის ჩართულობით. განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების გრიფირებისას უნდა ითვალისწინებდეს, ეთნიკურ, სოციალურ, რელიგიურ, რასობრივ ფაქტორებს. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ უნდა განისაზღვროს ავტორების ინტერკულტურული მახასიათებლები, რადგან მოსწავლეებს სწორედ არასწორად შედგენილი სახელმძღვანელოდან უყალიბდება სტერეოტიპები, რაც წარმოადგენს გადამეტებულ განზოგადებას ადამიანების, ჯგუფების შესახებ, რომელიც ეფუძნება მცდარ ინფორმაციას და არა ფაქტებს.
კრიტიკის საგანია ასევე ფიზიკური ნიშნის მიხედვით მოსწავლეების შეფასება და სეგრეგაცია. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები არიან იზოლირებული და უხდებათ განათლების დამოუკიდებლად მიღება. არასწორი დამოკიდებულებების, ღირებულებების დროს ძნელი ხდება ინკლუზიური განათლების მიტანა თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემდე. კრიტიკა ეხება ასევე კლასგარეშე აქტივობების ორგანიზებას, მაშინ როცა მხოლოდ დომინანტი კულტურის წარმომადგენლების ინტერესებია გათვალისწინებული (აქტივობები გულისხმობს მხოლოდ ქართული ეკლესია-მონასტრების მონახულებას და ა.შ.) ეს თავის მხრივ ხდება დისკომფორტის საბაბი განსხვავებული რელიგიური მრწამსის წარმომადგენლებისთვის.
პრობლემა არის ასევე მასწავლებლების კომპეტენცია და დამოკიდებულებები ინტერკულტურული განათლებისადმი. მასწავლებლების ინტერკულტურული მგრძნობელობა ეთნიკური ჯგუფებისადმი ძალიან დაბალია, თუმცა ამავდროულად ფიქრობენ, რომ “საქართველოს სიმდიდრე მისი ეთნიკური მრავალფეროვნებაა”. მასწავლებლებს შორის ფიქსირდება სელექციული ტოლეტანტობა და არაერთგვაროვანი შეხედულებები, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებს შორის არაჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
როცა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე საუბრობენ განათლების ადმინისტრატორები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ეხება მასწავლებლების გადამზადებას, მაგრამ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოსავალი ეს არ არის, რადგან ძალიან ძნელია ინდივიდისთვის საბაზისო ღირებულებების შეცვლა. შესაბამისად მნიშვნელოვანი როლი უნდა მიენიჭოს პროფესიაში ახალგაზრდა კადრების შემოსვლას, თანამედროვე ღირებულებებით და კომპეტენციებით. დღეს მასწავლებელს უნდა შეეძლოს, მოსწავლეების სულ უფრო და უფრო განსხვავებული ჯგუფებისთვის ცოდნის გადაცემა, მასწავლებლის პროფესიული საქმიანობა შესაბამისი უნდა იყოს მისი საზოგადოებრივი როლის, ფუნქციების და მოვალეობების.
